რა შედეგს მოუტანს საქართველოს რუსეთის მაღალჩინოსნებთან მოსალოდნელი შეხვედრები და რას ურჩევს მთავრობას რამაზ საყვარელიძე
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემაზე რუსეთთან მაღალი დონის შეხვედრებს არ გამორიცხავს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ერთ თვეში გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, რომელსაც უნდა დაველოდოთ; მით უმეტეს, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ქართულმა მხარემ ძალისხმევა არ დაიშურა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიეპყრო ოკუპირებული ტერიტორიებისადმი: ,,მანამდე ასევე ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, სადაც მთავარი თემა იქნება სწორედ ეს საკითხი. თუ ჟენევის მოლაპარაკებები ისევ არ გვაჩვენებს პროგრესს, მთავრობა ალტერნატიულ გზებს გამონახავს, ვითარების შესაცვლელად. ვფიქრობ, ჟენევის შემდეგ მეტის თქმას შევძლებ“. კითხვაზე - ხომ არ გამორიცხავს მაღალი დონის შეხვედრებს რუსეთის წარმომადგენლებთან, ფანჯიკიძე ამგვარად პასუხობს: „საერთოდ, არაფერს გამოვრიცხავ, რაც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“. რა შედეგი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ასეთმა შეხვედრამ, თუკი იგი საერთოდ შედგა? - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, ,,ვერსია’‘ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრება.
- ბატონო რამაზ, რა შედეგს მოუტანს რუსულ მხარესთან შესაძლო მაღალი დონის შეხვედრები?
- დავიწყოთ იმით, რომ აბაშიძეკარასინის დიალოგმა, რაღაც შედეგი დადო. ჟენევის ფორმატიც გარკვეული ნაბიჯების მაპროვოცირებელია. ბუნებრივია, მაღალი დონის შეხვედრები მეტს მოიტანს, ოღონდ ეს უფრო ქმედით დიპლომატიურ ფრონტს მოითხოვს. ასე რომ, თუ ასეთი ტიპის კონტაქტები შედგება, ქართული მხარე ძალიან მომზადებული უნდა იყოს - რთული დიპლომატიური ბრძოლა მოგვიწევს.
- როგორ მუშაობს ამ მიმართულებით ქართული დიპლომატიური ფრონტი?
- მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობა ამ მიმართულებით მთავრობას ხშირად აკრიტიკებს, დადებითის გარდა, ვერაფერს ვხედავ. ვნახეთ რეაგირება მოვლენებზე, რაც უდავოდ, დიპლომატიური უწყების მუშაობის შედეგია. ვნახეთ განწყობის გარკვეული ცვლილებები მას შემდეგ, რაც ჩვენგან კოჰაბიტაციას მაქსიმალური მნიშვნელობით ითხოვდნენ... ასე რომ, ქართული დიპლომატიური მისია შედეგიანად მუშაობს, ოღონდ ვიმეორებ, მეგობრებთან ურთიერთობა უფრო იოლია, მეტოქეებთან დიალოგი კი - გაცილებით რთული. თუ მაღალ დონეზე შედგა რუსულ მხარესთან შეხვედრა, ეს რთული ამოცანა იქნება ყველასთვის, მით უმეტეს, საგარეო უწყებისთვის.
- ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ პარტნიორ ევროპელებს გააქტიურებისკენ ღიად მოუწოდა და ამით მათ პასიურობაზე მიანიშნა. მოსალოდნელია თუ არა მათი გააქტიურება?
- ევროპელების აქტიურობა ძალიან ადვილად გასაშიფრი ცნებაა და მის ქვეშ შეიძლება ბევრი რამ ვიგულისხმოთ, პოლიტიკური განცხადებებიდან დაწყებული, პრაქტიკული ნაბიჯებით დასრულებული. ხშირად ვსაყვედურობთ დასავლეთს სწორედ იმას, რომ პოლიტიკური განცხადებით, შეშფოთებააღშფოთებით შემოიფარგლება და პრაქტიკული ნაბიჯები იშვიათია, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია. ბევრი პოლიტიკოსის შეფასებაა, რომ საქართველოს და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის (სირია, ირანი...) გამო დაპირისპირებული დიდი სახელმწიფოები ერთმანეთთან ომს არ დაიწყებენ - სიტყვიერი და პოლიტიკური ,,ომი’‘, ნამდვილ დაპირისპირებაში არ გადავა. პრაქტიკული გააქტიურების მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს და ამას არც გამოცდილი პოლიტიკოსი დავით უსუფაშვილი გულისხმობს. უბრალოდ, პოლიტიკური დაპირისპირების ფრონტზე მეტი აქტიურობა უფრო სასურველია საქართველოსთვის - როცა მსოფლიო რეაგირებს, ამას ჩვენი ქვეყნისთვის შედეგი მოაქვს და, მეტნაკლებად, რუსული ნაბიჯები უფრო ფრთხილი ხდება. ეს მოთხოვნა იყო ამოსაკითხი უსუფაშვილის ფრაზაში და არა ის, რომ დასავლეთმა სანქციები მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ. ომს აღარ ვგულისხმობ, ეკონომიკურ სანქციებზეც კი არ მიდის საუბარი. ასეთი მოლოდინი არც უნდა გვქონდეს, თუმცა სასურველი იქნებოდა.
- რუსეთის მიერ „აგვისტოს გმირი მეჩირაღდნის“ გაპიარებაზე საქართველოს რა რეაქცია და პოზიცია უნდა ჰქონდეს?
- ამ საკითხმა ბუნებრივად წამოიწია, როგორც პოლიტიკურმა გამოწვევამ. იმის მიუხედავად, რუსეთს შეუძლია ბევრ ფრაზას ამოეფაროს და თქვას, ეს რა შუაშიაო, ამ ნაბიჯით მინიმუმ უტაქტო სვლა გააკეთა და სავარაუდოდ, მათთვის ტაქტის თემა არც წამოჭრილა, უბრალოდ, ამით საქართველოს მიმართ თავისი დამოკიდებულების დემონსტრირება მოახდინა, რასაც ამყარებს პარალელურად ე.წ. საზღვრებზე მავთულხლართების დამონტაჟების პროცესი. ეს ერთი და იგივე დამოკიდებულების ორი გამოვლინებაა. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დონეზე პროტესტია გამოსახატი, რათა მსოფლიო საზოგადოებრიობამ და რუსეთმაც, საქართველო არ ჩათვალოს მხარედ, რომელთანაც აბსოლუტურად ყველაფერი გაუვა.