"საქართველოს თავს ხდება იგივე, დიახ, იგივე სახეები, იგივე კანონი, იგივე სიები, იგივე ფული, იგივე "კარუსელი", იგივე მკვდარი სულები... ერთი განსხვავებაა, სააკაშვილის და შევარდნაძის დროს გაყალბება იყო ცენტრალიზებული, ახლა ეს მანქანა დაიშალა და ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოაწყო ახლის აწყობა. აი, შეიძლება ხალხმა ამით ისარგებლოს და ჩვენ მოვიპოვოთ გამარჯვება, თუმცა, ვიმეორებ, ეგენი სიამის ტყუპები არიან, სხეული ერთ აქვთ, თავები აბიათ სხვადასხვა", - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით აი, თქვენი კოაბიტაცია!
"მოლაპარაკებები მიდის პარლამენტის კულუარებში, რესტორნებში, კაფეებში, მათ შორის შავნაბადაზე და დუშეთშიც, მარგველაშვილის სახლში ყოველ შაბათ-კვირას დაბრძანდებიან გიგა ბოკერია და მიხეილ მაჭავარიანი - მე დუშეთში ბევრი ნაცნობი მყავს, მეზობლებიც მირეკავენ და ამას ამბობენ. ახლა ვიდეოს ვერ დავუდგამ. ეს ერთი ოჯახია, არავითარი გაყოფა და დაპირისპირება მაგათ შორის არ არსებობს. მოლაპარაკება მიდის იმაზე, რომ პირველ-მეორე ადგილები გაიყონ. "ნაცებს" არა აქვთ პრეტენზია პირველობაზე, მაგათ უნდათ მეორე ადგილი, რომ მერე უკან შემოტრიალდნენ ხელისუფლებაში. მეორე ადგილზე მაგათი გასვლა ნიშნავს მიშას გამარჯვებას ამერიკელებისა და დასავლეთის თვალში. ისინი იტყვიან: აჰა, ძმაო, "ნაციონალებმა" გადააბარეს დემოკრატიულად ძალაუფლება, წავიდნენ და ახლა უკვე ხალხმა აღიარა ოპოზიციად. დღეს ყველაზე საშიშია "ნაცმოძრაობის" გასვლა მეორე ადგილზე, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა ნათელაშვილი.
"ბურჯანაძეც მაგათი იდეოლოგიიია მიმდევარია. მე მახსოვს, როცა ეგ წამოვიდა პარლამენტიდან და ოპოზიციაში უნდოდა გადმოსვლა, ჩვენ არ ვიღებდით. ეს ის ნინო ბურჯანაძეა, რომელმაც თავის დროზე ჩემი მოკვლის მცდელობა "გააპრავა", პატრიარქთან მივიდა და უთხრა შალვა ნათელაშვილი რუსეთში გაიქცა ცოლ-შვილთან ერთადო: ეს ხდებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ. ბურჯანაძე მაშინ ცდილობდა ჩემი მკვლელობის მცდელობა "გაეპრავებინა". რა თქმა უნდა, ჩვენ მას არ მივიჩნევდით ოპოზიციონერად და იცით, ვინ მოიყვანა მაშინ ოპოზიციის სხდომაზე? იღება კარი, შემოდის ბურჯანაძე და მოჰყვება კონდოლიზა რაისი! ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აკურთხა ნინო ოპოზიციონერად. იქ იყო ლევან გაჩეჩილაძე, იქ იყო გიორგი თარგამაძე, სალომე ზურაბიშვილი და დიმიტრი შაშკინი - ეს ხდებოდა სასტუმრო "მერიოტში", - განაგრძობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი.
"ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი არის ბლეფი. ბურჯანაძე რუსეთთან არაფრის მომგვარებელი არ არის. რუსეთი ტერიტორიას არ აბრუნებს, როცა ობამა ითხოვს ამას, გაერო ითხოვს და ნატო, ახლა ხალხს ჭკუა აქვს, რომ ამას იჯერებს? რაც შეეხება მავთულხლართების გაბმას, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმაც "გადააგდო" რუსები. ივანიშვილი რუსებს დაჰპირდა, საბაჟო კავშირში შემოვალთო...", - ამბობს შალვა ნათელაშვილი და შეკითხვას - "რას ნიშნავს "გადააგდო", ჯერ მაგაზე მსჯელობა არ ყოფილა, იქნებ სიხარულით შევდივართ?" - პასუხობს:
"არა, ვერ შედის, უკვე აუწიეს ამკრძალავი ნიშანი იმათ, ვისთანაც მისი მილიარდები ინახება. ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ "დაზადნა", ამას ვერ გავაკეთებო და პასუხად მივიღეთ კიდეც მავთულხლართები. ახლა აპირებს წასვლას, რათა მილიარდები არ დაუყადაღონ!"