რა რჩება მართლმსაჯულების რეფორმის მთავარ გამოწვევად

რა რჩება მართლმსაჯულების რეფორმის მთავარ გამოწვევად

სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათშორისმა საბჭომ ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. როგორ მიმდინარეობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სასამართლო, სასჯელაღსრულების თუ პოლიციის რეფორმები, რა შეიცვალა და რა დარჩა შესაცვლელი კანონმდებლობაში - ამ საკითხებზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები 12 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, მსჯელობდნენ.

სასამართლო რეფორმის მეორე ფაზა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი - იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 12 ოქტომბერს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათშორისი საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე უახლოეს მომავალში განსახორციელებელ გეგმებს შორის სწორედ ეს ორი საკითხი გამოყო. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 
ცალკე აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, სისხლის სამართლის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში სამუშაოდ მან „დვოკატთა ასოციაცია“ მოიწვია, ვის გარეშეც მიმდინარეობდა წლების განმავლობაში ყველა ტიპის სისხლის სამართლის რეფორმა:

„წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - ეს არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც ჩვენს ბავშვებს ეკუთვნით. მათ უნდა მისცეს ხელისუფლებამ იმის შესაძლებლობა, რომ როდესაც ბავშვი გზას ასცდება, მას ჰქონდეს ამ გზაზე უკან დაბრუნების საშუალება და გვყავდეს მოსამართლეები, რომლებმაც იციან, როგორ უნდა შეისწავლონ ბავშვების სისხლის სამართლის საქმეები“.

უკვე გაკეთებულ საქმეებში თეა წულუკიანი ასახელებს სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების დამტკიცებას სისხლის სამართლის კანომდებლობის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმების შესახებ.

„ჩვენ ასევე ხელი შევუწყვეთ პროკურატურის დეპოლიტიზაციის პროცესს, რაც შემდეგ კანონითაც გაფორმდა და თქვენ იცით, დღეს პროკურატურა თავისუფალია პოლიტიკური ფიგურებისგან, მათ შორის, ჩემგანაც“.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა კი, სოზარ სუბარმა, 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემამ არ შეუქმნა დაბრკოლებები საერთო რეფორმის განხორციელებას. სოზარ სუბარი ჩამოთვლის რამდენიმე ასპექტს, რაც ციხეში რეფორმის წარმატებულად მიმდინარეობაზე მიუთითებს. ერთ-ერთი, სუბარის თქმით, ციხეში პატიმართა სიკვდილიანობის შემცირებაა:

„წელიწადში ეს არის 144 გარდაცვლილი პატიმრიდან 18 პატიმრამდე შემცირებული და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ეს რიცხვი არ გაიზრდება“.

სოზარ სუბარის თქმით, ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს ე.წ. ბარაკული ტიპის ციხეების საბოლოოდ დანგრევა და მათი ახალი ტიპის საპყრობილეებით შეცვლა. გეგმაშია რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაც:

„მაგალითად, საკანონმდებლო ცვლილება გულისხმობს პატიმართა კლასიფიკაციას მათი ქცევისა და ცხოვრების წესის მიხედვით. დაგეგმილია ოთხი ტიპის ციხე უსაფრთხოების კუთხით და პატიმართა კლასიფიკაციაც სწორედ ასე მოხდება. ეს ნაკლებად იქნება დამოკიდებული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე. აქცენტი გაკეთდება უფრო იმაზე, თუ ესა თუ ის პატიმარი როგორ მოიქცევა, რამდენად დაემორჩილება რეჟიმს და ა.შ…“

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ კვლავაც არის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში საკითხები, რომელთაც დახვეწა სჭირდება. მაგალითად, ეს შეეხება დაცვისა და დაზარალებულის უფლებების გაზრდას:

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებები, რომლებმაც გაზარდა ადვოკატის უფლებები, დადებითად უნდა შეფასდეს, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეს თანაბარი უფლებები ჰქონდეთ პროცესის დროს. თანაბრობა კი აუცილებელია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, მოქმედებს შეჯიბრობითობის პრინციპი. ამიტომ, თუ ბრალდების მხარეს ბევრად მეტი და აღმატებული უფლება ექნება, მაშინ როცა მოსამართლე მხოლოდ არბიტრია, ცხადია, ის ამ შეჯიბრს ყოველთვის მოიგებს. ამიტომ დაცვის მხარის უფლებები კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს“.

„აი, მაგალითად, კანონი დაზარალებულს არ აძლევს გასაჩივრების უფლებას, საქმის მასალების მოძიების უფლებას, რაც ასევე ძალიან პრობლემაა, რადგან ჩვენთან უამრავი სხვადასხვა დანაშაულით დაზარალებული ადამიანი მოდის, რომლებიც, საპროცესო გარიგების შეთანხმების შემთხვევაში, იმასაც კი ვერ ახერხებენ, რომ ეს გაასაჩივრონ, მტკიცებულებები მოიპოვონ და ა.შ…“

12 ოქტომბრის შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვიც, რომლის განცხადებით, ევროკავშირი ყოველთვის იყო კრიტიკული საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ, თუმცა, მისი აზრით, ეს პროცესებს მხოლოდ ეხმარება. ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, პროგრესი შესამჩნევია, რაც არის კიდეც მიზეზი იმისა, რომ ნოემბერში ვილნიუსის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების შესაძლებლობა მიეცემა.