ევროვიზიის პოლიტიკური

ევროვიზიის პოლიტიკური "ნოტები" და მთავარი კითხვა: რატომ ამღერეს ქართველ ბავშვებს სიმღერა, რომელსაც გამარჯვების შანსი არ ჰქონდა?!

უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ქართული სოციალური ქსელები სრულიად დაიპყრო საბავშვო „ევროვიზია“-2023-ის საკონკურსო ციებ-ცხელებამ - სწორედ ამ დღეებში, 24 ნოემბერს დაიწყო თითოეული ქვეყნის და მათ შორის - საქართველოს რჩეული კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა ონლაინ, შემდეგ შეწყდა და კონცერტის დასრულებისთანავე, მხოლოდ 15 წუთით შეეძლოთ გულშემატკივრებს ონლაინ კვლავ მიეცათ ხმა თავიანთი რჩეულებისთვის.

წელს საბავშვო ევროვიზია 2023 საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მოეწყო და მისი მთავარი სლოგანი Heroes ანუ „გმირები“ იყო.

„ევროვიზიის“ კონკურსის წინა დღეს საერთაშორისო ჟიურიმ კონკურსის მონაწილეებს მოუსმინა და ქულებითაც შეაფასა, თუმცა ეს ქულები მხოლოდ კონცერტის შემდეგ უნდა გამოცხადებულიყო, ამ ქულებს დაემატებოდა გულშემატკივრების ონლაინ მიცემული ხმები და გამარჯვებულებსაც სცენაზევე გამოაცხადებდნენ.

საქართველოს რჩეული ამჯერად სამი უნიჭიერესი ბავშვი იყო - ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი, რომლებმაც კარგა ხანია, ქართველი გულშემატკივრის დიდი სიყვარული დაიმსახურეს. ეს სამეული - ანასტასია&რანინა კარგა ხანია, საქართველოს რჩეულია და ძალიან გვეიმედებოდა, ვიცოდით, ეს ბავშვები ღირსეულად წარადგენდნენ საქართველოს საერთაშორისო მაყურებლისა და ჟიურის წინაშე.

ქართულმა სამეულმა კონკურსზე შეასრულა სიმღერა - Over The Sky, რომელიც ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს. მომღერლებს სცენაზე ანტურაჟს მოცეკვავეები – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია უკეთებდნენ.

საკონკურსო სიმღერა Over The Sky თავიდან ბოლომდე პირველად სწორედ „ევროვიზიის“ ეთერში მოვისმინე, მანამდე მხოლოდ პატარა სარეკლამო ნაწყვეტით ვიცოდი. სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიბენი, რადგან ეს ორენოვანი სიმღერა აშკარად გაურკვეველი მომეჩვენა - ხელოვნურად შეკოწიწებული, არადა ჩვენმა საუკეთესო ბავშვებმა ეს "შეკოწიწებულიც" და ხელოვნურად გართულებულიც კი შესანიშნავად შეასრულეს. მთელ კონცერტს მოვუსმინე და ჩვენი სამეულის ულამაზესი ბგერები და ქართული ჰარმონია მართლაც გამოირჩეოდა იქაური შემსრულებლების ბგერებისგან. განსხვავებით რამდენიმე მონაწილის დეტონაციებით ნამღერისგან, ჩვენს ბავშვებს მცირედი დეტონაციაც არ ჰქონიათ, თავისუფლად იდგნენ სცენაზე და ლაღად მღეროდნენ. ანასტასია, ოთო და ნიკოლოზი მართლაც გამორჩეულები და უსაყვარლესები არიან... მაგრამ...

ზოგადად, წლებია, „ევროვიზიის“ არც საბავშვო და არც ზრდასრული ასაკობრივი ჯგუფის კონკურსს არ ვუყურებ, ოდესღაც რამდენჯერმე ვნახე და - ვერ მოვიხიბლე. ზოგადად, თუ ლამაზი განათებებით გაბრჭყვიალებულ სცენას არ გავითვალისწინებთ, ჩემი აზრით, ეს საერთაშორისო კონკურსი არცთუ მაღალი დონისაა და კიდევ... მასში, ნებით თუ უნებლიედ, მეტ-ნაკლებად მაინც არის გარეული პოლიტიკა. ეს ჩემი შეხედულებაა და ცხადია, აუცილებელი არ არის, სხვებმაც გაიზიარონ, თუმცა ცუდი ის არის, რომ გუშინდელმა კონკურსმა ეს შეხედულება კიდევ უფრო განმიმტკიცა.

მართლაც ძალიან გავბრაზდი - უპირველესად იმიტომ, რომ წკრიალა ხმებისა და შესანიშნავი სმენის ანასტასიას, ნიკოლოზს და ოთოს ასეთი სიმღერა არ უნდა შეესრულებინათ - ბავშვებიც ცოდონი იყვნენ და გულწრფელად მიკვირს, მაინც რა კარგად იმღერეს! დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადეს მის დამწერს, ე.წ. კომპოზიტორს (არადა, კარგი კომპოზიტორების სიმცირეს, საბედნიეროდ, არ განვიცდით საქართველოში). საინტერესოა, გაურკვეველი ორენოვანი ტექსტის იდეა ვისი იყო და ზოგადად - ვინ ჩაიბარა, ვინ დაადასტურა საევროვიზიო საკონკურსო ტექსტი და მუსიკა?! წესით, ადრე ამგვარ თემას სამხატვრო საბჭო განიხილავდა ხოლმე, სხვაგვარად სიმღერა დღის სინათლეს ვერ იხილავდა - და ასე იქმნებოდა შედევრები!

შეიძლება ვინმე შემომედავოს, სიმღერების შეფასებას თავი დაანებე და სტატიებს მიხედეო, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ და ვიცი, რასაც ვამბობ!

მუსიკაც კარგად მესმის, ლექსიც და სიმღერაც, რადგან წლების განმავლობაში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" რადიოს პირველ არხზე ვმუშაობდი და რადიოს საყმაწვილო საავტორო გადაცემა „აბლაბუდაში“ მე და ჩემმა მეგობრებმა 1992 წელს საქართველოში პირველებმა დავიწყეთ ბავშვთა ქართული სიმღერის ჰიტ-აღლუმი. ამის შემდეგ, 8 წელიწადის განმავლობაში, 1996-2004 წლებში თავად ვატარებდით საქართველოს მასშტაბით და "საზოგადოებრივი რადიოს" სახელით ბავშვთა ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალს „გაზაფხულის ზარებს“, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში დავდიოდით და შესანიშნავი ბავშვები აღმოვაჩინეთ, მათი დიდი ნაწილი დღეს ქართულ სცენას ამშვენებს!

რაც შეეხება „ევროვიზიას“ და პოლიტიკას, გავოცდი და, სიმართლე გითხრათ, მეწყინა და გამაბრაზა კიდეც, როდესაც ჩვენმა, თითქოს, მეგობარმა ქვეყნებმა თითო ქულაც ვერ გაიმეტეს ქართველი შემსრულებლებისთვის. კიდევ ვამბობ, ნაწილობრივ ეს ბავშვების საკონკურსო ე.წ. სიმღერის დამსახურებაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სხვა შემსრულებლებს, რამდენიმეს გარდა, გამორჩეულად გემოვნებიანი ან რთული სიმღერები ჰქონდათ, თანაც ბევრმა დეტონაციებითაც იმღერა.

გარდა ამისა, პირველად თვალში მომხვდა, რომ წამყვანმა, რომელიც კონცერტის განმავლობაში, შიგადაშიგ, ფაქტობრივად, ყველა მონაწილეს ესაუბრებოდა, ქართველი ბავშვებისთვის ვერ მოიცალა;

მეორე გულისტკენა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან მივიღე, არ დავმალავ და, განსაკუთრებით უკრაინამ გამაოცა - უკრაინელმა ჟიურის წევრმა, ოდითგანვე საქართველოს მეგობარი ერის, უკრაინის წარმომადგენელმა, იმ უკრაინის, რომელიც ლამის ჩვენს სამშობლოს გავუტოლეთ გულშემატკივრობითა და სიყვარულით, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში გულში ჩავიხუტეთ, რამდენს აქედან ვეფერებით და, შეძლებისდაგვარად მხარს ვუჭერთ, რამდენი ქართველი დღესაც უკრაინაშია და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, რამდენი კიდევ - დაგვეღუპა... ქულაც კი ვერ გაიმეტა საქართველოსთვის! თუ არა პოლიტიკა, რომელიც ამ ორი ქვეყნის ხელისუფლებების წყალობით დაიძაბა, რატომ ერთი ქულაც კი არ დაუწერა ჩვენს ბავშვებს ჟიურის უკრაინელმა წევრმა? ბავშვებმა, მოქალაქეებმა რა დაუშავეს?! ისე უკრაინამ პოლონეთსაც არ მისცა ხმა, არადა, პოლონეთმა იმდენი უკრაინელი მიიღო, შეიფარა, სამუშაოც მისცა და იარაღიც...

არ დავმალავ და, უკრაინა ჩემთვის ძალიან ძვირფასია, იქ უახლოესი ადამიანები მყავს, უკრაინელები, მათი მეჯვარე ვარ და ორი პატარა გოგონას ნათლია და ვინმე უკრაინელი ჟიურის წევრის გამო უკრაინელებს ერთ ქვაბში არც მოვხარშავ, მაგრამ... არც მხოლოდ უკრაინელი ჟიურის წევრი მოქცეულა ასე რადიკალურად - კიდევ რამდენიმე ქვეყანამ არ მოგვცა ქულა.

მოდი, მეტად აღარ ჩავუღრმავდები, ადამიანები სხვადასხვანაირები არიან - იმ უკრაინელს თუ სხვა ეროვნებისას არ უნდოდა და არ მოგვცა ქულა. არა უშავს, მთავარია, არაჩვეულებრივი, საყვარელი, წკრიალა ხმების მქონე ბავშვები გვყავს და თავის გზას აუცილებლად იპოვიან.

გარდა იმისა, რომ სწორედ იმ მიზეზით, რაც „ევროვიზიას“ პოლიტიკასთან აკავშირებს, წლების განმავლობაში დიდად არ ვინტერესდებოდი ევროვიზიით და მხოლოდ მააინ ვუყურებდი, თუ ძალიან გამორჩეული კონკურსანტი გვყავდა საგულშემატკივრო. ჩვენი შესანიშნავი სამეულის სიყვარულით კი თვალი არ მომიცილებია ეკრანისთვის და ღრმად მწამს, რომ ბავშვებს არ უნდა აზარალებდეს მთავრობების ერთმანეთთან კეკლუცი ან შერკინება, მთავრობების გუნება-განწყობით არ უნდა უწერდნენ მათ ქულებს სიმღერაში, ცეკვაში, სპორტში და ა.შ.

ამიტომ, ვიდრე ეს, ჩემი აზრით, პოლიტიზირებული „ევროვიზია“ ჩაატარებს მუსიკალურ კონკურსს, არც არასდროს ვუყურებ!

ინფორმაციისთვის: საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთის წარმომადგენელი ზოი კლუზიო (Zoé Clauzure) გახდა.

მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველომ მე-14 ადგილი დაიკავა.

ქართველმა შემსრულებლებმა ქულები შემდეგი ქვეყნების ჟიურის წევრებისგან მიიღეს: ესპანეთისგან – 5 ქულა, ირლანდიისგან – 3 ქულა, სომხეთისგან – 4 ქულა, პორტუგალიისგან – 5 ქულა, იტალიისგან – 3 ქულა, გერმანიისგან - 1 ქულა. ონლაინხმებით საქართველომ 53 ქულა მიიღო. საბოლოოდ, საქართველომ 74 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა.