1 წლის განმავლობაში 5000-მდე ანაზღაურებადი სტაჟიორის მიღება გახდება შესაძლებელი

1 წლის განმავლობაში 5000-მდე ანაზღაურებადი სტაჟიორის მიღება გახდება შესაძლებელი

პარლამენტი ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ კანონზე პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ამბობს, რომ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მომავალი წლის ბოლომდე 5000-მდე სტაჟიორის აყვანა იქნება შესაძლებელი. კანონი განსაკუთრებით სტუნდეტებისა და დამწყები სპეციალისტებისთვის იქნება ხელსაყრელი. მათ სწავლასთან ერთად, კვალიფიკაციის ამაღლება უკვე ანაზღაურებადი სტაჟირებით შეეძლებათ.

„მიღებულია კანონპროექტი და ველოდებით ხელმოწერას პრეზიდენტისგან, რომ 1-ელი იანვრიდან სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი. ხელფასი, რომელიც სტაჟიორმა უნდა მიიღოს არადეფიციტურ პროფესიებზე, ეს არის 500 ლარამდე და დეფიციტურზე 1000 ლარამდე ვიძლევით ხელფასის გაცემის შესაძლებლობას. 2024 წლისთვის, ვფიქრობთ, რომ 5000-მდე სტაჟიორის მიღებას შევძლებთ.

ჩვენ ვიწყებთ შეხვედრებს ქვეყნებში, სადაც გვექნება შეხვედრები სტუდენტებთან, ეს ეხება არა მარტო მაგისტრატურის სტუდენტებს და ბაკალავრიატის სტუდენტებს, არამედ შეუძლიათ ბაკალავრიატის მეოთხე კურსის და პროფესიული სასწავლებლების მეორე კურსის სტუდენტებს. თხოვნა იქნება, რომ ყველა შეხვედრაზე გავაჟღეროთ ეს საკითხი“, - თქვა მიქანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მინისტრის მოადგილეს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტროს აქვს პოტენციალი და გამოცდილება სექტორში არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წელს მიღება გამოცხადდა 17 000-ზე მეტ ადგილზე და ჩაირიცხა 13 000-ზე მეტი სტუდენტი. ხელმისაწვდომია პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 450-ზე მეტი პროგრამა. კერძო სექტორისთვის შეთავაზებული პრიორიტეტული სექტორებია: ჯანდაცვა, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ პროფესიული განათლების მიმართულებით, ეს არის პროფესიული განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირება. ანუ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პროფესიული განათლების კომპონენტის შემოტანა“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა.

პროფესორი პაატა აროშიძე ინიციატივას დადებითად აფასებს. მისი აზრით, ეს ხდება იმისათვის, რომ საჯარო დაწესებულებებში მიიზიდონ ახალგაზრდები.

„ვიცით, როდესაც ახალგაზრდა ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, თუ სამუშაო გამოცდილება არ აქვს, ფაქტობრივად, ვერ იწყებს მუშაობას. საკმაოდ რთულია თან იმუშაოს და თან მიიღოს გამოცდილება, ამიტომ თუ სწავლის პროცესში, გარკვეულწილად, იქნება ანაზღაურებად სტაჟირებაზე, ეს ძალიან კარგია. ადრე, ძირითადად, 6-თვიანი სტაჟირება იყო, ანაზღაურების გარეშე რომ გაცნობოდა ადამიანი სიტუაციას, რაც საკმარისი არ იყო. ამიტომ, ახლა, თუ იქნება ანაზღაურებადი, უკეთეს შედეგს მოიტანს.

რა თქმა უნდა, სტაჟირების ანაზღაურება მთლინად ვერ იქნება მიახლოებეული იმ სახელფასო თანხასთან, რასაც მუშაობის სანაცვლოდ უხდიან საჯარო მოხელეს, მაგრამ ეს სტუდენტებისთვის და დამწყებებისათვის კარგი შეთავაზება იქნება.

ახალგაზრდებს უფრო მეტად საჯარო, სახელმწიფო სამსახური იტაცებთ, თუმცა ყველაზე უკეთესია, როცა უმაღლესის დასრულების შემდეგ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურაშიც გზა ერთნირადაა გახსნილი. საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირება, ერთი მხრივ, მათთვისაც კარგია, რადგან მიიზიდავს ისეთ კადრებს, ვისაც მუშაობა სურს და მეორე მხრივ, სტაჟიორი მიღებს გამოცდილებას, თანაც ხელფასიც დაენიშნება“, - აღნიშნა აროშიძემ.

ლაზი სტაჟირება ძალიან კარგი საშუალებაა პროფესიული კარიერის გზაზე, მაგრამ ამ პროცესში სტუდენტების ჩართვა კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს.
დამამთავრებელი კურსის სტუდენტს, მით უმეტეს როცა საკვალიფიკაციო ნაშრომიც მოსამზადებელი აქვს აკადემიური სასწავლო კურსებიც ასათვისებელი, სტაჟირებაზე სასიარულო დრო ნამდვილად არ აქვს. ასეთი სტაჟირება მათ მოწყვეტს სასწავლო პროცესიდან. სტაჟიორის სტატუსი კი გახდება პრივილეგია შეღავათების მისაღებად.
საერთოდ სტუდენტების დასაქმება არ არის მისასალმებელი, რადგან ეს იწვევს მეცადინეობების მასიურ გაცდენებს. სტუდენტის მუშაობა იქცევა ლექცია-პრაქტუკულების გაცდენების ინდულგენციად.
ასევე დამაბრკოლებელ გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე სამხედრო სავალდებულო სამსახურის სტუდენტობასთან პარალელურად მოხდა.
საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებში კალენდარული დრო ისეა განაწილებული, რომ სხვა საქმიანობისათვის სტუდენტს დრო ვერ დარჩება.
თუ სტუდენტი სხვა საქმით დაკავდება, ის დრო სწავლას მოაკლდება, რომელიც ვერასოდეს ანაზრაურდება.
სტაჟირება კარგია, მხოლოდ სწავლის სრული კურსის დასრულების შემდეგ.
1 წლის უკან