"ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს რეალური პოლიტიკური სისტემა უნდა აეწყოს. ილუზიების - მარჩენალის, ბელადის თუ პატრონის ეპოქა საქართველოში მთავრდება, რაც მხოლოდ მოსაწონია. კოალიცია, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, დღეგრძელი არ არის და არც შეიძლება იყოს, რადგან მან თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა. ვფიქრობ, რომ ახალი პრემიერი რამდენიმე თვის განმავლობაში დაიკავებს ამ თანამდებობას, შემდეგ კი პოლიტიკური კონფიგურაცია გადაჯგუფდება და ახალი კონფიგურაციის პირობებში კონკურენცია თვითონ წარმოაჩენს ახალი მთავრობის და პრემიერის საკითხს", - აცხადებს ექსპერტი დემურ გიორხელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ეს არჩევნები არ არის - ეს დიაგნოზია" / `თუ `ნაციონალები~ დაბრუნდნენ, პოლიტსისტემა საბოლოოდ მოკვდება".
"ვფიქრობ, ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის რამდენიმე სქემა იკვეთება, მაგრამ ჯერ ამაზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებ. ზოგადად კი ვიტყვი, რომ მალე კოალიციის შიგნით სუბიექტები გემოვნებისა და მსოფლმხედველობის მიხედვით გადალაგდებიან. პარტია `ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო~ ჯერჯერობით აშკარად არაკონკურენტული პოლიტიკური ძალაა და კოალიციის გარეთ დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს ვერ შეძლებს, რადგან ამის რესურსი არ გააჩნია კოალიციის სხვა სუბიექტებისგან განსხვავებით. ჩემი აზრით, ეს საპრეზიდენტო არჩევნები არაფერს წყვეტს, მისდამი ინტერესი საზოგადოებაში ინერციით შენარჩუნდა. 27 ოქტომბერს ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დაასამარებს თავის ილუზიებს და ეს ძალიან კარგია, რაც მალე მოკლავს ქართველი თავის თავში სხვისი ხელის შემყურეს, მით უკეთესი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დემურ გიორხელიძე.
"დღეს საზოგადოებას უთხრეს, აირჩევ მარგველაშვილსო და ისიც მზად არის, სწორედ ეს კაცი აირჩიოს, საერთოდ არ აინტერესებთ - კარგია, ცუდია, გამოცდილია, კრიტიკულ ვითარებაში შეუძლია სახელმწიფოს მართვა თუ არა. უფროსმა უთხრა და ირჩევენ, ეს უკვე არჩევნები არ არის, ეს ჩვენი საზოგადოების დიაგნოზია. ასე რომ ვფიქრობთ, იმიტომაცაა ეს ქვეყანა უმძიმეს პრობლემებში გაჩხერილი", - მიიჩნევს ექსპერტი.
"სააკაშვილი მიდის პრეზიდენტობიდან, მაგრამ სულაც არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. თუ კონსტიტუციის თანახმად მის ან "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ რაიმე სამართლებრივი განაჩენი არ იქნა გამოტანილი, მასაც და მისი პარტიის წევრებსაც უფლება აქვთ, იმოქმედონ პოლიტიკურ სივრცეში, საზოგადოება თვითონ გადაწყვეტს, დაუჭერს მათ მხარს თუ არა. ვფიქრობ, დღეს ეს ყველაზე ორგანიზებული და მონოლითური ძალაა, რომელიც ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას. მას ჯერჯერობით ამგვარად ორგანიზებული ძალა ვერ უპირისპირდება. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ფეხზე დაეყენებინა, ამიტომაც მომძლავრდნენ ასე. სახელმწიფო სტრუქტურებში მაქსიმალურადაა შენარჩუნებული მათი კადრები, მეტიც, სახელმწიფო ორგანიზაციებში ძირითადად კვლავაც "ნაციონალური მოძრაობის" კადრებს იღებენ", - განაგრძობს დემურ გიორხელიძე.
"რატომ? ეს უნდა ჰკითხოთ ახალი ხელისუფლების ლიდერებს, რომლებმაც უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ "ნაცმოძრაობის", როგორც პოლიტიკური ძალის შენარჩუნება სურთ. ეს მათ განაცხადეს კოჰაბიტაციის შესახებ, ასევე თქვეს, რომ საქართველოს დემოკრატიის უპირველესი ამოცანა "ნაცმოძრაობის" გადარჩენა ყოფილა. სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკურ სისტემაში ცვლილებები შეეტანა, ახალი კონსტიტუცია შეეთავაზებინა ხალხისთვის და ეზრუნა სხვა პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერებისთვის, ხელი მხოლოდ `ნაცმოძრაობას~ შეუწყო, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ საკმაოდ მოკლე ხანში `ნაცმოძრაობამ~ რეანიმაცია განიცადოს და ხელისუფლებაზეც სერიოზული პრეტენზია განაცხადოს", - დასძენს რესპონდენტი.
"დღეს ჩვენში პოლიტიკური სივრცე ძალიან სუსტია, ეს ძალა თუ მობრუნდა ხელისუფლებაში, დამერწმუნეთ, საბოლოოდ მოკლავს მთელ პოლიტსისტემას და ერთადერთი დომინირებული პოლიტიკური ძალა იქნება ქვეყანაში. ივანიშვილის ხელისუფლების ძველი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება უდიდესი შეცდომაა!" - აცხადებს დემურ გიორხელიძე და შეკითხვას - "საზოგადოება ელოდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შესაძლოა სააკაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს", პასუხობს:
"მე ამას ნამდვილად არ ველი. ნორმალურ ქვეყანაში ყველა, ეს იქნება პრეზიდენტი თუ დემურ გიორხელიძე, თუ დანაშაულს ჩაიდენდა, დაისჯებოდა კიდეც. თუ სააკაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია და ამაზე მხოლოდ პოლიტიკური მიზნით ლაპარაკობდნენ, მაშინ ესეც ხმამაღლა უნდა ითქვას. სააკაშვილი დაამთავრებს პრეზიდენტობას, იქნება ძლიერი პარტიის ხელმძღვანელი, დანარჩენად პროცესები როგორ განვითარდება, ეს უკვე დროის საქმეა".