"იმედია, ივანიშვილი უკანასკნელი პოლიტიკოსია, ვისზეც ამომრჩეველთა უმრავლესობამ არარეალისტური იმედი დაამყარა და მისი ასრულება მოითხოვა”

"ეს არის არჩევნები მკაფიოდ გამოხატული ლიდერების გარეშე, რაც განაპირობებს ამომრჩევლის დაბნეულობას და შესაძლოა მეორე ტურის ზღვარზე აღმოვჩნდეთ. კანდიდატებს შორის არ არსებობს პირი, რომელიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის უპირობო ავტორიტეტი იქნება - მარგველაშვილი ჯერაც ივანიშვილის კრეატურად აღიქმება და ახლა ამ დანაკლისის ანაზღაურებას ცდილობს, ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ რამდენიმე სერიოზული არგუმენტი არსებობს, რომელთა დაძლევაც გაუჭირდება, ბაქრაძე გარდამავალი ფიგურაა...", - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვინც ამას ვერ შეძლებს, განიდევნება" / "ჩვენ დღეს პოლიტიკურ აქტორთა დემითოლოგიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ".

"ვფიქრობ, ბაქრაძის დღევანდელი როლი მაქსიმალური ზღვარია, რასაც იგი ოდესმე შეასრულებს ქართულ პოლიტიკაში, "ნაციონალურ მოძრაობა" კრიზისისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებს - მან ვერ დათმო თავისი ლიდერი და მისი გარემოცვა. "ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოებასთან დიალოგის წარმართვა მხოლოდ პიარის ენაზე შეუძლია, დაუსრულებლად იმეორებს საკუთარ თავს და ვერ გრძნობს, თუ როგორ კარიკატურულ სახეს იღებს მისი მცდელობები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს კეთილი სიტყვა არ მითქვამს "ნაციონალურ მოძრაობაზე", დარწმუნებული ვარ, მისი ტოტალური განადგურება მძიმე შეცდომა იქნება. მაგრამ ისიც ცხადია, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

"ამომრჩეველი თანდათან იაზრებს პოლიტიკისადმი მითოსურ-პოეტური დამოკიდებულების მთელ მანკიერებას. მეტიც, ყველანი უფრო ნათლად ვგრძნობთ, რომ პოლიტიკური ცხოვრების მთავარი სუბიექტი თავად ჩვენ ვართ. საზოგადოება თანდათან ძნელი სამართავი გახდება პოლიტიკური კლასისათვის და ეს უკანასკნელიც ეცდება, ჩვენთან ურთიერთობისთვის უფრო ადეკვატური ენა გამოიმუშაოს - ვინც ამას ვერ შეძლებს, განიდევნება. ცხადია, დღესაც მრავლად არიან ეგზალტირებულები, რომლებისთვისაც სამიტინგო-რევოლუციური თრობა აუცილებელია, რათა საკუთარი მნიშვნელობა იგრძნონ. მრავლად არიან ისეთი პოლიტიკოსებიც, ვინც ვერ გამოსულა 1989 წლის 9 აპრილის პოლიტიკური მეთოდების ტყვეობიდან. საბედნიეროდ, საკმაოდ არიან ისეთებიც, რომლებიც ახერხებენ გონების სასწორზე შეაგდონ მოვლენები და ასეთების რიცხვი თანდათან იზრდება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ალბათ, შესწავლის საგანი გახდება რა გავლენა მოახდინა ჩვენს ისტორიაზე სოციალურმა ქსელებმა - თუ არაბულ ქვეყნებში რევოლუციური ვნებების გაღვივებას შეუწყო ხელი ჩვენთან პირიქით, - შექმნა ის საზოგადოებრივი სადისკუსიო რეჟიმი, რომელიც ასე გვაკლდა. თანაც ამ რეჟიმში ჩართულნი არიან ისინი, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს ამ ქსელების ათვისებასა და პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენებას, ამას ბოლომდე მაინც ვერ ახერხებენ. ამ თაობის რაციონალიზმი და დამოუკიდებლობა მაღალი ხარისხისაა, დღეს უკვე ჩვენ თვალწინ ყოველდღიურად იზრდება მისი საზოგადოებრივი როლი და ამიტომაც ჩქარობენ რუსები ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ფეხის მოკიდებას. მათ კარგად იციან, რომ ამ თაობასთან საერთო ენის გამოძებნა გაუჭირდებათ", - მიიჩნევს ზაზა ფირალიშვილი.

"საქართველოში ამომრჩეველს ჯერაც უჭირს კანდიდატთა პროგრამების ნიუანსებში გარკვევა. ამიტომაც მეტ ყურადღებას იმას უთმობს, თუ პროგრამებს ვინ წარმოადგენს. ამ ეტაპზე ეს ნორმალურიცაა - ჩვენში ჯერაც არ ამუშავებულა ის მექანიზმები, რომლებიც პროგრამებს რეალურ ძალას შესძენს. ჩვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს პიროვნების როლის გადაჭარბებასთან, თითქოს "მან უკეთ იცის" ყველაფერი, ხოლო თუ რა იცის, ბევრს აღარც აინტერესებს. თუმცა, ამ თვალსაზრისითაც იცვლება ვითარება - ჩვენ დღეს პოლიტიკურ აქტორთა დემითოლოგიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. პოლიტიკოსები ძნელად ეგუებიან ამას, ჩვენი საზოგადოების რიგითმა წევრმა კი საკუთარ ბედზე იწვნია პოლიტიკოსთა მითოლოგიზებისა თუ დემონიზების ყველა შედეგი", - განმარტავს ფილოსოფოსი

"სხვათა შორის, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან ორიოდე კვირა იყო გასული, როცა ახალი ხელისუფლების კრიტიკამ იმატა, თანაც მას აკრიტიკებდნენ არა "ნაციონალები", არამედ სწორედ ისინი, რომლებიც სულ ცოტა ხნით ადრე ამ ძალისადმი სიმპათიით იყვნენ განწყობილი. იმედია, ივანიშვილი უკანასკნელი პოლიტიკოსია, ვისზეც ქართული ელექტორატის მნიშვნელოვანმა ნაწილმა არარეალისტური იმედი დაამყარა და შემდეგ მოითხოვა კიდეც ამ იმედის ასრულება. ჩვენ თანდათან მივდივართ იმ მდგომარეობისკენ, როდესაც პროგრამასა და პოლიტიკურ აქტორს შორის ერთგვარი ბალანსი დამყარდება. მთავარია, ისტორიამ გვაცალოს - 70-წლიანი უმძიმესი ისტორიული სტრესის შემდეგ სულ რაღაც ოციოდე წელიწადში ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლეთ", - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.