გასულ კვირას საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული თემა სოჭის ოლიმპიადის შესაძლო ბოიკოტი იყო. პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილი მოითხოვდა, რომ მთავრობას სოჭში ქართველი ოლიმპიელების გაგზავნაზე უარი ეთქვა. ვინ დგას ამ მოთხოვნების უკან და რის მიღწევას ცდილობს? რას მოგვიტანს ოლიმპიადის ბოიკოტი და როგორ უნდა მოიქცეს ამ სიტუაციაში ხელისუფლება?
ერთიანი ნაციონალური უმცირესობა
«ენ-დი-აის» კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდა, რესპონდენტების 76%-ისთვის 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა მისაღებია, 11%-მა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, ხოლო 13%-მა განაცხადა, რომ ამ საკითხზე პოზიცია არ აქვს. მართალია, საქართველოში «ენ-დი-აის» კვლევებს უნდობლობით ეკიდებიან, ვინაიდან ეს ორგანიზაცია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რეალობასთან აშკარად შეუსაბამო რეიტინგებს აქვეყნებდა, თუმცა, ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც პოლიტიკურ ბრძოლას უშუალოდ არ ეხება, «ენ-დი-აი», როგორც წესი, მეტ-ნაკლებად ადეკვატურ ციფრებს ახმოვანებს და მათ, პირდაპირ ან ირიბად, ქართული სოციოლოგიური სამსახურებისა და ინტერნეტ-გამოკითხვების შესაბამისი შედეგები ადასტურებს.
ამ გამოკითხვის ჩატარების პერიოდში ქართული საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო, რომ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში მონაწილეობას მიიღებდა მფრინავი ივან ნეჩაევი, რომელსაც რუსეთში აგვისტოს ომის გმირად თვლიან, ხოლო კრიზისმა, რომელიც კონფლიქტის რეგიონში მავთულხლართის გაბმის ახალ ეტაპს დაუკავშირდა და რუსულ-ქართულ «განმუხტვაში» სერიოზული დაძაბულობა შემოიტანა, პიკს არ მიაღწია. ამასთანავე, იმ მომენტში ბოიკოტის მომხრეები ასეთ მასშტაბურ სააგიტაციო კამპანიას არ აწარმოებდნენ, მაგრამ, ამ გარემოებების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბოიკოტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხვედრითი წილი რადიკალურად შეიცვალა, ამ მოსაზრებას ირიბად ადასტურებს მედიისთვის გაკეთებული განცხადებების თანაფარდობა, აგრეთვე, სხვადასხვა ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგები; ამ დროისთვის, ისევე, როგორც სექტემბერში, ბოიკოტის მომხრეები, სავარაუდოდ, აშკარა უმცირესობაში არიან.
თვალშისაცემია, რომ ოლიამპიადაზე საქართველოს ნაკრების წასვლას ძირითადად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული საზოგადოების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. პოლიტიკური ქვეტექსტი ამ შემთხვევაში ზედაპირზე დევს _ ოლიმპიადის ბოიკოტი და მასთან დაკავშირებული სირთულეები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ივანიშვილის მთავრობის მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. მართალია, ბოიკოტის ყველა მომხრეს არ შეიძლება (ღია ან ლატენტური) «ნაციონალი» ვუწოდოთ, თუმცა პრაქტიკულად შეუძლებელია, მათ ვერ დაინახონ, ვის გვერდით დგანან დღეს და ვერ გაიაზრონ, რომ, ფაქტობრივად, «ნაციონალებთან» ალიანსში შევიდნენ. აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი _ ესა თუ ის ადამიანი შეიძლება არ იზიარებდეს «ნაციონალების» შეხედულებებს და 2012 წლის არჩევნებში ხმა მათ წინააღმდეგ ჰქონდეს მიცემული, მაგრამ ვერ აცნობიერებდეს, რომ საგარეო პოლიტიკაში რადიკალური და მეტწილად ძალიან ცუდად გათვლილი მოქმედება (მარტივად რომ ვთქვათ, სააკაშვილის სტილი) ერთადერთი შესაძლებელი არ არის. ამ შემთხვევაში საქმე ორ პრობლემასთან გვაქვს _ ერთის მხრივ, ზნეობრივი კომპრომისის პრობლემაა, რომელიც, ბოიკოტის კამპანიის ფარგლებში, უკავშირდება თანამშრომლობას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთან, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის (ამ საკითხს ეხება თუ ნებისმიერ სხვას) აბსოლუტურად მიუღებელია და, მეორეს მხრივ, რადიკალიზმით გაჟღენთილი შეხედულებები საგარეო პოლიტიკაზე, კერძოდ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე (შესაბამისი რეცეპტების ძიებით).
ივანიშვილის მთავრობის ნება ჯერჯერობით ურყევი ჩანს; ის მხარს ოლიმპიადაში მონაწილეობას უჭერს. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი და საკმაოდ საშიში გარემოება _ კამპანია, რომელიც ახალი ხელისუფლების ოპონენტებმა წამოიწყეს, წარმოაჩენს სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტს, როგორც რუსეთის მოქმედებების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის ყველაზე მკვეთრ და აქტუალურ ფორმას და ეს დამოკიდებულება გარკვეული დროის შემდეგ, დიდი ალბათობით, მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში გავრცელდება. იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადამდე დარჩენილ დროში კონფლიქტის ზონაში მოხდება რაიმე მძიმე ინციდენტი (ღმერთმა დაგვიფაროს!) სისხილსღვრით, ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯი, თუნდაც ის რეალურად ბოიკოტზე მკვეთრი იყოს, არასაკმარისად წარმოაჩინონ, ვინაიდან ახლო მომავალში ისინი, სავარაუდოდ, მიაღწევენ იმას, რომ სწორედ ბოიკოტი იყოს პოზიციონირებული, როგორც «ერთადერთი ადეკვატური გადაწყვეტილება». მთავრობა რთული არჩევანის წინაშე დადგება, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საიმიჯო დანაკარგები მოჰყვება.
არასპორტული საქციელი
როდესაც 2008 წლის 8-9 აგვისტოს გაჩნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა შეიძლება პეკინის ოლიმპიადა დატოვონ, რუსულ მედიაში დაფიქსირდა მოსაზრება, რომ ამის გამო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეიძლება ქართველი ოლიმპიელები რვაწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს. საინტერესოა, რომ ეს ვერსია საქართველოში ძალიან ფართოდ გავრცელდა და დღეს, როდესაც სოციალურ ქსელებში სოჭის ოლიმპიადის შესაძლო ბოიკოტის თემა განიხილება, რვაწლიან დისკვალიფიკაციაზე საუბრობენ, როგორც რაღაც გარდაუვალზე; ეს არასწორია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება შეიძლება სხვაგვარი იყოს. ამასთანავე, ძალიან ფართოდ გავრცელებულია კიდევ ერთი არაკორექტული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მიერ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტს «ვერავინ შეამჩნევს». ოლიმპიადის ბოიკოტი ნებისმიერი ქვეყნის მიერ, თუნდაც ის საქართველოზე სუსტი და პატარა იყოს, ძალზე რეზონანსული მოვლენაა და ის საინფორმაციო ნაკადში გარანტირებულად არ დაიკარგება. ორივე ეს არგუმენტი თითქოს ბოიკოტის მომხრეთა სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ ვერ იგერიებს მათ წინააღმდეგ მიმართულ მთავარ ბრალდებას სპორტის პოლიტიზირების მცდელობასთან დაკავშირებით.
ერთია, როდესაც ოლიმპიადის ბოიკოტს ორგანიზებას მძლავრი კოალიცია უწევს. ამ კონტექსტში, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ 1980 წლის მოსკოვის (აშშ და მოკავშირეები) და 1984 წლის ლოს-ანჟელესის (სოციალისტური ბანაკი) ოლიმპიადების ბოიკოტზე, არამედ 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადის ბოიკოტზე აფრიკული ქვეყნების მიერ. მაგრამ დღეს საქართველო, ძალიან დიდი ალბათობით, ვერ მიაღწევს იმას, რომ მის ნაბიჯს თუნდაც რამდენიმე ქვეყანა შეურთდეს, როგორც ეს, მაგალითად, 1956-ში მოხდა, როდესაც ეგვიპტის ბოიკოტს (ბრიტანულ-ფრანგული ინტერვენციის გამო; სუეცის კრიზისი) ერაყი, ლიბანი და კამბოჯა შეურთდნენ, ხოლო სსრკ-ის უნგრეთში მოქმედების გამო იგივე გადაწყვეტილება ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ და ესპანეთმა მიიღეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაშინ ადგილი ჰქონდა მასშტაბურ სისხლისღვრას და არსებობდა საკმარისად სერიოზული საბაბი იმისთვის, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებს ოლიმპიადაში მონაწილეობის ადრე მიღებული გადაწყვეტილება შეეცვალათ. თუ საქართველო სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის გადაწყვეტილებას 2008-ში ან 2009-ში მიიღებდა, მაშინ ამ ნაბიჯს სულ სხვა გამოხმაურება მოჰყვებოდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ ამის გაკეთება ვერ გაბედა (ის შემოიფარგლა მხოლოდ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მიმართვით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისადმი სოჭის ოლიმპიადის სხვა ქვეყანაში გადატანის თაობაზე, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო). დღეს კი «ნაციონალებს» სურთ, ივანიშვილის მთავრობამ გააკეთოს ის, რაც თვითონ არ (ვერ) გააკეთეს.
2008-09 წლებში შედარებით იოლი ასახსნელი იყო, თუ რატომ მიმართავს საქართველო ბოიკოტს, მაგრამ მაშინ ოფიციალურ თბილისს ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. ამ ეტაპზე კი განუზომლად დიდია იმის ალბათობა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი შეაფასებს ქართულ ბოიკოტს, როგორც ოლიმპიური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართულ აქტს (რასაც, იდეაში, შეიძლება გარკვეული სანქციები მოაყოლოს) და თითქმის გარანტირებულად არც ერთი ქვეყანა არ შეურთდება პროტესტს, რომლის ფორმულირების პირველ აბზაცებში მოხსენიებული იქნება სოფელ დვანში მავთულხლართის გაბმა და ვინმე ნეჩაევის გარბენა ოლიმპიური ჩირაღდნით. აქ, ალბათ, აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ თვისობრივი განსხვავება ეგვიპტისა და უნგრეთის 1956 წლის სიტუაციისგან, იმ ქვეყნებში იმ დროს სისხლი იღვრებოდა; ჩვენ შემთხვევაში კი დროის ფაქტორს, ხუთწლიან შუალედს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
არაერთგვაროვან ვითარებაში ოფიციალური თბილისისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ყოველთვის აშშ-ის პოზიციას ჰქონდა (და აქვს). ვაშინგტონს არასოდეს მიუნიშნებია, რომ საქართველო ბოიკოტზე უნდა წავიდეს, მეტიც, მისი წარმომადგენლები ყოველთვის მოგვიწოდებდნენ, რომ რუსებთან ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მჭიდროდ გვეთანამშრომლა. ამერიკელები, სავარაუდოდ, კარგად აცნობიერებენ, რომ ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც დიმიტრი მედვედევმა (მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა) 2011 წლის 18 თებერვლის ოპერატიულ თათბირზე, სადაც სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხი განიხილებოდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან თქვა: «არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლებიც ჩვენს მეზობელ საქართველოს უკავშირდება. ამიტომ ყველაფერი, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამართალდამცავი ორგანოების და ძალოვანი სტრუქტურების ხაზით, უნდა გაკეთდეს. ნებისმიერი პროვოკაციის გზაზე სათანადო წინაღობა უნდა აღიმართოს».
ეს იყო ერთგვარი სიგნალი რუსეთის სახელმწიფო მანქანისთვის და იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიურ ობიექტებზე ტერორისტული აქტი მოხდებოდა, მოსკოვი, დიდი ალბათობით, ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილად სააკაშვილის ხელისუფლებას დაასახელებდა. ამ ორწელიწად-ნახევარში საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ამერიკელები, სავარაუდოდ, მიიჩნევენ, რომ ოფიციალურმა თბილისმა (მათ შორის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობით) ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ «მთავარი ეჭვმიტანილის» სტატუსისგან მაქსიმალურად დისტანცირებული იყოს, რადგან სოჭის ოლიმპიადაზე ტერორისტული შეტევის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინის რეაქცია უკიდურესად ხისტი იქნება და, თუ ამ საპასუხო დარტყმის ქვეშ საქართველოც მოექცევა, ამან აშშ-ის პოზიციებს რეგიონში შეიძლება არანაკლები საფრთხე შეუქმნას, ვიდრე აგვიტოს ომმა; რაც შეეხება ბოიკოტის იდეას, ის ასე თუ ისე უკავშირდება აღწერილ პრობლებას და არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ობამას ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით უბიძგებს.
მონაწილეობა კარგია, გამარჯვება - უკეთესი
არსებითად, ჩვენ საქმე გვაქვს ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკის ტორპედირების, მისი დისკრედიტაციის მცდელობასთან, რომლის უკან «ნაციონალების» ლიდერები დგანან. მთავრობისთვის სასურველია, ერთის მხრივ, ფართო აუდიტორიისთვის მარტივად და გასაგებად გაშიფროს მათი ჩანაფიქრი, ხოლო მეორე მხრივ, იზრუნოს იმაზე, რომ მათ კონფლიქტის ზონაში პროვოკაციის მოწყობა ვერ მოახერხონ. მაგრამ პრობლემა ამით არ ამოიწურება _ ივანიშვილის ხელისუფლების ახალი, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაზე ორიენტირებული პოლიტიკა ყველასთვის როდია გასაგები და მთავრობამ საზოგადოებაში, ძველად რომ იტყოდნენ, დამატებითი ახსნა-განმარტებითი სამუშაო უნდა ჩაატაროს. ვიდრე ეს არ მოხდება, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის თემას პოპულისტური (როგორც პროამერიკული, ისე პრორუსული) ლოზუნგებისთვის კვლავ უპასუხისმგებლო დემაგოგები გამოიყენებენ, მაშინ, როდესაც ამ სფეროში არ არსებობს მარტივი გადაწყვეტილებები, რომლებიც ლოზუნგებამდე დაიყვანება. მაგრამ მთავრობა ამის გაკეთებას არ ჩქარობს, შესაძლოა იმიტომ, რომ ამ თემაზე აქტიური მსჯელობისა და ღია დისკუსიის დროს შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს «ორიენტაციის უალტერნატივობის» პოსტულატი. მაგრამ რა ვუყოთ იმ გარემოებას, რომ ბევრი ამომრჩეველი ბოლო დროს ბანალურად დაიბნა და აღარ ესმის, რა უნდა რუსეთს ჩვენგან და რა გვინდა ჩვენ რუსეთისგან, რა უნდა ჩვენგან დასავლეთს და რა გვინდა ჩვენ დასავლეთისგან და, რაც მთავარია, რატომ მოქმედებს მთავრობა საგარეო არენაზე ასე და არა სხვაგვარად. დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი იდეა და მასზე დაფუძნებული პოლიტიკა შეიძლება (და უნდა) ეჭვქვეშ დადგეს, დისკუსიის საგანად იქცეს და, საჭიროების შემთხვევაში, კორექტირება განიცადოს. არგუმენტები «ამას ალტერნატივა არ აქვს» და «ასეა იმიტომ, რომ ასე უნდა იყოს» დემოკრატიის პირობებში არ მუშაობს. ოლიმპიადის შესაძლო ბოიკოტის და ნებისმიერი მსგავსი საკითხის განხილვა საბოლოოდ მაინც ამ პრობლემამდე მიგვიყვანს.
ბოიკოტის მომხრეები, სავარაუდოდ, ვერაფერს მიაღწევენ და ჩვენი ნაკრები სოჭის ოლიმპიადაზე მაინც გაემგზავრება. მაგრამ დარჩენილ ოთხ თვეში მნიშვნელოვანია, რომ სპორტსმენებმა თავი პოლიტიკური თამაშის მძევლებად არ იგრძნონ და ასპარეზობისთვის მშვიდად მოემზადონ. მარტივად რომ ვთქვათ, სპორტსმენებს თავი უნდა დავანებოთ და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ.
მართალია, ზამთრის სახეობებში ტრადიციულად გვიჭირს, თუმცა თითოეულ ჩვენ სპორტსმენს ნამდვილად შეუძლია მოახდინოს სასწაული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მთელი ერი უგულშემატკივრებს. უმრავლესობას არარეალისტურად მიაჩნია ოცნება იმაზე, რომ სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება და ათიათასობით რუს გულშემატკივარს ფეხზე ააყენებს, თუმცა, შესაძლოა, ამ ოცნებას რეალობასთან გაცილებით მეტი აქვს საერთო, ვიდრე ფიქრს იმაზე, რომ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტი ჩვენს ქვეყანას რაიმე დადებით შედეგს მოუტანს.