"მიშა ისე შფოთავს, ძალიან ახლობლებიც ერიდებიან. ამ ბოლო დროს ხან ვინ შემოელანძღა და შემოელახა, ხან ვინ. მიშას ბოლოს მსხვერპლი თბილისი მერი გიგი უგულავა აღმოჩნდა, რომელსაც ძალიან ცუდ საქმეს ედავებოდა კვირადარჩენილი პრეზიდენტი - "ნაციონალური ობშიაკიდან" ფულის "მოტეხვას", თანაც ძალიან დიდი ფულის - ამის შესახებ "ალიას" ინფორმაცია კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით დიდი ცემა-ტყეპა ავლაბრის რეზიდენციაში / "საღამოს მიშა მაგრად რომ გამომთვრალა, ბარნოვისთვის უბრძანებია, სასწრაფოდ გიგი უგულავა გამოცხადდეს ჩემთანო... აი, მერე მოხდა, რაც მოხდა!"
"დავით კეზერაშვილის საფრანგეთში დაპატიმრების შემდეგ სააკაშვილმა საბოლოოდ დაკარგა წონასწორობა. კეზერაშვილი აკონტროლებდა "ნაცმოძრაობის" მიერ ბიუჯეტიდან და უცხოური დახმარებებიდან "მოტეხილი" ფულის დიდ ნაწილს - რამდენიმე მილიარდ დოლარს. მხოლოდ მან და ზურაბ ადეიშვილმა იციან რომელ ოფშორულ ზონაში, რომელი კომპანიის ან ვის პირად ანგარიშზე ინახებოდა ეს უზარმაზარი თანხები. კეზერაშვილს ასევე ებარა ამ ფულით ნაყიდი ოქროს ზოდები, რომელიც შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში აქვთ გადამალული "ნაციონალებს". დავით კეზერაშვილი, როგორც ნაღდი მაფიოზების წესია, "ნაცმოძრაობის" ვიწრო, მმართველი ჯგუფის ქონების განმკარგავი იყო, მათ შორის სააკაშვილის ქონების დიდი ნაწილისაც. ამიტომ მისმა დაჭერამ არა მხოლოდ სააკაშვილს დასცა ბნედა - სხვებიც ვერ მოსულან ჯერ გონზე. თუ კეზერაშვილი გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს, მას ციხიდან არავინ დაანებებს ოფშორული ანგარიშების განკარგვას. საქართველოს პროკურატურამ იცის ამ ოფშორული კომპანიებისა თუ კერძო ანგარიშების არსებობის შესახებ, იცის ამ ანგარიშებზეა დალექილი ქვეყნის ბიუჯეტიდან მოპარული მილიარდები, გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს და თუ საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილი ხელში ჩაიგდო, დიდი შანსია, მან გათქვას ამ ფულის ადგილსამყოფელი და ხელისუფლებამ სამართლებრივი გზით შეძლოს მისი დაბრუნება", - აღნიშნავს გამოცემა.
"იმის დადასტურება, რომ ეს ქონება ბიუჯეტიდან არის მოპარული, გამოძიებას არ გაუჭირდება - ამის უამრავი დოკუმენტური მტკიცებულება და მრავალი მოწმე არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ნაცლიდერებსა" და მათ მამამთავარ სააკაშვილს უმნიშვნელოვანესი ფინანსური არხები გადაეკეტებათ. 16 სექტემბერი - კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავების დღე მიშას გლოვის დღედ ჰქონდა გამოცხადებული. დილით მიშასთან "ნაცების" ბელადები შეიკრიბნენ, ივიშვიშეს და დაიშალნენ. შუადღის შემდეგ კი სააკაშვილს ისედაც მოჟამული ხასიათი წახდენია, გიგა ბოკერიასა და გიორგი ბარამიძის გარდა ახლოს არავინ მიუკარებია, თურმე მთელი დღე იჯდა და ვისკის წრუპავდა. საღამოს, მაგრად რომ გამომთვრალა, ბარნოვისთვის უბრძანებია - სასწრაფოდ გიგი უგულავა გამოცხადდეს ჩემთანო, უგულავაც მყისვე მისულა ავლაბრის რეზიდენციაში. დილით შეკრებაზე კი იყო უგულავა, მაგრამ მიშა მაშინ ცალკე არ დლაპარაკებია. გიგის თურმე დიდად არ გახარებია მაღალთან ხელახლა ხლება: ვინ ვინ და უგულავამ კარგად იცის მთვრალი მიშას შარიანი ხასიათი..." - დასძენს გამოცემა.
"სანამ კეზერაშვილს დაიჭერდნენ, მას სააკაშვილისთვის უცნობებია, რომ "ნაცების" ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის ანგარიშიდან ერთი მილიარდი დოლარი იყო გამქრალი. ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია OBLINOTON INVEST CORP გიგი უგულავას ქვისლის, გიორგი ღონიაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. ამ კომპანიის ანგარიშებზე ინახებოდა თბილისის მერიის ბიუჯეტიდან "მოტეხილი" თანხები, ეს პროცესი წლების მანძილზე გრძელდებოდა - მერიის ტენდერებიდან, აუქციონებიდან, მერიას დაქვემდებარებული იურიდიული პირებისგან შემოსული უზარმაზარი თანხები, საბოლოოდ პანამაში, ამ კომპანიის ანგარიშებზე იყრიდა თავს და რეალურად ამ კომპანიას გიგი უგულავა განკარგავდა. კეზერაშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ კომპანიიდან 1 მლრდ დოლარი ასევე ოფშორებზე დარეგისტრირებულ 20-მდე ფირმის სახელზე იყო გადარიცხული. როგორ შეიტყო ეს კეზერაშვილმა უცნობია, მაგრამ სააკაშვილი ამ ამბავზე რომ გადარეულა, ეს ნაღდია. სააკაშვილი და კეზერაშვილი შეთანხმებულად, რომ ამის შესახებ გიგი უგულავას ჯერ არაფერს ეტყოდნენ და ერთად დაელაპარაკებოდნენ. რადგან კეზერაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდიოდა, მიშას უთქვამს, მე ჩამოვალ ევროპაში, გიგისაც ჩამოვათრევ და ერთად გავარკვიოთ ამ მილიარდის გზა-კვალიო. კეზერაშვილი დაიჭირეს და მიშამაც გადაწყვიტა მოეკითხა გიგისთვის მოსაკითხი", - წერს სტატიის ავტორი.
"პრეზიდენტის კაბინეტში ლაპარაკი დიდხანს არ გაგრძელებულა. მიშას უკითხავს, - სად გაქრა პანამიდან 1 მილიარდი, რატომ გადარიცხე ეგ ფულის სხვადასხვა ფირმების ანგარიშზეო? გიგის ენა ჩავარდნია, არ ეგონა, ასე მოკლე დროში ანდა საერთოდ მის გარეშე ამ ამბავს თუ გაიგებდა. რაღაც კი წაულუღლუღებია, მაგრამ მიშას მრავალსართულიანი გინება მოუყოლებია - 1 საათში მე რომელ კომპანიასაც გეტყვი, იმ კომპანიის ანგარიშზე იყოს ის მილიარდი გადარიცხულიო. გიგის უთქვამს, ეგ ფული სხვადასხვა ფირმების ანგარიშზე სპეციალურად გადავრიცხე, ასე უფრო საიმედოდ იქნებოდა დაცულიო - არ უარყო, რომ მისი მითითებით გადაირიცხა სხვადასხვა ბანკებში. სააკაშვილს არ მოსწონებია უგულავას პასუხი - შენ ფულის მოტეხვა გინდოდა გინდოდა, საპრეზიდენტო ვადა გამდის, ყველა ნელ-ნელა მეცლებით და ვირთხებივით გარბიხართ. მათხოვარი იყავი, კაცად მე გაქციე და ახლა ფულსაც "მიტეხავ", ჩემი ფულით აპირება ხელშეუხებლობის გარანტიების მოპოვებას და საქმის კურსშიც არ მაყენებო. უგულავა ამაზე გამწარებულა, ვინ არის შენი მათხოვარი, რაც შემეძლო ყველაფერი გაგიკეთე, შენ გამო შეიძლება ციხეში ჩამსვან და კიდევ უმადური ხარო", - განაგრძობს სტატიიის ავტორი.
"ამ დროს გიგის ხმისთვის საგრძნობლად აუწევია. ამის მერე მიშა დასაბმელი გამხდარა, გიგისთვის მკვდარი და ცოცხალი არ დაუტოვებია, იმდენი უგინებია, წამომხტარა და ერთი მაგარი მუშტი ჩაურტყამს სავარძელში მოკალათებული უგულავასთვის, მერე ვისკის ბოთლიც უსვრის, მაგრამ აუცილებია. გიგა ბოლერია და გიორგი ბარამიძე აკავებდნენ მიშას, მაგრამ თავს ძალას არ ატანდნენ - ახლა ჩვენ არ შემოგვიბრუნდეს და არ გვაგინოსო. ბოკერიას ბარნოვისთვის დაურეკავს, სასწრაფოდ მოდი, ეგებ მოიფიქრო რამე და გავაჩეროთ როგორმეო. ბარნოვი რომ შესულა კაბინეტში, მიშას მისთვისაც შეუკურთხებია - შენ ვისრა დაჰკარგვიხარ, მართლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ხომ არ გგონია შენი თავიო, დაახვიე აქედანო, მაგრამ ანდროს მაინც იყოჩაღია და პრეზიდენტის დაცვის წევრებისთვის დაუძახებია. ამ ხალხს მიშა თავის პოლიტიკოს თანაგუნდელებზე მეტად აფასებს, მათი ხათრიც აქვს და კიდეც დამორჩილებია, უგულავაზე აღარ გაუწევია. მოკლედ, დავიდარაბა იმით დასრულდა, რომ მიშამ გიგის მოკლე დროს მისცა მილიარდის უკან დასაბრუნებლად - ფულს თუ არ დააბრუნებ, გაგანადგურებო", - დასძენს სტატიის ავტორი.