2024 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების მნიშვნელოვან ზრდას გულისხმობს. სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. როგორც ჩანს, საარჩევნო წელს პედაგოგებისკენ განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესებაზე და ამ მიმართულებით არსებულ სიახლებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარეობს ცრუ, დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2024 წლის სექტემბრამდე არ გეგმავს მასწავლებლებისთვის ანაზღაურების ზრდას. რეალურად კი, მიმდინარეობს მუშაობა ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება და მის ფარგლებში მოხდება, ბოლო წლების განმავლობაში, მასწავლებელთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდა.
ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება – ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.
„ჩვენს მთავარ საზრუნავს და ობიექტს წარმოადგენენ ჩვენი ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები, რომელთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრა ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
მასწავლებელთა დაფასებისა და მათთვის ღირსეული ანაზღაურების შეთავაზების მიზნით, მიმდინარეობს როგორც ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბება, ასევე სხვა მხარდამჭერი პროგრამების შეთავაზება.
ყოვლად მიუღებელია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და მათი წარმომადგენლების, ასევე პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან იმ დამაზიანებელი, დეზინფორმაციული კამპანიის წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდის შესახებ გადაწყვეტილებისთვის ჩრდილის მიყენებას.
მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2012 წლამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1230 ლარს.
მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ზრდისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლები გაცილებით უფრო მაღალ ანაზღაურებას იმსახურებენ და შესამუშავებელი და შესაცვლელია ის სახელფასო ფორმულა, რაც ახლა სისტემაში გვაქვს. ჩვენი ანალიზის, კვლევებისა და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სამინისტროში მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა, რომლის კონკრეტული დეტალები საზოგადოებას დეკემბერში გამართულ პრეზენტაციაზე საჯაროდ ეცნობება. თუმცა, აქვე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ახალი სახელფასო კონცეფცია მოიცავს პედაგოგებისთვის ხელფასის უპრეცედენტო ზრდას და სრული დატვირთვის პირობებში ამჟამინდელ არსებულ ხელფასებთან მიმართებაში, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა ბოლო წლების განმავლობაში იქნება უპრეცედენტო – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.
2024 წელს განათლების გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი გამოყოფილი არის სწორედ საჯარო სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების გასაზრდელად. ჩვენ გვინდა მოვახდინოთ ფუნდამენტური გარდატეხა სახელფასო პოლიტიკაში და მასწავლებლებს ღირსეული ანაზღაურება შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, არ წავედით უფრო მარტივი გადაწყვეტილების გზით და არ დავჯერდით იანვრიდან მასწავლებლებისთვის მხოლოდ 125-ლარიან სახელფასო მატებას. მიგვაჩნია, რომ ეს ვერ შეცვლიდა ძირეულად არსებულ სახელფასო მიდგომას. ამიტომ ჩვენ სახელფასო პოლიტიკის გადახედვის დროს, აქცენტს ხელფასის ზრდაზე გავაკეთებთ.
ასევე, სრული სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ხელფასების გაზრდას ვგეგმავთ 2024 წლის სექტემბრიდან. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტატუსის ამაღლების შემთხვევაში, მასწავლებელს ახალი სასწავლო წლიდან, ანუ 2024 წლის სექტემბრიდან გაეზრდებოდა ხელფასი, მაგრამ ჩვენ, არ ვაპირებთ, დაველოდოთ 2024 წლის სექტემბერს და მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებისთანავე ვგეგმავთ ახალი სახელფასო ფორმულის ამოქმედებას“, - განაცხადა მინისტრმა.
მთავრობის გუნდის წევრებმა რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, 2024 წელს გატარებული ყველა სახელფასო ღონისძიება მაინც საარჩევნო აქტივობად მოინათლება. სწორედ ასე ფიქრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების კოალიციის“ დირექტორი გიორგი ჭანტურია, რომელიც ადასტურებს, რომ მასწავლებელთა საბაზო ხელფასი აუცილებლად უნდა გაიზარდოს, მაგრამ ძალიან ნიშანდობლივია, როდის ხდება ეს. „არჩევნების წელი მოდის“ – ამბობს გიორგი ჭანტურია.
მართალია, მასწავლებელთა ანაზღაურების სისტემის რეფორმას, რომელზე განათლების სამინისტრო მუშაობს, „განათლების კოალიციის“ დირექტორი დეტალურად არ იცნობს, მაგრამ ხელფასების გაზრდის აუცილებლობას ეთანხმება, თუმცა რეფორმის წარმატებისთვის საჭირო რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, მასწავლებელთა შრომა უნდა უფრო დაფასდეს და საბაზო ანაზღაურება არის გასაზრდელი. მათ შორის იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები და როტაცია იყოს უფრო მეტი. სხვა შემთხვევაში, ეს პროფესია ვერ იქნება პრესტიჟული. ამიტომ, ის, რომ ანაზღაურება უნდა გაიზარდოს, ცალსახაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რეფორმის გაგრძელება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის - როგორი იქნება სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის მხარდაჭერა; ჩვენ სისტემაში მასწავლებელთა, დაახლოებით, 70% დაკავებულია კერძო რეპეტიტორობით - ეს ყველაფერი სკოლაში უნდა ხდებოდეს; ასევე, დამატებითი სერვისის მიწოდება - ე.წ. მაშინ რეფორმა გაამართლებს“, - თქვა გიორგი ჭანტურიამ და იქვე დასძინა, რომ „განათლების კოალიციამ“ თავისი რეკომენდაციები სამინისტროს უკვე გაუგზავნა.