ირაკლიმ ირაკლის შეუსრულა... ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი მინისტრია. ალასანია, რომელიც ჯიჰადის ვიდეოს გამო დაპირისპირებაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრთან, კიდევ ერთხელ ჩაფლავდა. როგორც ჩანს, მან ვერ გათვალა ღარიბაშვილის შესაძლებლობები, მოვლენებს დაასწრო და მწუხარება გამოთქვა ჯიჰადის ვიდეოს გამოუძიებლობის გამო, მაშინ, როცა ეს საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გამოძიებული ჰქონია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მინისტრებს შორის ნაკლები კომუნიკაციაა? შეეძლო თუ არა ალასანიას, ღარიბაშვილისთვის დაერეკა და გაერკვია, რა ხდებოდა ამ საქმის ირგვლივ? და რატომ არ გააკეთა ეს?
ექსპერტი მამუკა არეშიძე 'ალიას' კითხვებს პასუხობს:
- ჯიჰადის საქმე გახსნილია. თქვენი ინფორმაციით, რა ხდება ამ საქმის ირგვლივ კულუარებში?
- საზოგადოება დიდი ხანია ელოდა ამ საქმის გამოძიების დასრულებას. მისმა ერთგვარმა გაწელვამ გამოიწვია უკმაყოფილება საზოგადოების, ამას მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც გამოთქვა თავისი უარყოფითი აზრი გამოძიების გაწელვასთან დაკავშირებით, რასაც ვთვლი, რომ გარკვეული რეაქცია მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან. საქმე ისაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კარგა ხანია მზად იყო. მე ვთვლი, რომ ის, რაც გუშინ გამოქვეყნდა, არის გამოძიების ფრაგმენტი, ძალიან სერიოზული, თუმცა მაინც, ფრაგმენტი. შესანიშნავად გაართვა თავი შს სამინისტრომ გამოძიების პროცესს, ეფექტურად დაიხმარა ამერიკული სპეცსამსახური, კერძოდ, 'ეფ-ბი-აი' და მივიღეთ ეს შედეგი, რომელიც გამოქვეყნდა.
- თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯიჰადის საქმე გამოძიებული ჰქონდა, რატომ დააგვიანა შედეგის დადება?
- ვიმეორებ, რომ ეს არის ფრაგმენტი, საქმეს აკლია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. საქმე ის არის, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი მარტო არ მოქმედებდა, არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო ვიღაც, ვინც მას ეხმარებოდა.
- როგორ ფიქრობთ, დამნაშავის მოტივაცია რა იყო?
- ჯერჯერობით მოტივაცია უცნობია. პასუხგაუცემელია კითხვები, ვისი დავალებით მოქმედებდნენ, რა იყო მიზანი და რამდენად სერიოზული ჯგუფი იყო. მე 'აიტის' სპეციალისტებს დავუკავშირდი და მათ ვკითხე, რამდენად შესაძლებელი იყო ასეთი ტექნოლოგიური ლოგიკა, რაც გამოაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სამივე სპეციალისტმა მიპასუხა, რომ მსგავსი რამის გაკეთება შესაძლებელი იყო.
იმის მიუხედავად, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოფიციალურად ქართული 'ჯი-ეს-ემ' ოპერატორების დაფარვის ზონა არ ვრცელდება, მაინც შესაძლებელი იყო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ამ ქსელების `უესბე~ ინტერნეტ-მოდემები გამოიყენოს. ქართული 'ჯი-ეს-ემ' ოპერატორების ანძები ოკუპირებული ტერიტორიის საზღვართან მდებარეობს და სავსებით შესაძლებელია, დაახლოებით 35-40 კმ-ის რადიუსზე მისი დაფარვის ზონა საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზეც გავრცელდეს. ასე ამბობენ სპეციალისტები. დასაშვებია, ჯიჰადის ვიდეომასალა, 'უესბე' ინტერნეტ-მოდემების გამოყენებით ატვირთულიყო, როგორც ჩანს, კვალის დაფარვის მიზნით მალაიზიის სერვერი გამოიყენეს. როგორც 'აიტის' სპეციალისტები აცხადებენ, ვიდეო რეალურად ატვირთულია აფხაზეთში. ბუნებრივად კითხვა გამიჩნდა, - რამდენად შესაძლებელი იყო იმ ადამიანის მიგნება, ვინც ვიდეო ატვირთა. მითხრეს, რომ ამ პიროვნების დადგენა შესაძლებელია, თუ გამოყენებულია 'ეფბიაის' ტექნოლოგიები. ასე რომ, ჩემთვის ეჭვის საფუძველი ჯიჰადის საქმის ამ ფრაგმენტთან დაკავშირებით, მოისპო. ჩემთვის რომ ეთქვათ, ამ ჯიჰადის ვიდეოს საქმეში გარეული იყო აგრესიული მუსლიმანური სამყაროს წარმომადგენელი, ჩემთვის იქნებოდა ტრივიალური მიდგომა, მაგრამ ყირგიზეთი არ გამოირჩევა განსაკუთრებული მუსლიმანური ტრადიციებით და ფუნდამენტალური ისლამი იქ არ არის იმდენად ძლიერი, როგორც ფუნდამენტალურ მუსლიმანურ ქვეყნებში. უნდა ითქვას, რომ მოჯაჰედების შემადგენლობაში, რომლებიც აფხაზეთში იბრძვიან, ბევრია შუა აზიის წარმომადგენელი, მათ შორის ყირგიზეთის მოქალაქე.
- ვიდეო აიტვირთა აფხაზეთის ტერიტორიიდან, ჯიჰადის საქმესთან პირდაპირ კავშირშია ყირგიზეთის მოქალაქე, ყირგიზეთზე დიდი გავლენა აქვს რუსეთს. თუკი ფუნდამენტური ისლამის იდეას გამოვრიცხავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ საქმეში რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ურევია?
- ყირგიზეთის ბმა რუსეთთან და ბევრი სხვა ფაქტორი, ირიბად მიგვანიშნებს რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობაზე ამ საქმეში, მაგრამ ამავდროულად, ნუ დავივიწყებთ, რომ არსებობს არაბული სპეცსამსახურები, არსებობს ისლამისტური დაჯგუფებები თავისი შიდა სპეცსამსახურებით, რომლებიც აქტიურად ცდილობენ საქართველოს ტერიტორიაზე დამკვიდრებას. სამხრეთ კავკასიაზე გავლენების მოსაპოვებლად ნამდვილად იბრძვიან. ამ წუთას ძნელი სათქმელია, რომელი სპეცსამსახურის ნებას ასრულებდა ეს კონკრეტული პიროვნება. ვიდეო, ტექნიკური თვალსაზრისით, კარგად იყო შესრულებული, თუმცა შინაარსობრივად და დრამატურგიის თვალსაზრისით, ეს არ იყო ისლამისტების ტიპური ნამუშევარი, ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. მუსიკალური გაფორმება, კადრების შერჩევის სტრუქტურა, ბევრი სხვა რამ ისლამისტებისთვის არატრადიციული იყო. ეს ვიდეო საქართველოს მოქალაქის ხელწერას უფრო ჰგავდა, ვიდრე ტიპური ისლამისტის ხელწერას. ერთხელ, თქვენთან ინტერვიუში ვთქვი და გავიმეორებ, - ესპანელების წინააღმდეგ ანალოგიური ვიდეორგოლები დამზადდა, რამაც შემდგომში გამოიწვია ესპანეთის ხელისუფლების მიდგომების შეცვლა ავღანეთში მათი ჯარების მონაწილეობის მიმართ.
არ მგონია, რომ ამ საქმეში მარტო ერთი ყირგიზეთის მოქალაქე იყო ჩართული. ეს რომ ყოფილიყო ციკლური ვიდეორგოლები, ვიფიქრებდი, რომ ამ საქმეში სპეცსამსახურები აქტიურად მონაწილეობენ და მათ კონკრეტული გეგმა აქვთ. რადგან ამ ვიდეოს არ მიეცა სერიალის სახე, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა პაუზის შემდეგ, რომ თვითონ ავტორები ან დილეტანტები იყვნენ და თავისი სურვილით მოქმედებდნენ, ან მათსა და ვიდეორგოლების დამკვეთს შორის მოხდა უთანხმოება, და მესამე, - შესაძლოა, ისინი იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე და მერე გავიდნენ აქედან. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ვიდეოს მიზანი იყო ხალხის დაშინება. მაგალითად, ესპანეთში, როცა მსგავსი ტიპის ვიდეო გაუშვეს, ამას მოჰყვა რამდენიმე ტერორისტული აქტი, ააფეთქეს რკინიგზა, საბოლოო ჯამში, ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთიდან თავისი ჯარის გამოყვანის თაობაზე. აქ მსგავსი რამ არ მომხდარა, იყო ორი ვიდეორგოლი და ამით დასრულდა. ამიტომ, 'კუსტარულობის' შთაბეჭდილება დატოვა ამ ვიდეორგოლებმა. იგივე რუსული სპეცსამსახურები ყოველთვის თანმიმდევრულები არიან თავის ქმედებაში, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ დანაშაულის კვალზე ძალიან მალე გავიდნენ და ამიტომაც შეჩერდა ვიდეოების გავრცელება. არ გამოვრიცხავდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც დანაშაულის კვალზე მალე გავიდა, ამ საქმეს არჩევნებისთვის გაახმოვანებდა. ამ ამბის ახლა გახმოვანების სტიმულატორის როლი შეასრულა საზოგადოებამ და გარკვეულწილად თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებამ. ამიტომაც, ჩვენ მივიღეთ სერიოზულად გამოძიებული ფრაგმენტი ამ საქმიდან.
- თვლით, თუ არა, რომ ორ ირაკლის შორის დაპირისპირებაა და როცა პრემიერმა განაცხადა, ერთ-ორ კაცს უნდა სიტუაციის აყირავება, მაგრამ ეს ვერ გამოუვათო, ერთ-ერთში ალასანიას გულისხმობდა.
- მე მგონია ორი კი არა, უმრავლესობაში მეტია, ვისაც სიტუაციის აყირავება უნდა. აყირავებაში თუ იგულისხმება საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა, ეჭვი მეპარება, ეს ვინმემ შეძლოს. უმრავლესობაში არ არიან ისეთი პოლიტიკური ფიგურები, ორმა კაცმა დაშალოს უმრავლესობა. თუ იგულისხმება პოლიტიკური პარტია, გასაგებია, რადგან არ შეიძლება პოლიტიკურ პარტიებს შორის არ იყოს უთანხმოება მთელი რიგით მიზეზებით. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ კოალიციაში შემავალი პარტიები საკუთარ თამაშს წამოიწყებდნენ. ისინი ეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ხალხი გაიყვანონ თავ-თავისი პარტიებიდან, რაც, ცხადია, გამოიწვევს დაპირისპირებას. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, პირადად მე ძალიან გამიკვირდა მისი საჯარო პრეტენზია ღარიბაშვილის უწყებისადმი, ეს იყო მოულოდნელი, გაუგებარიც. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ალასანიამ რაღაც იცოდა და ამიტომ სთხოვდა შსს-ს ჯიჰადის საქმის გასაჯაროებას. ალასანიას შეეძლო, აეღო ტელეფონი და პირადად დაკავშირებოდა ღარიბაშვილს, ვფიქრობ, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა ტიპის განწყობები გაჩნდა, რაც საზოგადოებისთვის დახურულია, მაგრამ განწყობები მაინც ჩანს.
- პრემიერის პოზიცია გაურკვეველი დარჩა, თუ როგორ აპირებს, დაუპირისპირდეს რუსეთის მცოცავ ანექსიას, არადა, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ყოველდღიურად აქტიური ქმედების ფაზაში შედის. ორი სამხედრო ვერტმფრენი დაფრინავდა განმუხურის თავზე და მათი მცოცავი ანექსია სულ მალე გადაინაცვლებს აფხაზეთის მიმართულებით. ასეთ ქმედებას უნდა მოჰყვეს ან დიალოგის გზით რუსეთის შეჩერება, ან ომი. რამდენად საშიშ მდგომარეობაში ვიმყოფებით?
- ძალიან რთულია ხელისუფალის მხრიდან აღიარება, - მე ესა თუ ის საქმე არ გამომდის... რბილად, მაგრამ ივანიშვილმა ეს მაინც თქვა. ივანიშვილის ლოგიკა ასეთი იყო, ეს პრობლემა მემკვიდრეობით დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლების დროს დაიწყო მავთულხლართების გაბმა, მაგრამ დღეს ამ ვითარების შეცვლა არ შეგვიძლია. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. მე რომ ეს მეთქვა ჩვენს შეხვედრაზე ივანიშვილთან, ის აუცილებლად კამათს დამიწყებდა, სინამდვილეში თავადაც ამას ამბობს, გამოუვალი მდგომარეობაა. აქ არის ორი გზა - ან ომი, ან საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება. საერთაშორისო მექანიზმები რაღაც ფორმით უკვე გამოყენებულია, მაგრამ ამას თავის ეფექტი არ მოაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა ორიენტირებულია, როგორმე ვილნიუსის სამიტი ჩაატაროს და ოთხიდან სამ ქვეყანას მაინც მოაწერინოს ხელი დოკუმენტზე: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, სომხეთი უკვე გამოთიშა რუსეთმა, ამ ფორმატში მიდის ბრძოლა. ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, ეს არის უბედურება, ამას კი კარგად იყენებს რუსეთი. საქართველომ რომ არ მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, დგამს იმ ნაბიჯებს, რასაც დგამს. მე ვთვლი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მაქსიმალურად, სამწუხაროდ, ამ მდგომარეობას ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ მთავარია, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ მინიმალურად მიუახლოვდნენ რუსები ჩვენი ქვეყნის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან არტერიებს. ეს იქნება ტრანსკავკასიური მაგისტრალი, თუ ენერგომატარებლების ცენტრალური მაგისტრალი.
- რამდენად შეძლებს ახალი პრემიერი, ამ დაძაბულ ვითარებას თავი გაართვას? არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, ვინ შეცვლის ივანიშვილს?
- დარწმუნებით ვიცი ერთი კანდიდატურა, ეს არის კვირიკაშვილი, მეორე კანდიდატურა იყო ირაკლი ღარიბაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ორჭოფობაა, დღის წესრიგიდან არც ერთი კანდიდატურა მოხსნილი არ არის.
- ბიძინა ივანიშვილს თქვენს მიმართ რატომ აქვს აგრესია? მან თქვა, რომ იყავით მისი გუნდის წევრი, იყრიდით კენჭს... იცის თუ არა პრემიერმა, რომ 'ოცნების' რამდენიმე წევრი იყო შეკრული კუდ-თან და ასე დაგამარცხეს? იცის თუ არა პრემიერმა, რომ ამ ღალატის გამო თქვენ ცუდად გახდით, საავადმყოფოში იწექით და გადასხმას გიკეთებდნენ? თქვენ არც ერთ ინტერვიუში ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი, ივანიშვილი არ დაგიკნინებიათ... და მაინც, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი?
- როგორც ჩანს, მან ჩემი დამარცხების მიზეზები იცის, რადგან ალეკო ელისაშვილთან საუბარში თქვა, რომ ის იყო ჩვენი გუნდის წევრი, კენჭს იყრიდა მაჟორიტარად გარდაბნის რაიონში, დამარცხდა, მაგრამ ეს არ იყო მისი ბრალი. ეს ნიშნავს, რომ მას სცოდნია, თუ როგორ დამამარცხეს. როგორც ჩანს, მას ამ თემაზე საუბრის სურვილი არა აქვს, რადგან ბევრი თემა უნდა გაიხსნას, თუკი ამ საკითხს დავუბრუნდებით. აგრესია ჩემ მიმართ იმიტომ არის, რომ პირველი დღეებიდან ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა ჯგუფი, რომლის ნაწილიც იყო კუდ-ის მიერ ჩანერგილი, ნაწილი მებრძოდა საკუთარი ამბიციებიდან გამომდინარე. ისინი ცდილობდნენ იქ არ ვყოფილიყავი, ეს ჯგუფი იყო საკმაოდ სერიოზული და გავლენიანი, ბიძინა ივანიშვილს დღემდე აწვდიან ცრუ ინფორმაციას, თუ როგორ გავძარცვე 'ქართული ოცნების' სალარო. მე შევადგინე კიდეც შესაბამისი დოკუმენტი, სადაც არის გაწერილი ხარჯთაღრიცხვა, რა და როგორ მოხდა. საუბრების ისეთი ფრაგმენტები მომდის, გაოგნებული ვარ, თითქოს, მე 'ოცნების' საარჩევნო სალაროდან ავიღე ფული და ეს ფული დავხარჯე კაზინოში. არ ვიცი, რომელი ერთი ჭორი ჩამოგითვალოთ, წარმოუდგენელი ამბები მოდის. საკუთარი ნათქვამი რომ დაემტკიცებინათ ივანიშვილისთვის, რას აღარ იგონებდნენ ჩემს წინააღმდეგ. სხვათა შორის, მარტო ჩემ მიმართ კი არ იყო ბრძოლები, მიაქციეთ ყურადღება, მცირე ნაწილი შემორჩა იმ ჯგუფიდან, რომელიც ივანიშვილის გვერდით პირველსავე დღეებში დადგა, ივანიშვილის გუნდში ძირითადი ნაწილი შემდგომ შემოერთებული ხალხია. ბევრია კუდ-ის მიერ ჩანერგილი აგენტი, რომლებიც შესანიშნავად მოერგნენ ადგილებს. მინდა ერთი შეკითხვა დავსვა, - როდესაც ბიძინა ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან და დატოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტს, ის წავა პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტიდანაც, რა გამოდის, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე ხვალ და როგორი იქნება 'ქართული ოცნება'. მე შეიძლება გავიგო, რომ რაღაცა ფორმით ბიძინა ივანიშვილს გავლენა ექნება მთავრობაზე, მაგრამ ვერაფრით გავიგებ, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პარალელურად იყოს პარტიის თავმჯდომარე.