"ივანიშვილს უნდა, დონ კორლეონესავით მართოს კულუარებიდან ქვეყანა"

"ტერმინ კოაბიტაციას ფრანგულ სამართალში აქვს თავისი ვიწრო მნიშვნელობა და გულისხმობს იმ ვითარებას, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი წარმოადგენენ განსხვავებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. სამართლებრივი თვალსაზრისით საქართველოში ეს მდგომარეობა აღარ იქნება, პრეზიდენტიცა და პრემიერ-მინისტრიც იქნებიან ორივე ქოცები და ფრანგული ინტეპრეტაციით კოაბიტაცია აღარ იქნება, მაგრამ ქართველი ხალხი რასაც გულისხმობს კოაბიტაციაში - რომ ნაციონალები არ ისჯებიან და უდანაშაულოების რეაბილიტაცია არ ხდება, ეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სრული სვლით", - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კახა კუკავა: "ივანიშვილი და სააკაშვილი ერთი და იგივე ფილოსოფიის მატარებელი ადამიანები არიან".

"ჩვენ ამაზე მოვისმინეთ ივანიშვილისგან მკაფიო განცხადებები, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი საქართველოში დასრულებულია - ეს არის ივანიშვილის სამართალი და მალე გააცნობიერებს ხალხი, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი, ეს ერთი და იგივე ფილოსოფიის მატარებელი ხალხია, უბრალოდ, სააკაშვილი 9 წელიწადს მართავდა ქვეყანას და ბევრი ბოროტების ჩადენა მოასწრო. ივანიშვილი ჯერ ახალია და იმდენი მოასწრო, რაც სააკაშვილმა 2004 წელს. სააკაშვილიც ხომ არ გვეჩვენებოდა 2004 წელს პირსისხლიან ჯალათად. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებს და სამართლებრივ სახელმწიფოს ააშენებს, ეს შეიძლება მხოლოდ სულელმა დაიჯეროს. რეალურად კი ამისი არანაირი წინაპირობა არ არსებობს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

"პირიქით, ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ წავა უფრო ნეგატიური პროცესები, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება მიიღებს დამატებით მანდატს. ბუნებრივია, თუ ხელისუფლება მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, ისინი ყველაფერ იმას, რასაც ჯერჯერობით ზეპირად აცხადებენ, პრაქტიკაში განახორციელებენ - ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვას, გეიაღლუმების უკვე ოფიციალურ დონეზე სახელმწიფო მხარდაჭერას, სამართლიანობის აღდგენის შესახებ ყველანაირი საუბრის შეწყვეტას, გია ხუხაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის დაწინაურებას, სრულ კაპიტულაციას საოკუპაციო ხაზზე - აი, ამას უნდა ველოდოთ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება იმის შანსი, რომ ქვეყანამ თავი დააღწიოს კრიზისს. თუმცა მხოლოდ არჩევნები საკმარისი არ არის, აუცილებელია ფართო საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყება, ერის გამოფხიზლება, რათა ერი მიხვდეს, რომ ერთი განგსტერის წინააღმდეგ მეორე განგსტერის მხარდაჭერა, ეს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზა არ არის. ეს არის სიცილიური მაფიის ფორმირების გზა. არ შეიძლება ჩვენ ველოსიპედი გამოვიგონოთ: ჩვენ ვიცით წარმატებული ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპაში, მათ მოახერხეს წარმატებული რეფორმების გატარება დემოკრატიული ხელისუფლების არჩევის გზით და არა ოლიგარქების სათავეში დასმით. მერე, როგორც არქიფოს ელოდებოდა ხალხი, ისე ქართველი ერი უნდა ელოდოს: არქიფომ თქვა, ოც წელიწადში ყველაფერი კარგად იქნება და ველოდოთ ჩვენც, არქიფო ოცი წლის მერე როგორ საქართველოს ააშენებს. ეს არ არის ევროპული გზა. ეს არის ქართველი ერისთვის უკადრისი გზა, ჩამორჩენილობის გზა, ეს გზა არის შეურაცხმყოფელი", - მიიჩნევს კახა კუკავა.

"რაც შეეხება მომავალ პრემიერ-მინისტრს - ამას არანარი აზრი არ აქვს და არ მაინტერესებს, ვინ იქნება. თავად დანიშვნის ფორმა ბევრად უფრო საინტერესოა. ივანიშვილი საუბრობდა, რომ ევროპას გააოცებს, ისეთი დემოკრატია იქნება საქართველოში. ნამდვილად შეიძლება თქვას, რომ ივანიშვილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ევროპული დემოკრატია და ალასანია, უსუფაშვილი და მისი გუნდის ყველა წევრი არიან უბრალოდ უღირსი და უპატიოსნო ადამიანები, რომ ამაზე დუმან. ეს არის ქართველი ერისთვის სახეში შეფურთხება: XXI საუკუნეში პრემიერ-მინისტრის დანიშვნის ასეთი წესი, როგორც საშობაო საჩუქრებს ნახულობენ ბავშვები ნაძვის ხის ძირში, აი, ასე დაგვხდებათ პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, მინისტრებო და დეპუტატებო, პრემიერ-მინისტრის გვარი ერთი კვირის შემდეგომ", - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი და შეკითხვას - "როგორ ხედავთ ივანიშვილის როლს საზოგადოებრივ სექტორში?" - პასუხობს:

"მე ვფიქრობ, მას პირადად შეექმნება ძალიან დიდი პრობლემები და რაც მას უნდა, რომ დონ კორლეონესავით მართოს კულუარებიდან სახელმწიფო - ასეთი რაღაცები ხდება კრიმინალურ სამყაროში, ასეთი რაღაცები ხშირად ხდება ბიზნესში, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი მოდელი არ არსებობს, რომ არაოფიციალური სტატუსის პირმა რომ მართოს ქვეყანა. მე არ ვიცი რომელიმე მაგალითი, არც თანამედროვე მსოფლიოში და არც ისტორიიდან, რომ მოახერხოს ადამიანმა და კულუარებიდან მართოს ქვეყანა. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ექვს-შვიდ თვეში დამთავრდება სერიოზული კრიზისით, რასაც მოჰყვება ივანიშვილის ნარჩენებისგან საქართველოს მთავრობის საკადრო წმენდა. ყველაზე უფრო ცუდი, რაც მოჰყვება ივანიშვილის გადადგომას, იქნება ძალაუფლებისთვის ბრძოლა და არასტაბილურობა საქართველოში. ვინც მას უნდა, რომ მორიგი პლასტელინი დატოვოს პრემიერ-მინისტრად, ის იქნება ქვეყანაში დესტაბილიზაციის ფაქტორი და ექვს თვეზე მეტხანს ვერ გაატანს".