რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციებს განაგრძობს. საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და მავთულხლართების გაბმის პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ სოჭის ოლიმპიადის ცეცხლის ერთ-ერთი მეჩირაღდნე იქნება მფრინავი, რომელსაც საქართველო-რუსეთის ომში მონაწილეობისთვის "გმირის" წოდება მიანიჭეს. სულ ახლახან კი რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ ქართული პროდუქცია სახალხოდ კიდევ ერთხელ აძაგა და განაცხადა, რომ ქართული ღვინის მწარმოებლებთან ურთიერთობების გადახედვას არ გამორიცხავს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძესთან ინტერვიუ სწორედ ამ პრობლემებზე საუბრით დავიწყეთ:
სრულიად გაუგებარი და მიუღებელია, მეტიც - პროვოკაციაა ის, რაც ამ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ვგულისხმობ სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნედ საქართველო-რუსეთის ომის მონაწილე მფრინავის გამწესებას. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, რუსეთში ისევ გაძლიერდნენ რეაქციულ-შოვინისტური ძალები. რაც შეეხება ონიშენკოს ბოლო განცხადებას, ის რაღაც ლაბორატორიულ შეუსაბამობებზე ლაპარაკობს, მაგრამ ნამდვილად ჩნდება ეჭვი, რომ ვითარების გამწვავებისთვის მიზეზს ეძებენ, რადგან რა და როგორ იყიდება რუსეთის ბაზარზე, რა ალკოჰოლურ სასმელებს სვამენ, ყველამ კარგად ვიცით. არ მინდა, დაბეჯითებით ვთქვა, რომ რუსეთი ურთიერთობის გაუარესებას ცდილობს, მაგრამ ამის ნიშნები აშკარად არის. ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს, არ უნდა ავყვეთ ემოციებს, მეტი სიმშვიდე და მეტი დიპლომატიური მუშაობაა საჭირო. მესმის, რაც ხდება, ძნელი ასატანია, მაგრამ ემოციების აყოლამ რა მოგვიტანა, 2008 წელს უკვე ვნახეთ. ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხის გადახედვას ნამდვილად არ გამოვრიცხავ, მეტიც - მიმაჩნია, რომ თავისი პოზიცია საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმაც უნდა გამოხატოს. ჩვენ, როდესაც გადავწყვიტეთ მონაწილეობა, ვიმოქმედეთ ოლიმპიადის პრინციპით, რომ ეს ღონისძიება პოლიტიკაზე მაღლა დგას, რუსეთი კი არღვევს ამ პრინციპს, როდესაც სწორედ პოლიტიკური ნიშნით არჩევს მოჩირაღდნეს. ამით, ერთი მხრივ, ცდილობს შეურაცხყოს საქართველო, მეორე მხრივ კი შეურაცხყოფს მთავარ ოლიმპიურ დევიზს. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის ქმედების მიზეზი ვილნიუსის სამიტიცაა, სადაც საქართველოს ევროპასთან დაახლოების დიდი შანსი აქვს, რაც რუსეთს აშფოთებს და ამგვარად ცდილობს ჩვენზე ზეწოლას.
- როგორ შეაფასებთ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას და პარტიის რებრენდინგის მცდელობას?
- ეს არანაირი რებრენდინგი არ არის. თუ მათ სიახლე დროშაზე ჯვრების გულებით შეცვლა ჰგონიათ, ეს საცოდაობაა და ძალიან სასაცილოა.
- ამბობენ, მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში თბილისის მერის პოზიციაზე აპირებს კენჭის ყრასო.
- თუ სააკაშვილი მანამდე ციხეში არ აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, მასაც ექნება უფლება კენჭი იყაროს. თუმცა მეეჭვება, რომ გამარჯვების შანსი ჰქონდეს. ამგვარი გადაწყვეტილებით ის კიდევ ერთხელ აიგდებს თავს მასხრად და შეურაცხყოფს ქვეყანას.
- ბიძინა ივანიშვილის წასვლის პერსპექტივამ გააჩინა მოლოდინი, რომ შესაძლოა, კოალიცია დაიშალოს. ბევრი მითქმა-მოთქმაა ხელისუფლების შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე, რომლის მაგალითი შესაძლოა იყოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების სრულიად შეუთანხმებელი მოქმედება ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების გამოძიებაზე.
- ბიძინა ივანიშვილი მიდის თანამდებობიდან და არა პოლიტიკიდან, ის არც მალავს, რომ ხელისუფლებაზე გარკვეულ გავლენას შეინარჩუნებს, თუმცა გეთანხმებით, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრსაც ძალიან აღელვებს. შესაბამისად, ვინ რას ელის ამისგან და ვინ - რას. ვიღაცა ფიქრობს, რომ მისი წასვლით კოალიცია დაიშლება, თუმცა ძალია
ნაც ცდება. კოალიციის შიგნით არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, თუმცა არის განსხვავებული მოსაზრებები, რაც რატომღაც ჟურნალისტების თუ ოპონენტების მხრიდან დაპირისპირებად ფასდება. რაც შეეხება ალასანიასა და ღარიბაშვილის ურთიერთობას, სიმართლე გითხრათ, ვერანაირ დაპირისპირებას ვერ ვხედავ, ყველამ ვიცოდით, რომ ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობდა, რომ მუშავდებოდა ყველა დეტალი, ალასანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამაში დახმარება შესთავაზა, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საქმე გახსნილი იყო, სად არის აქ კონფლიქტი და დაპირისპირება?
- არც საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით ჩანს ყველაფერი რიგზე, შიდა დაპირისპირებების ინსპირატორად ხშირად თქვენც გასახელებენ.
- თუ ვიღაცას გულზე ადგას, რომ დავით საგანელიძე უმრავლესობის ლიდერი და საარჩევნო შტაბის უფროსია, რა ვქნა, მაგათ გამო ჩემს მოვალეობებზე უარს ვერ ვიტყვი. გარწმუნებთ, უმრავლესობაში დაპირისპირება არ არის, მაგრამ ვადასტურებ, რომ ზოგიერთი დეპუტატი უკმაყოფილოა, ძირითადად იმით, რომ თავის რაიონებში საკმარისი გავლენა ვერ აქვს, რომ ადგილობრივი საარჩევნო შტაბები მათ არ დააკომპლექტეს.
- კობა დავითაშვილის ბრალდებაზე რას იტყვით. ის ამტკიცებს, რომ სადაზღვევო სისტემაში არსებულ მაფიას თქვენ ლობირებთ.
- კობა დავითაშვილმა მთელი წინასაარჩევნო კამპანია დათო საგანელიძეზე ლაპარაკს მოანდომა, არა მგონია, ამან რაიმე სიკეთე მოუტანოს. თურმე ჩემი ძმისშვილი დამინიშნავს ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში დირექტორის მოადგილედ და ასე ვლობირებ მაფიას. სამარცხვინოა ეს განცხადება. გიორგიმ ამ კომპანიაში, ამ პოზიციაზე მუშაობა დაიწყო 2007 წელს, როდესაც მე, ფაქტობრივად, უმუშევარი ვიყავი, და უკვე ნახევარი წელია, საერთოდ წამოვიდა ამ სამსახურიდან. ის ამ დარგის კარგი სპეციალისტია, ამერიკასა და ინგლისში აქვს განათლება მიღებული და კომპანიამ ის, როგორც კარგი მენეჯერი, ისე დაიქირავა, ჩემი ძმისშვილობა არაფერ შუაშია. ეს მშვენივრად იცის დავითაშვილმა. კარგი ღვინო რომ დააყენო, ბალასტისგან უნდა გაათავისუფლო, პოლიტიკაც რაც მალე გათავისუფლდება დავითაშვილისნაირი პოლიტიკოსებისგან, მით უკეთესი იქნება.