,,ბევრი დეპუტატი, მათ შორის უმრავლესობიდან, ყანაში თოხით ხელში დგომას იმსახურებს’

,,ბევრი დეპუტატი, მათ შორის უმრავლესობიდან, ყანაში თოხით ხელში დგომას იმსახურებს’

ვისგან მოითხოვს გიორგი ცაგარეიშვილი ,,ურჩი დეპუტატების’‘ გვარების დასახელებას

2014 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას ირკვევა, რომ გაისად რამდენიმე სამინისტროს სახელმწიფო დაფინანსება შეუმცირდება. მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაფინანსება ორი მილიონი ლარით იზრდება, თუმცა უწყება დამატებით კიდევ ორ მილიონს ითხოვს. რა რეფორმები ტარდება გარემოს დაცვის მიმართულებით და რატომ ჩხუბობენ ხშირად ბიძინა ივანიშვილი და მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ჰყავთ თუ არა დეპუტატების თანაშემწეებს ,,ყავის მომდუღებლები’‘ და რა მიზეზით არ დადის გოგა ხაჩიძე კომიტეტის სხდომებზე? ,,ვერსიას’‘ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების’‘ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ესაუბრა. 

- ახალი საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსება ორი მილიონი ლარით იზრდება. ეს იმითაა გამოწვეული, რომ უწყებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს,  თუმცა შეუფერხებლად მუშაობის გასაგრძელებლად კიდევ ორი მილიონი ლარი გვჭირდება. ფინანსთა სამინისტროში განაცხადი უკვე შევიტანეთ. 

- იმ ფონზე, როცა სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, ასევე ეკონომიკის სამინისტროებს ბიუჯეტიდან დაფინანსება სოლიდურად უმცირდება, გარემოს დაცვის სამინისტრომ დამატებით ოთხი მილიონი რატომ უნდა მიიღოს? 

- ბევრ უწყებაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, ამიტომ სოლიდური თანხების ამ სამინისტროებისკენ მიმართვა საჭირო აღარ არის. მაგალითად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ პირველი ოქტომბრის შემდეგ დაზარალებულებს საკუთრებაში არაერთი ბინა გადასცა, შესაბამისად, ბინის ქირისთვის განკუთვნილი თანხა ავტომატურად გამოთავისუფლდა. დაახლოებით იგივე შემთხვევა გვაქვს ეკონომიკის სამინისტროშიც, რომელმაც მესტიაში საბაგიროს მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადააბარა. ახალი ბიუჯეტი სოციალურ სფეროებზეა ორიენტირებული, ბიუროკრატიულ ხარჯებს კი ვამცირებთ. არავის ეგონოს, ეს ხადურის ან კვირიკაშვილის ახირებაა, პირიქით - ყველაფერი დანარჩენ მინისტრებთან კოორდინირებულად გადაწყდა. 

- თუმცა ფაქტია, კოორდინაციის პრობლემა მინისტრებს შორის მაინც არსებობს... მაგალითად, ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე კახა კალაძესა და ხათუნა გოგალაძეს შორის. 

- ივანიშვილმა მთავრობაში კონკურენციის მიმართულებით უნიკალური სისტემა შექმნა. მართალია, პრემიერს კონკრეტულად ხათუნა გოგალაძესთან არაერთხელ უჩხუბია, მაგრამ ქალბატონ ხათუნას ჩემთვის ბევრჯერ უთქვამს - პრემიერს არასოდეს მოუცია ჩემთვის ისეთი დავალება, რომელიც ჩემს კომპეტენციას სცდებაო. 

- პრემიერი გარემოს დაცვის მინისტრს რა საკითხზე ეჩხუბება? 

- საკამათო ბევრი საკითხია, თუმცა საქმისადმი მსგავსი მიდგომა ჯანსაღია და განვითარებაზეა ორიენტირებული, ასე რომ, გუნდში დაპირისპირების საკითხი დიდი ხანია ამოწურულია. შესაძლოა ირაკლი ალასანია სრულად ინფორმირებული არ იყო ,,ჯიჰადის’‘ ვიდეოსთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ, თუმცა ეს იმის ბრალია, რომ კოორდინაცია ქვედა დონეზე არ იყო. ამ მიმართულებით სისტემა მართლაც ასაწყობია. ყველამ დეტალურად უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ, სხვა მხრივ, თითოეულ მინისტრს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. რაც შეეხება გოგალაძე-კალაძის კონფლიქტს, ეს ბუნებრივიცაა - ერთი გარემოს, მეორე კი ენერგეტიკოსების ინტერესების დამცველია. ხუდონჰესთან დაკავშირებით საქმე მართლაც რთულადაა, თუმცა უნდა ვეცადოთ, ურთიერთობაში წარმოქმნილი წვეტიანი წამონაზარდები გლუვი გავხადოთ. ეს ბუნებრივი პროცესია. საქმე სწორედ აზრთა გაცვლის პირობებში კეთდება. ამ დროს ნაციონალური მოძრაობა იმაზე მსჯელობს, თურმე კონცერტები ხშირად რატომ არ ტარდება. რომაელი იმპერატორების დევიზი იყო - ხალხს მიეცი პური და სანახაობაო. გარწმუნებთ, ,,ქართული ოცნების’‘ პირობებში სანახაობა არ იქნება, პური - კი, თან ბლომად. ამის შემდეგ, დაპურებულმა ადამიანმა თავად გადაწყვიტოს, რომელი სანახაობის ნახვა უნდა. ნაციონალებისგან განსხვავებით, ჩვენთვის ახლა პრიორიტეტული თუნდაც თბილისში მცხოვრები ათასობით მშიერი ადამიანია. 

- თუმცა მშიერი თბილისელების ფონზე, ,,თბილისობის’‘ დღესასწაულზე, თბილისის საკრებულომ ბიუჯეტიდან შვიდი ათასი ლარი დახარჯა. 

- კობა ხაბაზი, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მერიაში შექმნილ სტრუქტურებში დასაქმდა და ფუქსავატობაში 2500 ლარს იღებს. ამ ადამიანმა ის რატომ არ თქვა, იმავე ღამეს მერიამ ფუნიკულიორზე, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში რომ იქეიფა?

- მერიის მიერ ორგანიზებული ძვირადღირებული ვახშამი საკრებულოს შვიდიათასლარიან წვეულებას ამართლებს?

- გეთანხმებით - როცა დედაქალაქს უჭირს, საკრებულომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ საღამოში შვიდი ათასი ლარი არ უნდა დახარჯოს, რადგან ეს საზოგადოებას არ სიამოვნებს; თანაც ოპონენტებს მსგავსი თემებით სპეკულირების საშუალება არ უნდა მივცეთ. პირადად მე, ირაკლი შიხიაშვილის ადგილას, სხვანაირად მოვიქცეოდი. სხვათა შორის, პარლამენტარებზეც ხშირად გამიგია, ბოლო მოდელის ავტომობილებით დადიანო, არადა, მანქანები რეალურად, 6-7 წლის წინაა შეძენილი.  

- პარლამენტმა რამდენიმე ახალი, საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილი მართლაც შეიძინა.  

- დიახ, მაგრამ ამის მიზეზი რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. თანაც წინა მოწვევის პარლამენტის მიერ შეძენილი მანქანები დაზიანებულია. მე, როგორც დეპუტატი, ვალდებული ვარ, პარლამენტში ვიმუშაო, მაგრამ თავის მხრივ, სახელმწიფომ სამუშაო პირობები უნდა შემიქმნას. ყანაში ხომ არ ვიმუშავებთ? თუ ქუთაისამდე ცხენით ვიაროთ? უმცირესობის წევრები კომიტეტის სხდომებზე საერთოდ არ დადიან. მაგალითად, ჩემი მოადგილე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე, ოთხი თვეა არ მინახავს, სათოფეზე არ მეკარება. ყოველი სხდომის წინ წერილებს მწერს - ოჯახური პირობების გამო სხდომას ვერ დავესწრებიო, არადა ამ დროს, იმავე შენობაში დარბაზში წამოსკუპებული ბევრჯერ მინახავს. თანაც ნაციონალებმა პარლამენტი ისე შორს ააშენეს, რომ ქუთაისელებიც კი ვერ მოდიან. 

- სამაგიეროდ, ვინც მოდის, იმ მოქალაქეებს დეპუტატები ხშირად არ ხვდებით. 

- ეს არაა მართალი... ისევე, როგორც ის, თითქოს დეპუტატები ჟურნალისტების ზარებს არ ვპასუხობთ. თუ მართლაც რომელიმე დეპუტატი ასე იქცევა - ცუდია. ჟურნალისტებისა და პრემიერის შეხვედრაზე, ერთმა ჟურნალისტმა თქვა, დეპუტატების თანაშემწეებს სახელმწიფო მანქანები ემსახურება და ყავის მომდუღებლებიც ჰყავთო... ძალიან გთხოვთ, დეპუტატებს ბარონებად ნუ გამოგვიყვანთ. როცა მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება, პარლამენტარების სახელი და გვარი უნდა დასახელდეს. ან გამაგებინეთ, დავით უსუფაშვილმა ყავა თავად უნდა მოადუღოს და საერთოდ, დეპუტატები თვითმომსახურებაზე გადავიდეთ?! ყველა სკეპტიკოსს ვპასუხობ, ,,თავისუფალი დემოკრატები’‘ ფუფუნებაში არ ვიხრჩობით და სატელეფონო ზარებს ვპასუხობ! კი ბატონო, ბევრი დეპუტატი, მათ შორის უმრავლესობიდან, ყანაში თოხით დგომას იმსახურებს, მაგრამ ვიმეორებ, უნდა დაკონკრეტდეს, ვისზეა საუბარი. 

- კონკერტულად, რომელ დეპუტატებზე საუბრობთ? 

- ამჯერად, არ დავაკონკრეტებ. 

- სანამ თქვენ ყავის მომდუღებლების საკითხს არჩევთ, ნაციონალები საკმაოდ მასშტაბურ ყრილობას ატარებენ და ხელისუფლებაში დაბრუნებაზეც საუბრობენ.

- ნაციონალებმა პარტიის ყრილობა ,,თბილისობის’‘ დღესასწაულს შეგნებულად დაამთხვიეს, მსგავსი ფოკუსები უგულავასა და სააკაშვილისგან ბევრჯერ გვინახავს. რაც მთავარია, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა, რომ ნაციონალური მოძრაობა განახლებაზე სულაც არ არის ორიენტირებული. პირიქით, პარტიაში მათთვის საძულველი სახეები ლიდერებად რჩებიან. თუ შარშანდელ ყრილობას გავიხსენებთ, ნაციონალებმა 80-ათასიანი სტადიონი გაავსეს, სპორტის სასახლეში კი მხოლოდ რვა ათასი ადამიანი შეიკრიბა. ანუ მათი მხარდამჭერთა რაოდენობა ათჯერ შემცირდა, რაც ტრაგიკულია მათთვის, ჩვენთვის კი საგანგაშო სულაც არ არის. თუ ხალხის შეკრებაში შევეჯიბრებით ერთმანეთს, მაქსიმუმ ხუთ დღეში, სულ მცირე, ორასი ათასი ადამიანის ქუჩაში გამოყვანა შეგვიძლია. 

- და ეს არ არის ხელისუფლებისთვის იმის მანიშნებელი, რომ საზოგადოებაში ნეგატიური მუხტი ღვივდება? 

- მიამიტი არასოდეს ვყოფილვარ, ამიტომ არასოდეს მქონდა განცდა, რომ ჩვენი  მუშაობით უკმაყოფილო ადამიანები ქვეყანაში არ გაჩნდებოდნენ, თუმცა ეს ტრაგედია არ არის. ტრაგედია იქნება მაშინ, თუ უკმაყოფილო ხალხის მასა კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს. მსგავს რამეს კი კოალიცია არ დაუშვებს - ავად თუ კარგად, დღეს წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები მაინც სრულდება. მესმის, პირველი ოქტომბრის შემდეგ ბევრი მყისიერ ცვლილებებს ელოდა, მაგრამ ჩვენი სამოქმედო პროგრამა ოთხ წელზეა გაწერილი და ყველაფერი ეტაპობრივად გაკეთდება.