პარლამენტში

პარლამენტში "ნაციონალების" დანაშაულთა განხილვა იწყება

"არავითარი გარიგება "ნაციონალებთან" არ ყოფილა და არც იქნება. რამდენი ყოფილი მინისტრია პასუხისგებაში მიცემული? რამდენი საჯარო მოხელეა? ასობით საქმეა აღძრული და იმედია, ეს საქმეები არჩევნების შემდეგ უფრო სწრაფი ტემპებით წარიმართება. რაც შეეხება მეორე ადგილს, არავითარი ადგილები არ არის განკუთვნილი "ნაციონალებისთვის". ხალხი გადაწყვეტს, მათი ადგილი სად იქნება", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პარლამენტში "ნაციონალების" დანაშაულთა განხილვა იწყება.

"არ მგონია, რომ დაავიწყდა ხალხს ის უსამართლობა და ძალადობა, რაც "ნაცების" მმართველობამ მოიტანა. რა, ბაქრაძე განსაკუთრებული მოვლენაა? ის არ იყო მეორე პირი ქვეყანაში? რა პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე? პრეზიდენტობა სურს ადამიანს, ვინც ძალადობრივი რეჟიმის ერთ-ერთი სახე იყო? ამბობენ, ჩვენ ავიღეთო პასუხისმგებლობა - რით აიღეს. ჩვენი პრეზიდენტი გვინდაო, აცხადებენ. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა მიიღო დასკვნა - შეფასება მივეცით 2004-2012 წლებში სააკაშვილის ხელისუფლების საქმიანობას ადამიანის უფლებების კუთხით. დასკვნა უმძიმესია - ყველა ძირითადი უფლების ხელყოფა ხდებოდა, დაწყებული სიცოცხლის უფლებიდან, დამთავრებული გამოხატვის, შეკრების, პირადი ცხოვრების დაცვის, საკუთრების, წამების აკრძალვისა და სხვა უფლებების", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია.

"სააკაშვილი ის პრეზიდენტია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობა წაართვა ერთ დღეში და ახლა ერთ დღეში ისე არიგებს მოქალაქეობას თურქეთში, რომ არავის არაფერს ეკითხება, არ აყენებს საქმის კურსში იუსტიციის სამინისტროს, სადაც სპეციალური პროცედურებით ხდება მოქალაქეობის მინიჭება. სახელმწიფო უსაფრთხოებაზე რომ ფიქრობდეს პრეზიდენტი, იკითხავდა მაინც, ვის აძლევს მოქალაქეობას. მე არ ვიცი, რანაირად იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს ყველა უწყებასთან შეუთანხმებლად? მისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებია და ბევრ არასერიოზულ რამეს ჩაიდენს კიდევ. 27 ოქტომბრის მერე ახალი ეტაპი დაიწყება და იმედი მაქვს, პროცესები სწრაფად წარიმართება, ყველაფერს სახელი დაერქმევა, რასაც ჯერ ვერ დაერქვა, საქმეების გამოძიება უფრო სწრაფად წავა და სააკაშვილიც აგებს პასუხს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვისთვის", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ესე იგი, კომიტეტში მიღებულ დასკვნაზე პარლამენტი იმსჯელებს?" - პასუხობს:

"რა თქმა უნდა, პარლამენტი იმსჯელებს და საბოლოოდ დაესმება წერტილი სააკაშვილის რეჟიმს. მისი პერიოდი ისტორიაში შევა, როგორც სასტიკი. დამიჯერეთ, არჩევნების შემდეგ ისე განვითარდება მოვლენები, როგორც ქართველ ხალხს უნდა".