უკვე მეორე თვეა, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპი ისეთი მაღალი არ არის, როგორც აქამდე იყო. აგვისტოდან მოყოლებული შენელება თვალში საცემია. სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 5.1%-ით გაიზარდა. ეს უკვე ზედიზედ მეორე თვეა, როცა ეკონომიკის ზრდის ტემპი ეცემა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 6.8 პროცენტია.
„საქსტატის“ ცნობით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმრო და რესტორნები; ხოლო კლება აღინიშნა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორებში.
რაც შეეხება 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.0 პროცენტი იყო.
რაც შეეხება 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.0 პროცენტი იყო.
ანალიტიკოსის სოსო ბერიკაშვილის აზრით, საქართველო ეკონომიკური ზრდის დადებით ტემპს ინარჩუნებს, მაგრამ ზრდა იქნება მცირე და კეთილდღეობისთვის არასაკმარისი. ამიტომ ქვეყანას მინიმუმ, ორნიშნასთან მიახლოებული ზრდა სჭირდება, რომ ეკონომიკაზე დადებითად აისახოს.
„ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება მოსალოდნელი იყო. შარშან გვქონდა მაღალი შედეგი, რაც კონკრეტული ფაქტორებით იყო გამოწვეული, მათ შორის, რუსული ნაკადების შემოსვლით საქართველოს ტერიტორიაზე. იგულისხმება როგორც ადამიანები, ასევე კაპიტალის შემოდინება. ფულადი ნაკადები დროებითი ფაქტორი იყო და ტენდენცია არ გაგრძელებულა. რაც შეეხება მოქალაქეებს, რუსეთიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოდან ამ ქვეყნის მეტი მოქალაქე გადის, ვიდრე შემოდის. ცხადია, ეკონომიკაზე ესეც აისახება. 5,1%-იანი ზრდა რეალურია, რაც რუსეთის ფაქტორის გარეშეც გვექნებოდა.
ცალკე საკითხია, რომ სამომავლოდ ჩვენთვის ასეთი ზრდა უმნიშვნელოა, გაცილებით სწრაფად უნდა გაიზარდოს ეკონომიკა იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს. ორნიშნა თუ არა, მინიმუმ, მასთან მიახლოებული მაჩვენებელი უნდა გვქონდეს“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა და დასძინა, რომ ეკონომიკური ზრდა დაბალ ტემპს შეინარჩუნებს და ტენდენცია მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაშიც გაგრძელდება, რა თქმა უნდა, თუ დამატებით ფაქტორების გავლენა არ იქნება.
„ახლა ეკონომიკა შედარებით დაბალი ტემპით იზრდება, რაც არის ლოგიკური შედეგი. თუკი ეკონომიკაში რამე დამატებითი ფაქტორები არ გამოვლინდება, არსებულ ტემპს შევინარჩუნებთ მომდევნო თვეების განმავლობაშიც. ცხადია, მცირე და არასაკმარისი ზრდაა. ვისურვებდი, ზრდა ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახოს“, - განაცხდა ანალიტიკოსმა „ბიზნეს ინსაიდერს“.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის შეფასებით, მოლოდინი იმისა, რომ 2023 წელსაც ორნიშნა მაჩვენებელი გვექნებოდა არც წლის დასაწყისში ყოფილა, თუმცა ეკონომიკის განვითარებას და კიდევ უფრო მეტად ზრდას ხელი აუცილებლად უნდა შევუწყოთ.
„მშპ-ს ზრდის ტემპის წინასწარ პროგნოზირება რთულია. სხვა თვეებთან შედარებით, გარკვეულწილად სახეზე შემცირება, თუმცა კარგია, რომ ჯერ კიდევ მაღალი ეკონომიკური შედეგები ნარჩუნდება. პროგნოზირებულთან შედარებით, მაინც უფრო მაღალია. ასევე ვხედავთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიც მუდმივად ზრდის მიმართულებით ცვლიან საკუთარ პროგნოზებს. ამიტომ დანამდვილებით კარგია, ის მაჩვენებელი, რაც ახლა გვაქვს. წელს არც ყოფილა იმის მოლოდინი, რომ ორნიშნა მაჩვენებელზე გავიდოდით. რთულია ყოველ წელს ამის მიღწევა. იმედია, შევინარჩუნებთ აღებულ ტემპს და შემდეგ თვეებში კიდევ უფრო უკეთესი ეკონომიკული შედეგები გვექნება“, - აღნიშნა გიორგში კაპანაძემ.