დავით საგანელიძე ”კუდ-ის აგენტობას” უარყოფს და გაზეთს სასამართლოში უჩივის, რასაც რედაქტორი ელისო კილაძე ”მიესალმება...”

დავით საგანელიძე ”კუდ-ის აგენტობას” უარყოფს და გაზეთს სასამართლოში უჩივის, რასაც რედაქტორი ელისო კილაძე ”მიესალმება...”

"ბოლო ხანებში ძალიან ბევრს საუბრობენ ჩანერგილებსა და კუდ-ის აგენტებზე. გაზეთმა "ქრონიკა პლუსმა" კუდ-ს აგენტების სიის გამოქვეყნება დაიწყო. ამ სიაში რამდენიმე მეოცნებე დეპუტატის გვარმაც გაიჟღერა. მათ შორის იყვნენ ირინა იმერლიშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი. არც ერთ მათგანს კომენტარიც კი არ გაუკეთებია. რამდენიმე დღის წინ კი გამოცემამ ახალი სია გამოაქვეყნა. ამ სიაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის გვარიც ფიგურირებდა, კოლეგებისგან განსხვავებით საგანელიძე ამ ინფორმაციას ხმაურით შეხვდა - საგანელიძის თქმით, პუბლიკაციაში საუბარია, თითქოს ის მეგის ქარდავამ გადაიბირა, რაც ცილისწამებაა. დეპუტატი საჩივრით მიმართავს მთავარ პროკურატურას, რათა დეტალურად იქნას გამოძიებული, თუ ვის მიერ და რა მიზნით არის შექმნილი აღნიშნული დოკუმენტი", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით დავით საგანელიძე აგენტობას უარყოფს და სასამართლოში ჩივის.

"უმრავლესობის ლიდერმა მთავარ პროკურატურას საჩივრით გუშინ მიმართა. ის გაზეთ "ქრონიკა პლუსის" წინააღმდეგ საქმის აღძვრასა და გამოქვეყნებული პუბლიკაციის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. საგანელიძის გადაწყვეტილებას "გაგებით ეკიდება" გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ელისო კილაძე. ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს. კილაძე უმრავლესობის ლიდერის პოზიციას "მიესალმება", თუმცა მიიჩნევს, რომ ჭეშმარიტების დასადგენად ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვაა აუცილებელი. კილაძეს ისიც აინტერესებს, რა მუხლით აღძრავს საქმეს პროკურატურა", - აღნიშნავს გამოცემა.

"მივესალმები დავით საგანელიძის პოზიციას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად საჭიროა დააკავონ და საქართველოში ჩამოიყვანონ მეგის ქარდავა, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე, რადგან სწორედ ეს პირები ფიგურირებენ ჩემს ხელთ არსებულ დოკუმენტებში "ქართული ოცნების" პოლიტიკური სახეების გადაბირების პროცესში. რამდენადაც ვიცი, ეს არქივი საქართველოდან გატანილია. მე ხელთ მაქვს ასლები, რომლებიც მომაწოდა წყარომ, - რომლის ვინაობასაც, ცხადა, არ გავამჟღავნებ. დედნები ინახება სწორედ იმ პირებთან. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ამ კომპრომატებით ხდებოდა გარკვეული პირების დაშანტაჟება და მათი შედეგია ე.წ კოაბიტაციის რეჟიმი, რომელშიც ქვეყანა დღეს ცხოვრობს", - აცხადებს ელისო კილაძე, რომელიც მზადაა, გამოძიების ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი", - დასძენს გამოცემა.

"მაინტერესებს, თუ რა მუხლით აღიძვრება საქმე. თუ აღიძვრება 351-ე მუხლით, რომელიც სახელმწიფო საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნებას გულისხმობს, ეს ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტების ნამდვილობას ავტომატურად აღიარებენ. თუ საქმე აღიძრა დოკუმენტების ფაბრიკაციის მუხლით, მაშინ უნდა დაიკითხონ ის პირები, რომელთა გვარებიც ამ საქმეში ფიგურირებს.. სხვა შემთხვევაში პროკურატურა კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდება. მე, ცხადია, ვითანამშრომლებ და რა შეკითხვებიც ჩემთან იქნება, ვუპასუხებ. ვიცი, რომ საგანელიძეს დამოუკიდებელი და კერძო პიარჯგუფი ემსახურება და მათ ვურჩევ უმრავლესობის ლიდერს აუხსნან, ცილისწამების მუხლი სსსკ-დან დიდი ხნის ამოღებულია. ამასთან, ჟურნალისტების შეურაცხყოფა პოლიტიკოსისთვის ცუდი ტონია. მე ხელთ მაქვს როგორც სამხედრო პოლიციის დაზვერვის დეპარტამენტის ცნობა, ისე დავით საგანელიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი. მივესალმები თავად იმ ფაქტს, რომ მან მოითხოვა დამოძიება. არცთუ დიდია იმ პირთა წრე, რომელთაც ჰქოდათ შეხება ამ დოკუმენტებთან, რომლებიც ყოფილ დაზვერვის დეპარტამენტში მუშაობდნენ პოლიტლიდერების გადაბირებაზე. მე მზად ვარ გამოძიებასთან სათანამშრომლოდ", - აღნიშნა კილაძემ. მისივე თქმით, ის მზად არის ყველა ის ინფორმაცია, რაც აქვს, გადასცეს გამოძიებას", - წერს სტატიის ავტორი.