მშენებლობას და გარკვეულწილად უძრავ ქონებასაც ახლა უკვე ხელფასების ზრდა აძვირებს

მშენებლობას და გარკვეულწილად უძრავ ქონებასაც ახლა უკვე ხელფასების ზრდა აძვირებს

სამშენებლო სექტორში ფასების რეგულირება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. 2023 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით გაიზარდა. 2022 წლის თებერვალთან შედარებით კი მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.6 პროცენტით.

ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 32.3 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 6.3-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 7.23 და 3.56 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე აცხადებს, რომ ბაზრის ზომის პროპორციულად მუშახელის რაოდენობა ქვეყანაში ვერ იზრდება და საბოლოო ჯამში, ბიზნეს ხელფასების გაზრდა უწევს, რათა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის დაჭერა ამ გზით სცადოს.

„ეს ტენდენცია ისედაც სახეზე იყო თუ წინა კვარტლების მაჩვენებლებსაც შევხედავთ. ზოგადად, პანდემიის შემდეგ წლიურ ჭრილში შევხედავთ თუ კვარტალურ ჭრილში, ზრდა არის ხელფასების კუთხით. ამ ფონზე ბაზარზე მშენებლობების მოცულობაც გაზრდილია. მშენებლობების პროპორციის ზრდის პარალელურად, იმავე ტემპით კადრების მიწოდება არ იზრდება. პირიქით, შესაძლოა, კლებაც კი გვქონდეს ქვეყნიდან კადრების გასვლის გამო. შესაბამისად, სექტორში არსებობს დეფიციტი. როცა დეფიციტია მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, ერთადერთი ქცევაა ხელფასების ზრდა. ეს ბუნებრივი პროცესია. ზოგადად, ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია გამოიკვეთა და რაღაც პერიოდით კიდევ გაგრძელდება“, - აცხადებს ბესო ორთოიძე.

კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, ბოლო პერიოდში კადრების გადინება შემცირებულია, თუმცა პრობლემის აღმოფხვრა ვერ ხდება.

„კადრების გადინება შემცირდა და იმავე ტემპით აღარ ხდება. უცხოეთში რომ ჩადიან, ხვდებიან, რომ განსხვავებული რეალობა არ არის. თუმცა ეს გასვლებიც რომ არ იყოს, იგივე ზრდის ტემპი ადგილობრივ ბაზარზე კადრების მიწოდების კუთხით არ არის. ახალგაზრდები მშენებლის პროფესიას აღარ ირჩევენ და პროფესიული განათლების კუთხით ქვეყანაში პრობლემაა. იზრდება ბაზარი, შესაბამის ტემპში არ ხდება კადრების ზრდა და დეფიციტი გვაქვს“, - განუცხადა „ბიზნეს ინსაიდერს“ ბესო ორთოიძემ.

საქართველოში მშენებლობა ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი დარგია. 2022 წელს ამ სექტორში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 5 მილიარდ ლარს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8% შეადგინა. 2023 წლის პირველ ნახევარში მშენებლობის სექტორის წილი 7.2%-ია. შედარებისთვის, 2022 წლის პირველ ნახევარში 6.9% იყო, რაც ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, 2023 წლის ბოლომდე მშენებლობის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ბოლო 10 წელიწადში მშპ-ში მშენებლობის საშუალო წილი 8%-ია.

დროთა განმავლობაში უძრავი ქონება ძვირდება. გაძვირებას ორი ფაქტორი განაპირობებს: საცხოვრებელ თუ სხვა დანიშნულების შენობებზე მოთხოვნის ზრდა და მშენებლობის ხარჯების ზრდა.

„საქსტატი“ 2021 წლიდან აქვეყნებს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსს, რომლის მიხედვით, 2023 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საცხოვრებელი სახლები, საშუალოდ, 13.1%-ით გაძვირდა. 2021 წლის მე-2 კვარტალს თუ შევადარებთ, ზრდა 18.3%-ია.

ბაზრის მკვლევარების პროგნოზით, შედარებით პოზიტიური ცვლილებებს 2024 წლისთვის უნდა ველოდოთ. „თიბისი კაპიტალის“ კვლევების სამსახურის უფროსის, ირინა კვახაძის ინფორმაციით, უძრავი ქონების ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკი არ არსებობს. ახლო მომავალში, წესით და რიგით, გასაყიდი და გასაქირავებელი ბინების ფასი უნდა დაკორექტირდეს.

„უძრავი ქონება მხოლოდ მოთხოვნის ზრდას არ გაუძვირებია. რამდენიმე მიზეზი იყო, რამაც შარშან უძრავ ქონების მკვეთრ გაძვირებას შეუწყო ხელი; პირველი ფაქტორი იყო ლარის კურსი - ეროვნული ვალუტის გამყარებამ განაპირობა დოლარში უძრავი ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სამშენებლო მასალებზე ფასის ზრდა, რომელიც პანდემიის პერიოდში დაიწყო და გაგრძელდა შარშანაც. 2023 წელს კი უკვე გამოკვეთა სტაბილურობა - მცირე მერყეობაა, მაგრამ რადიკალური - არა.

მესამე ფაქტორია გაძლიერებული მოთხოვნით განპირობებული სიძვირე. თუ ბაზარზე უძრავი ქონების მიწოდება გაიზრდება და აქტივობა შენელდება, შესაძლოა, გასაყიდმა ფასმა დაიკლოს, მაგრამ არა დრამატულად, უფრო 5-7%-ის ფარგლებში. ქირის შემთხვევაში კი, ნამდვილად ველოდებით, რომ 2024 წელს წლიურად უძრავი ქონების იჯარის გადასახადი, დაახლოებით, 16%-ის ფარგლებში შემცირდება და ეს ტენდენცია მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნა ირინა კვახაძემ.