საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, სს „ჰეშზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა, რომელიც თავდაპირველად 7-თვიანია. ეს სრულიად ახალი მომსახურებაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. მიუხედავად იმისა, რომ კითხვები არსებობს, ფინანსისტები საბანკო სფეროში ინოვაციების დანერგვას მიესალმებიან.
„ჰეშ ბანკი“ ჯერჯერობით მხოლოდ სატესტო რეჟიმით იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალური რეჟიმით განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ჰეში“ 2022 წლის აგვისტოში დაფუძნდა. ბანკის საწესდებო კაპიტალი 16 634 100 ლარს შეადგენს.
აქციონერები არიან: ვოლოდიმირ ნოსოვი - უკრაინის მოქალაქე, 103,950 აქცია, საწესდებო კაპიტალის 50%; სულხან პაპაშვილი - საქართველოს მოქალაქე, 63,403 აქცია, საწესდებო კაპიტალის 30.5%; ლაშა პაპაშვილი - საქართველოს მოქალაქე, 40,541 აქცია, საწესდებო კაპიტალის 19.5%, ნანა ქებურია - საქართველოს მოქალაქე, 2,100 პრივილეგირებული აქცია (ხმის უფლების გარეშე).
განსხვავება ჩვეულებრივ ბანკსა და ციფრულ ბანკს შორის ის არის, რომ ვინაიდან ისინი იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს, შესაბამისად, გადარიცხვები და სხვა ოპერაციები იქნება ძალიან იაფი ან შესაძლოა, საერთოდ უფასო იყოს. მაგალითად, თანხების გადარიცხვას მომხმარებლები შეძლებენ საკომისიოს გარეშე. სხვა დანარჩენი მიმართულებით - სესხები, დეპოზიტები და ა.შ. - მნიშვნელოვანი განსხვავება არ იქნება.
ციფრული ბანკები გააიაფებენ მომსახურებას და მათ ხარჯიც ნაკლები ექნებათ, თუნდაც პერსონალის მხრივ. ძირითადად თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, თუნდაც ხელოვნურ ინტელექტს.
ციფრული საქმიანობა ის ახალი პროდუქტი და სფეროა, რომელიც თანდათან იკიდებს ფეხს მთელ მსოფლიოში. აკადემიკოსმა ლადო პაპავამ სებ-ის გადაწყვეტილება მოიწონა და აღნიშნა, რომ ეს არის აბსოლუტურად სწორი, რადგან საქართველო არ უნდა ჩამორჩეს საერთაშორისო სტანდარტებს.
„ციფრული ბანკის ლიცენზია მოიცავს საცდელ პერიოდს, პირველი შვიდი თვე მხოლოდ სატესტო ოპერაციები განხორციელდება. დეპოზიტების მოზიდვა, სესხების გაცემა და სხვა საბანკო ოპერაციები შეზღუდული იქნება, რაც აბსოლუტურად სწორია. ეს არის სტანდარტული მიდგომა ნებისმიერ ახალ საქმიანობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ისეთ ახალ სფეროსთან, როგორიცაა ციფრული ბანკინგი“, - აღნიშნა პაპავამ და დასძინა, რომ 7-თვიანი საცდელი პერიოდი საერთაშორისო გამოცდილებით მიღებული პრაქტიკაა, მსგავსი საქმიანობა კი, როგორც წესი, თანხვედრაშია სავალუტო ფონდის სტანდარტებთან, შესაბამისად, ცალკეული ქვეყნების ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებები მკაცრად რეგლამენტირებულია საერთაშორისო სტანდარტებით.
სებ-ის გადაწყვეტილებას მიესალმება ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილიც. მისი შეფასებით, „ჰეშ ბანკისთვის“ ლიცენზიის გაცემა საერთაშორისო სტანდარტებით მოხდა, შესაბამისად, ყველანაირი აურზაური ამ თემაზე მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ინსინუაცია და სიყალბეა.
„ჰეშის“ შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეროვნული ბანკი ახორციელებს სწორ პოლიტიკას, რადგან სებ-ი ყოველთვის მოქმედებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა და დასძინა, 7-თვიანი ვადა და სატესტ რეჟიმში მუშაობა სწორი გადაწყვეტილებაა.
„ეს ძალიან სწორი მიდგომაა. შვიდთვიანი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი საჭიროა იმისათვის, რომ სებ-ის მხრიდან მოხვდეს სრულფასოვანი დაკვირვება, ცენტრალურ ბანკს ჰქონდეს შესაბამისი დრო და ყოველგვარი აჩქარების გარეშე აწარმოოს მონიტორინგი. მსგავსი პრაქტიკა სრულიად მისაღებია, რადგან ეფუძნება წარმატებული ქვეყნების გამოცდილებას. რამდენადაც ვხედავ ახალი ციფრული ბანკის დამფუძნებლების ვინაობას, მათი კვალიფიკაციის და კომპეტენციის გათვალისწინებით, ეჭვი არ მეპარება რომ საცდელ შვიდთვიან პერიოდში „ჰეში“ შეძლებს სალიცენზიო პირობების სწორად შესრულებას და დარწმუნებული ვარ, წარმატებით გააგრძელებს რეალურ სივრცეში საქმიანობას“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
ცნობისთვის, აღნიშნული ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.