რომელი მაღალჩინოსნები აპირებენ ქვეყნის დატოვებას ანგარიშსწორების შიშით

რომელი მაღალჩინოსნები აპირებენ ქვეყნის დატოვებას ანგარიშსწორების შიშით

"ლაშა ბრეგვაძე მუშაობდა მეექვსე საპყრობილეში, შემდგომ რუსთავის მე-17 დაწესებულებაში დირექტორად. ამ საპყრობილეებში რომ განსაკუთრებული სისასტიკე იყო, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს დანაშაულის ჩამდენ პირებს. თუმცა ამ ფაქტზე პასუხისმგებელია სახელმწიფოც იმის გამო, რომ ის არ სჯის დამნაშავეებს და მოქალაქეებს უქმნის ანგარიშსწორების საფუძველს. ადრე თქვენთან ინტერვიუშიც ვაცხადებდი, რომ ეს საშიშროება რეალურია. ანგარიშსწორებას მხოლოდ ყოფილი პატიმრებისგან არ უნდა ველოდოთ, არიან არაკრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები, რომლებსაც უკანონოდ წაართვეს ქონება, ბიზნესი. მე ვიცი უწესიერესი ადამიანები, რომლებისგანაც მომისმენია, რომ მზად არიან პირადად გაუსწორდნენ რეჟიმის ხელმძღვანელ და რიგით შემსრულებლებს", აცხადებს ყოფილი პროკურორი. ადვოკატი მირიან ნიკოლაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რომელი მაღალჩინოსნები აპირებენ ქვეყნის დატოვებას ანგარიშსწორების შიშით?

"პირადად საუბრობენ ამას ჩემთან. ისინი უბრალოდ დროს ელოდებიან. იმასაც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სიმპათიებისა და მოახლოებული არჩევნების გამო ცდილობენ დაიოკონ შურისძიების წყურვილი. თუკი არჩევნების შემდგომ იანვრამდე არ გამოჩნდა სამართლიანობის აღდგენის კონტურები, ისეთმა ხალხმა შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, ცხოვრებაში კრიმინალთან საერთოდ რომ არ ჰქონიათ შეხება. მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია - ისინი ღიად ამბობენ ამას. კანონს და ეთიკას ვერ დავარღვევ და ვერ ვიტყვი ამ ადამიანების ვინაობას, თუმცა ძალიან დიდი კონტინგენტია, რომელიც ელოდება დასკვნით ეტაპს, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ იქნება. შემდეგ უკვე ხელიდან გაიქცევა პროცესები და ძალიან ცუდი ფაქტების მომსწრენი შეიძლება გავხდეთ. ისინი თანაბრად გამწარებული არიან ხელმძღვანელ პირებზეც და რიგით შემსრულებლებზეც. რთულია დაარწმუნო ადამიანი, რომ ვინც ქონება წაგართვა, ცხოვრება გაგიუბედურა, გაწამა და ცოლ-შვილის გაუპატიურებით დაგემუქრა, ხელი არ ახლო, რადგან შემსრულებელი იყოო. აგრესია თანაბრად მოსალოდნელია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან ნიკოლაძე.

"თქვენთან წინა ინტერვიუში ვთქვი, რომ ერთი წელი საკმარისი არ არ არის და არავის ეგონოს, რომ ხალხმა ვინმეს რამე აპატია. შეიძლება ანგარიშსწორებები 2 და 3 წლის შემდეგ განხორციელდეს. ადეიშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების, სააკაშვილისა და მათნაირი ზნედაცემულების მიმართ კი ანგარიშსწორება ნებისმიერ დღეს არის მოსალოდნელი. ყოველთვის უნდა ელოდონ ისინი, რომ რომელიმე მათ მიერ გამწარებული ადამიანი გაუსწორდება, თან ძალიან ცუდი და მძიმე ფორმებით. მინდა გითხრათ, რომ გამწარებული ხალხის აგრესია წამოვა ასევე უმცირესობის იმ დეპუტატებზე, რომლებიც ენას არ აჩერებენ და ამ გაუბედურებულ ხალხს კიდევ უფრო აღიზიანებენ - ხალხი ანგარიშსწორებას მოახდენს არა მხოლოდ მათზე ვინც პირადად მიაყენა შეურაცხყოფა ან რაღაც წაართვა, არამედ იმათზეც, ვინც დამნაშავე ხელისუფლების "გამპრავებლები" არიან. ძალიან მალე ეს ხალხი სადარბაზოებში ვეღარ შევა იმის შიშით, ვინმე არ დაგვხვდესო და გარანტიას გაძლევთ. ბევრს დახვდებიან. ხელისუფლებამ ეს სწრაფად უნდა დაარეგულიროს, რადგან აღარ გვინდა ანარქია და არეულობა", - ამბობს ყოფილი პროკურორი და შეკითხვას - "ყველა ელოდება არჩევნების შემდეგ კოაბიტაციის დასრულებას და სამართლიანობის აღდგენას. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ვინც ასე თუ ისე დამნაშავე რეჟიმის მონაწილე იყო, აპირებენ ქვეყნის დატოვებას?" - პასუხობს:

"რიგით პირებზე არ არის საუბარი, მათ ფინანსური რესურსები არ აქვთ. სამაგიეროდ აქვთ შინაგანი იმედები, რომ სახელმწიფო ლიბერალური იქნება მათ მიმართ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრემიერმა თქვა, რიგითები არ უნდა დაისაჯონო... აი, ხელმძღვანელი პირები რომ წასვლას აპირებენ, ეს ნამდვილად ვიცი. ვიცი რამდენიმე კაცი, რომელიც ელოდება ვითარების წარმართვას - როგორც კი კონტურებს შეამჩნევენ სამართლიანობის აღდგენის, დატოვებენ ქვეყანას. ძალიან ბევრი აღარ დარჩება საქართველოში, თუკი შეამჩნიეს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი იწყება - ესენი არიან ციხის უფროსები, პროკურატურის მაღალჩინოსნები, სოდ-ის, კუდ-ისა და კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნები. ესაა ის ხალხი, რომელს სისტემასთანაც მე კავშირი მაქვს და ვიცი, ვინ რას გეგმავს და რა მოძრაობებია. თუმცა ასევე სხვა სფეროს ადამიანების გეგმავენ ქვეყნის დატოვებას: ესაა ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნები და ა.შ. რაც ადრე მითქვამს, ხომ ყველაფერი გამართლდა?, გამოიკვეთოს კონტურები, რომ დასჯადობა მიდის ობიექტურად და სამართლიანობის აღდგენას საშველი დაადგა და ნახავთ რამდენი იქნება აეროპორტში გასაქცევად მისული... როცა ხელისუფლება შეიცვალა, იცით რამდენს ჰქონდა აღებული ბილეთი? 50-კაციანი სია იყო და კულუარებში ეს სია ძალიან ცნობილი იყო. იყვნენ დეპუტატებიც... იმედი მაქვს, ბევრ დამნაშავეს ჩამოიყვანენ ხელბორკილებით".