ბათუმისა და ფოთის პორტების რესურსი აღარ არის საკმარისი შუა დერეფნის ტვირთებისთვის

ბათუმისა და ფოთის პორტების რესურსი აღარ არის საკმარისი შუა დერეფნის ტვირთებისთვის

ანაკლიის პორტის პროექტი უკვე აქტიურდება. მომავალი წელი ამ მხრივ გადამწვეტი იქნება. გამორიცხული არ არის, 2024 წლის მეორე ნახევარში, ინვესტორმა ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს. პროექტის განხორციელება საჩქაროა, რადგან გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ის მასშტაბები, რაც ბათუმისა და ფოთის პორტებს აქვთ, საკმარისი აღარ არის.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვარაუდობს, რომ წლის პირველ ნახევარში ინვესტორთან შესაძლებელი იქნება მოლაპარაკების დასრულება და წლის მეორე ნახევარში დაიწყება პორტის მშენებლობა.

„როგორი გრაფიკი იქნება ინვესტორთან შეთანხმებული და რომელ თვეში რა სამუშაოს შეასრულებს, ამას დღეს ვერ გეტყვით, თუმცა, წლის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება ამ პროექტის დაწყება.

სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულ 70 მილიონში არ შედის გზა, არ შედის რკინიგზა. ეს არის ინფრასტრუქტურა, ეს პროექტი უშუალოდ უნდა განხორციელდეს წყალში. ე.წ. ტალღმჭრელები, დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც აუცილებელია პორტის მშენებლობისთვის.

რაც შეეხება რკინიგზასა და გზის მშენებლობას... ეს იქნება ცალკე პროექტი, რომელსაც გააკეთებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. პროექტი დაიწყება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების პროცედურები დასრულდება ინვესტორთან.

როგორც კი დაიწყება პორტის მშენებლობა, ინფრასტრუქტურისთვის გამოეყოფა შესაბამისი თანხები, რათა გაიშალოს გზის მშენებლობა და უფრო ადრე აშენდება ეს გზა, ვიდრე პორტი.

რაც შეეხება ინვესტორს, მიმდინარეობს შესაბამისი კონკურსის პროცედურა. ვფიქრობ, წლის პირველ ნახევარში შესაძლებელი იქნება კონკურსი დასრულდეს, მოლაპარაკებები დაიწყოს და საბოლოო ხელშეკრულება გაფორმდეს, ხოლო წლის მეორე ნახევარში ინვესტორი შეძლებს სამუშაოების დაწყებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვექნება ამ 70 მილიონზე მეტი ინვესტორისთვის გასაწევი თანხა.

მოლაპარაკებები სწორედ იმას ნიშნავს, რომ გადაწყდეს რა გრაფიკით უზრუნველყოფს ინვესტორი ინვესტიციებს და რა გრაფიკით უნდა უზრუნველვყოთ ჩვენ ინვესტიციები. შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ დაიწყოს მშენებლობა, ინვესტორმა გაიღოს თანხის ნაწილი და შემდეგ ჩვენ ავუნაზღაუროთ. 2024 წელს უშუალოდ პორტის მშენებლობის ნაწილში თანხა გადასახდელი არ გვექნება“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კაკაურიძემ.

ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი პროექტია, თუმცა საქართველოში წარმატებით მუშაობენ სხვა ნავსადგურებიც. სხვა საკითხია, რამდენად მზად არიან ქართული პორტები, რომ ფეხი აუწყონ იმ პროექტებს, რომელიც ჩვენი რეგიონის ფარგლებში იგეგმება? საქართველოს ბიზნესასოციაციის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის მამუკა მურჯიკნელის შეფასებით, ქართული პორტები სრულად ვერ ითვისებენ იმ რესურსებს, რაც საქართველოს შავი ზღვის რეგიონს გააჩნია. მურჯიკნელი ამის მიზეზად გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და იმ მოვლენებს ასახელებს, რომელიც რეგიონსა და სამეზობლოში განვითარდა.

„ამის განჭვრეტა და წინასწარ მომზადება, ალბათ, შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენმა სატრანსპორტო-ლოგისტიკურმა დერეფანმა საკმაოდ ნორმალურად გაართვა თავი ამ გამოწვევას. ტვირთბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა და ბიზნესმაც და სახელმწიფომაც, ერთობლივი მუშაობით, შევძელით და შევქმენით ღირსეული ალტერნატივა, რომელიც სწრაფი და უსაფრთხოა, როგორც ცენტრალური აზიიდან დასავლეთისკენ მიმართული ტვირთისთვის, ასევე პირიქით“, - განაცხადა მურჯიკნელმა.

მის აზრით, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და ბიზნესის აქტიურობის დამსახურებით, ის მასშტაბები, რაც ბათუმისა და ფოთის პორტებს აქვთ, საკმარისი აღარ არის, რათა მოემსახურონ იმ ტვირთებს, რომელიც შუა დერეფანში გადის და გაივლის. ამიტომაც საჭიროა მესამე, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს.

„თუმცა, მხოლოდ პორტის აშენებით პრობლემა ვერ მოგვარდება. ერთიან ჭრილში უნდა განვიხილოთ საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, პორტების მოდერნიზაციასთან და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან ერთად თუ არ მოხდა რკინიგზის მოდერნიზაცია და ვაგონების პარკის განახლება, მხოლოდ პორტების მშენებლობა და განვითარება შედეგს ვერ მოგვცემს“, - აღნიშნა „ბიზნეს ინსაიდერთან“ მურჯიკნელმა და დასძინა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის ტვირთბრუნვას სულ სხვა მასშტაბზე გაიყვანს.

შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკისთვის შავი ზღვის სატრანსპორტო მნიშვნელობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. შავ ზღვაში საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორი - ტრასეკა - გადის, აუზი კი 11 ქვეყანას აერთიანებს. ქვეყანაში ამჟამად 2 საზღვაო პორტი და 2 ნავთობტერმინალი მუშაობს.