თავდაცვის სამინისტროს განცხადება

თავდაცვის სამინისტროს განცხადება

2013 წელს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის სულ 11 დიარეას ფაქტი დაფიქსირდა. ამ შემთხვევების შედეგად 91 სამხედრო გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში სრულყოფილი დიაგნოსტირებისა და დინამიკაში დაკვირვების მიზნით.

ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 248-ე მუხლის I ნაწილით.

ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დასადგენად ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში დადგინდა სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეა - ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

გარდა აღნიშნული 11 შემთხვევისა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რიგი თანამდებობის პირების მიერ, თავდაცვის სამინისტროს ნაწილებში ინფრასტრუქტურის სფეროში გამოვლენილ და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევების ფაქტზე.

ყველა ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით გაერთიანდა ერთ სისხლის სამართლის საქმედ.

იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ობიექტების დისლოკაციის, სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ კრებსითი მონაცემების და თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებული სხვა სახის ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, მითითებული საქმის მასალების ნაწილს, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საგამოძიებო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. მიუხედავად აღნიშნულისა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო, შესაძლებლად მიიჩნევდა იმ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც არ დაარღვევდა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონს და ხელს არ შეუშლიდა გამოძიების მიმდინარეობას.

საზოგადოებაში სისტემატურად ვრცელდებოდა მცდარი ინფორმაცია სამხედრო მოსამსახურეთა მოწამლულთა რიცხოვნობის და დაავადების შესახებ. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე თავდაცვის სამინისტროს მიერ, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დაცვით, რომელიც ხელს არ შეუშლიდა გამოძიების მიმდინარეობას.

მ/წ 10 ოქტომბერს საჯაროდ გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია თითქოსდა ორასამდე სამხედრო მოსამსახურე იყო საკვებით მოწამლული. სინამდვილეში, მხოლოდ 7 სამხედრო მოსამსახურეზე დადასტურდა მსუბუქი ინფექციური წარმოშობის დიარეა და გასტროენტერიტი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღეს, თავდაცვის მინისტრის მიერ საჯაროდ, მასმედიასთან გაკეთებულ იქნა ზუსტი და ამომწურავი განცხადება საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.
ანალოგიური შემთხვევა, რომელიც 11 ივნისს მე-3 ბრიგადაში დაფიქსირდა, როდესაც 11 სამხედრო მოსამსახურეს დაუდგინდა სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეა, საზოგადოებას მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია კანონის ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული, მოკვლევის დაწყებისთანავე თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შესაბამის პასუხისმგებელ მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ ზომების გატარების შესახებ, კერძოდ: არასწორი ლოგისტიკური დაგეგმვისა და შესყიდვების გამო, J-4/8 ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ზვიად შანავა გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ დათუკიშვილი ჩამოშორებულ იქნა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას ,,საჯარო სამსახურის კანონის“ 91 მუხლის I და II პუნქტის თანახმად და მის მიმართ გატარებულ იქნა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები.

სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით, ბოლო პერიოდში გატარდა ფუნდამენტური ცვლილებები. უახლოეს პერიოდში დასრულდება 11 ახალი სასადილოს მშენებლობა და რემონტი. თავდაცვის სამინისტრომ სრულად განაახლა სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებისათვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი და ტექნიკა. უმაღლესი ხარისხის ინვენტარი შეძენილია ასევე, საველე პირობებში შეიარაღებული ძალების კვებით მომსახურებისათვის. (სწორედ საველე პირობებში კვება იყო ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პრობლემა. სათანადო ინვენტარის არქონის გამო ხდებოდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც უმეტეს შემთხვევაში, სწორედ საველე პირობებში იჩენდა თავს დიარეის შემთხვევები).

აღსანიშნავია, რომ სამინისტრო მჭიდროდ და ინტენსიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეიარაღებულ ძალებში არსებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით. შ.პ.ს. "ქართული კვების კომპანიას" შექმნილი აქვს შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებულია საქართველოში მოქმედი ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია.

აღნიშნული ჯგუფის სამუშაო შეხვედრა 27 აგვისტოს "ქორთიარდ მარიოტში" შედგა.

მ/წ 6 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შ.პ.ს. "ქართული კვების კომპანიასთან" ერთად მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ კრწანისის სასწავლო ცენტრში, სადაც თავად დააგემოვნეს საკვები და გაეცნენ ჯარისკაცების საცხოვრებელ პირობებს. აღნიშნულ პროცესებში აქტიურად ჩართული არიან მედიის წარმომადგენლებიც.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებს", ეს მათი მხრიდან არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავრცელებენ გადაუმოწმებელ და დაუზუსტებელ ინფორმაციას. ერთ-ერთი მსგავსი ფაქტი იყო 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ წამოყენებული უსაფუძვლო ბრალდებები, კერძოდ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ:

- ჯარში მასობრივად იყო გავრცელებული ჩუტყვავილა, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ ჯარისკაცებს, ჩუტყვავილას მაგივრად, სხვა, არასწორი ვაქცინაცია ჩაუტარდათ;

- სამხედრო პოლიცია კუდ-ის და სოდ-ის ყოფილი თანამშრომლებით კომპლექტდებოდა და

- სამინისტრომ რეაგირების გარეშე დატოვა სენაკის ბაზაზე სამხედროების მოწამვლის ფაქტი.
რეალურად - იმ პერიოდში ჩუტყვავილა 1 ჯარისკაცს ჰქონდა. ვაქცინაცია კი ჩუტყვავილაზე საერთოდ არ კეთდება, რადგან ეს დაავადება არ შედის აცრების ეროვნულ კალენდარში;

- სამხედრო პოლიციის 1269 თანამშრომლიდან კუდ-სა და სოდ-ში მუშაობის გამოცდილება მხოლოდ 25 ჰქონდა;

- სენაკის ინციდენტის შემდეგ კვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ. გარდა ამისა, გენერალურმა ინსპექციამ და სამხედრო პოლიციამ იმავე დღეს დაიწყეს ფაქტის გამოძიება.

„ახალგაზრდა ადვოკატებს“ თავდაცვის სამინისტრომ მომენტალურად გასცა პასუხი ჩვენს ვებგვერდზე

http://www.mod.gov.ge/index.php?newsid=2226.

ასევე, თავდაცვის უწყებაში სხვადასხვა დროს შემოსულია "ახალგაზრდა ადვოკატთა" წერილები, რომელთაც დროულად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაეცა პასუხი.

თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს თავდაცვის სისტემით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხელი შეუწყოს მათ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დაზუსტებაში და საჭიროების შემთხვევაში, გაითვალისწინოს მათი შენიშვნები და რეკომენდაციები გამოვლენილი პრობლემების დროულად და ეფექტიანად გადაჭრასთან დაკავშირებით.

- See more at: http://www.mod.gov.ge/?newsid=2390#sthash.Qzh4Woum.dpuf