ირკვევა, რომ 2022 წელს შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხვი რუსეთიდან მიგრანტების ხარჯზე გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეები სამსახურს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებენ, ხოლო მათ ადგილს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იკავებენ. თუმცა, ესეც დროებითი მომენტია, რადგან ისინი საომარი მოქმედებების გამოისობით შემოსული ადამიანები არიან, რომლებიც მცირე ხნით აპირებენ ქვეყანაში დარჩენას. მათმა ნაწილმა უკვე დატოვა კიდეც საქართველო.
ეკონომიკის ექსპერტმა მურად მიქელაძემ საქართველოში უმუშევრობის სტატისტიკის ახალ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლებიდან ძალიან ბევრი საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა.
„როდესაც უმუშევრობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ სამი პარამეტრი. 1. სამუშაო ძალა, ანუ შრომისუნარიანი მოსახლეობა, 2. დასაქმებულთა რაოდენობა 3. უმუშევართა რაოდენობა.
2022 წლის სტატისტიკის მიხედვით, გვაქვს დადებითი ტენდენციები. შრომისუნარიანი მოქალაქეების რიცხვი გაზრდილია დაახლოებით 12 000-ით, დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 66 000-ით და უმუშევართა რაოდენობა შემცირებულია 48 000-ით.
ეს რიცხვების საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუმცა საყურადღებოა ის, თუ რა დგას ამ რიცხვების უკან. მაგალითად, სამუშაო ძალას თუ განვიხილავთ, მისი მოცულობა მუდმივად მცირდებოდა ბოლო 7-8 წლის განმავლობაში. 2021 წელს ამ კუთხით მცირედით გაუმჯობესდა ვითარება, როცა 2020 წელს დაწყებული პანდემიის შემდეგ, ემიგრანტების გარკვეული ნაწილი საქართველოში დაბრუნდა. 2022 წელსაც გაიზარდა შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხვი და ესეც მიგრაციას უკავშირდებოდა, ოღონდ, არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ ძირითადად, რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში შემოსული რუსი მიგრანტების ხარჯზე.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, 2022 წელს 46 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საქართველო, მეორე მხრივ კი შემოვიდა 56 000 რუსი მიგრანტი, ვინც ქვეყანაში დარჩა და მათ გამო გაიზარდა შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა“, - განაცხადა მურად მიქელაძემ.
მისი განმარტებით, აღნიშნულ სტატისტიკაში აღირიცხებიან ის ადამიანები, ვინც საქართველოში ცხოვრობენ ან აპირებენ 1 წლის განმავლობაში ცხოვრებას.
რაც შეეხება დასაქმებული ადამიანების რაოდენობის ზრდას, ეს პარადოქსია, რადგან თუ საქართველოში სამუშაო ადგილები იქმნება, მაშინ საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა არ უნდა უწევდეთ.
„ემიგრაციაში, ძირითადად, ის ადამიანები მიდიან, ვისაც შრომის უნარი აქვს. დასაქმებულთა რაოდენობა რომ 66 000-ით გაიზარდა, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც დასაქმდნენ? ფაქტია, რომ უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე არ არის, რადგან 2021-2022 წლებში ჯამში 87 000-მა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა და ეს ერთად აღებული გორი და კიდევ ერთი მუნიციპალიტეტია“, - აღნიშნა „კომერსანტის“ ეთერში მიქელაძემ.
ექსპერტის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებიდან 2022 წელს 14 000 ინდმეწარმედ დარეგისტრირდა, ასევე 1000-ზე მეტი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დაფუძნდა, სადაც დასაქმებული რუსები და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც ამან განაპირობა.
ასეთი შეუსაბამო სიტუაციის ფონზე დამსაქმებლებს შორის კონკურენცია სულ უფრო მზარდია. ბიზნესსექტორი ცდილობს, სასურველი კანდიდატები გაზრდილი ანაზღაურებით მოიზიდოს. გარდა ამისა, სულ უფრო მეტი კომპანია უთითებს განთავსებულ ვაკანსიებში ანაზღაურებას, რაც ადრე არც ისე ხშირად ხდებოდა. წლიური ზრდის ტრენდს ინარჩუნებს დასაქმების პორტალებზე განთავსებული ვაკანსიების რაოდენობაც.
SS.ge-ს დასაქმების კატეგორიის განვითარების მენეჯერის ანა ჩაჩანიძის თქმით, პანდემიის დროს, კვალიფიციური კადრების თითქმის ორწლიანი გადინების შემდგომ, დღეს მათი შევსების პროცესი კომპანიებში ზოგ შემთხვევაში წარმატებულად, ზოგიერთ შემთხვევაში კი ნაკლებად წარმატებულად მიმდინარეობს.
„კადრების დეფიციტის გამო, დამსაქმებლებს შორის გამძაფრებულია კონკურენცია, რის გამოც მათ უწევთ ხელფასების გაზრდა და ამ გზით ცდილობენ, კანდიდატები მოიზიდონ. დამსაქმებლებს სასურველი კანდიდატების მოძიება განსაკუთრებით დაბალ და საშუალო ხელფასიან პოზიციებზე უჭირთ, რადგან პოტენციური დასაქმებულების სურვილი დამსაქმებლის სურვილს არ ემთხვევა ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ამ მიზეზების გამო, სხვადასხვა სექტორში, ბოლო 1 წელში, საშუალო ხელფასები დაახლოებით 15-20%-ითაა გაზრდილი.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ შეიცვალა კომპანიების ქცევა. მათ დიდ ნაწილს, კერძოდ, 60-70% პროცენტს ანაზღაურება უკვე მითითებული აქვს ვაკანსიებში, რაც ადრე არ ხდებოდა“, - აღნიშნა ანა ჩაჩანიძემ.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მათ ვებ-გვერდზე ვაკანსიების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა და 12-13 ათასი შეადგინა.