ექსკლუზივები კეზერაშვილის დაკავებაზე

ექსკლუზივები კეზერაშვილის დაკავებაზე

"კეზერაშვილის დაკავების ოპერაცია მართლაც ჩატარდა, მაგრამ არა ინტერპოლის, არამედ საქართველოს და საფრანგეთის შს სამინისტროების საერთაშორისო დანაშაულების განყოფილების მიერ, აქ ინტერპოლი არაფერ შუაშია, ფრანგებიც გაოგნებული არიან, რატომ აწერენ კეზერაშვილის დაკავებას ინტერპოლს", - აცხადებს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ექსკლუზივები კეზერაშვილის დაკავებაზე / რა ინფორმაციები მოაწოდეს საფრანგეთიდან "ალიას"?

"საინტერესო ფაქტია, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტზე ხელი არ არის მოწერილი. საქართველოში ჩადენილი დანაშაულის გამო, საქართველოს მოქალაქეს საფრანგეთში ვერ დააპატიმრებ, მაგრამ საერთაშორისო იურისპრუდენციაში არის ასეთი პრეცედენტი - საერთაშორისო დანაშაული. თუკი ადამიანმა ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რაც არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ამაში შედის ფულის გათეთრება საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო დონის კომერციული დანაშაულები, წამება, იარაღით ვაჭრობა... ჩვენ ჯერ არ ვიცით, კეზერაშვილი რა დანაშაულის გამო დააპატიმრეს. შესაძლოა ქართული მხარე ამტკიცებდეს, რომ მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, უკანონო შემოსავლების მიღება-გაფლანგვა, მაგრამ ამის გამო საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეს არ დააკავებდნენ. თუ იქ არ არის ნარკოტიკითა და იარაღით ვაჭრობა ან საერთაშორისო დონეზე ფულის გათეთრება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ფოფხაძე.

"მე ვიყავი სპეციალურად მისული საფრანგეთის პოლიციაში, იმ დეპარტამენტში, რომელიც ასეთი ტიპის დანაშაულებით არის დაკავებული და ინფორმაცია, რაც მე ფრანგმა პოლიციელებმა მომცეს არის ის, რომ კეზერაშვილი დააკავეს საფრანგეთის პროვინცია პროვანსში და პროვანსის სასამართლომ მას წარუდგინა ბრალი, - ფრანგული კანონებით, 24 საათის განმავლობაში საფრანგეთის სასამართლომ ან უნდა წაუყენოს ბრალი დაკავებულს, ან უნდა გაათავისუფლოს. კეზერაშვილი დააპატიმრეს და 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა იმ პირობით, რომ 40 დღის განმავლობაში საქართველოს მხარე ან გადმოსცემს საფრანგეთს დამადასტურებელ მასალებს და მოხდება ექსტრადიცია, ან საფრანგეთში გასამართლდება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საელჩომ საფრანგეთში ძალიან დიდი მუშაობა გასწია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე ჟურნალისტებს დიდ დახმარებას გვიწევდა და სწორედ მან მოგვაწოდა კეზერაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია. როცა გავიგე, რომ კეზერაშვილი არ იძებნებოდა ინტერპოლის არხებით, ამან დამაეჭვა. ასეთ შემთხვევაში კეზერაშვილს უნდა ჰქონოდა ჩადენილი დანაშაული საფრანგეთის ტერიტორიაზე. თავდაპირველად მეგონა, კეზერაშვილი დაკავებული იყო პარიზში, დავუკავშირდი პარიზის სასამართლოს, შსს-ს, პროკურატურას - მათ კეზერაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დამიდასტურეს და თქვეს, შესაძლოა სამხრეთ საფრანგეთში მომხდარიყო დაკავება. ალბათ ხვალ მეცოდინება დეტალები, რისთვის არის დაკავებული კეზერაშვილი. აუცილებლად დავინტერესდები, რისთვის იყო წასული კეზერაშვილი ქალაქ ექს-ანპროვანსში - ეს არ არის ცნობილი საკურორტო ქალაქი, ცნობილია ზეთისხილისა და საპნის წარმოებით. არა მგონია, კეზერაშილს საპონი და ზეთისხილი აინტერესებდა. ეს ქალაქი 140 კმ-შია მონაკოსგან", - დასძენს გიორგი ფოფხაძე.