"ოლიმპიური კომიტეტის გადასაწყვეტია, გამოაცხადებს თუ არა ქართული მხარე ბოიკოტს. მე, მაგალითად, მივცემდი ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლებას, ოღონდ არა საქართველოს დროშით. კარგი იქნებოდა, ქართველ სპორტსმენებს სოჭში ეროვნული კი არა, ოლიმპიური დროშა აეფრიალებინათ - ეს უფრო მტკივნეული იქნება რუსებისთვის, ვიდრე საქართველოს უარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ბოიკოტზე ერთი დღე ილაპარაკებდნენ, მერე კი ყველას დაავიწყდებოდა. ბიძინა ივანიშვილი პრინციპულად არ ერევა ამ აჟიოტაჟში და დროა, ოლიმპიურმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და არ ელოდოს მთავრობის ნებას", - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ივანიშვილმა უნდა შექმნას შიდა კონტროლის სისტემა" / "რუსი პილოტის მეჩირაღდნედ არჩევის შემდეგ, მთელი მსოფლიო სიცილით მოკვდა" / "ადეიშვილი სოროსის პირმშოა, სოროსის ინსტიტუციები კი ყველაზე ძლიერი სწორედ ბუდაპეშტშია".
"რასაკვირველია, რუსებს თავს გაუვიდათ, თუმცა, მეორე მხრივ, ნახეთ, რა ქნეს - მეჩირაღდნედ ქართველი დიანა ღურწკაიაც აირჩიეს. ეს ჯერ კიდევ ჩინგიზ ყაენიდან გამოყოლილი ცბიერებაა, მაგრამ დღეს ასეთი დიპლომატია არ ჭრის, ყველა ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. ეს ჟესტი, უპირველესად მსოფლიოსთვის არის გათვლილი, რომ ვითომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანაა და მეჩირაღდნედ ჰყავთ საქართველოსთან ომის "გმირიც" და ქართველი დიანა ღურწკაიაც. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რუსი პილოტის მეჩირაღდნედ არჩევის შემდეგ, მთელი მსოფლიო სიცილით მოკვდა და რუსეთმა მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
"ადეიშვილი სოროსის პირმშოა, სოროსის ინსტიტუციები კი ყველაზე ძლიერი სწორედ ბუდაპეშტშია. ასევე, კანონის უზენაესობა არ არის უნგრეთის დღევანდელი ადმინისტრაციის ყველაზე ძლიერი მხარე. ადეიშვილმა აირჩია ის ქვეყანა, სადაც მიიღო ხელშეუხებლობის გარანტია. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მართლაც უნგრეთშია თუ არა ადეიშვილი. ზოგიერთი შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანა პრემიერის განცხადებამ ადეიშვილზე. არადა, ივანიშვილმა თქვა, ადეიშვილისგან თუ ქურდს არ გამოზრდიდი, პატიოსნად იმუშავებდაო. პრემიერმა ამით მიანიშნა, რომ თევზი თავიდან ყარს. ადეიშვილზე აქცენტი კი იმიტომ გააკეთა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულები სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება იმას, გაჭიანურდა თუ არა ადეიშვილის ძებნილად გამოცხადება, ჩემი აზრით, დასრულდა მტკიცებულებების შეგროვება და, სავარაუდოდ, მასალებს ინტერპოლს გადასცემენ", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "საპრეზიდენტო არჩევნებამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა. რით განსხვავდება ეს კამპანია გასული წლების წინასაარჩევნო კამპანიებისგან?" - პასუხობს:
"სიმშვიდით, ექსცესების ნაკლებობითა და პროცესში პოლიციისა თუ გამგეობების ჩაურევლობით. ბიძინა ივანიშვილი ასრულებს დაპირებას, ასეთი მშვიდი კამპანია ჯერ არასოდეს მინახავს. არჩევნებზე შესაძლოა, მეორე ტურიც გახდეს საჭირო. მე, მაგალითად, კმაყოფილი ვიქნები, თუ მეორე ტური მოეწყობა, ოღონდ არა "ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობით. თუ "ნაციონალების" კანდიდატი მეორე ტურში გავა, ეს ჩემთვის ტრაგედია იქნება. არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ მახსენდება, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად არ გამართულიყოს - გარდა აშშ-ისა, თუმცა იქ სულ სხვა საარჩევნო სისტემაა. თუ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოეწყო, ის არ იქნება ბაქრაძესა და მარგველაშვილს შორის, არამედ ერთმანეთს მარგველაშვილი და ბურჯანაძე დაუპირისპირდებიან. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამის ალბათობა საკმაოდ დაბალია".