აჭარა ჯანყის პირასაა

აჭარა ჯანყის პირასაა

აჭარაში სამთავრობო 'გადატრიალება' მზადდება... არჩილ ხაბაძეს ათავისუფლებენ და მის ადგილას მურმან დუმბაძეს ნიშნავენ. ამ ინფორმაციას სანდო წყარო მაწვდის და თან ამტკიცებს, რომ ამ დღეებში დუმბაძე უკვე ჩაუდგა სათავეში მარგველაშვილის შტაბს და დაიწყო თავისი ხალხის მობილიზება. ასე რომ, ხაბაძის მოხსნაზე სამთავრობო კულუარებში უკვე აქტიურად ლაპარაკობენ. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამ ადამიანმა ვერანაირ საქმეს ვერ მოაბა თავი და ამიტომაცაა ბათუმში ლამის ყოველდღე გამოსვლები. ბუნებრივია, მე ამ ინფორმაციის გადამოწმება სხვა არხებიდანაც ვცადე... როგორც ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი, თამაზ ბაკურიძე ამბობს, აჭარა მურმან დუმბაძის თავმჯდომარეობას არ დაუშვებს, ხალხმა იცის, ვინც ჩაუდგება მთავრობას სათავეში:

'არა, ჩვენ 27 ოქტომბრამდე უნდა შევცვალოთ აჭარის ხელისუფლება და ამისთვის ვიწყებთ სერიოზულ მოძრაობას. ხალხს დიდი ძალა აქვს. გუშინ ქუჩა გადაიკეტა ისე, რომ პოლიციამ ვერ გაუწია წინააღმდეგობა. უახლოეს დღეებში იგეგმება ყველა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა. შენ დაინახავ ცოტა ხანში, ხალხი გადაწყვეტს ყველაფერს'.
როგორც ხედავთ, აჭარა ჯანყის პირასაა, ბანკების ვალებში ჩამხრჩვალი უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ადამიანები უკვე ქუჩაში არიან, მხოლოდ დაძახებას ელოდებიან. ცალკეა გამწარებული ხალხი და მეორეა ის, რომ 'ნაციონალების' წისქვილზე ასე კარგად წყალს ვერავინ დაასხამდა, როგორც თავად 'ქართული ოცნება', რომელიც შანსს არ უშვებს ხელიდან, ხელისუფლებას 'გადაუაროს'. იყო დაპირებები, იყო ოქროს კოშკების აგების მცდელობა, მაგრამ ჩაიარა არჩევნებმა და ხალხთან დალაპარაკებაც კი აღარავის უნდა. სიმართლეს ამბობენ აჭარლები, არჩევნებამდე მურმან დუმბაძე ლამის საცირკო სანახაობებს დგამდა, ამის წყალობით 'მოჯდა' პარლამენტში და დღემდე ემალება ამომრჩევლებს.

სხვათა შორის, რამდენიმეჯერ იყო მცდელობა, ხალხი მთავრობის შენობაში აპირებდა შევარდნას, მაგრამ ბოლო მომენტში რამდენიმე ადამიანს ეყო გონიერება და იგივე არჩილ ხაბაძე ბეწვზე გადაურჩა ქუჩაში გამოთრევას. თუმცა ნათქვამია, კოკა წყალს ყოველთვის არ მოიტანსო.
რაღა დაგიმალოთ და... ავი ენები იმასაც ამბობენ, პარლამენტიდან მურმან დუმბაძის მოშორება უნდათ და ამიტომაც გადაჰყავთ მთავრობის თავმჯდომარედო, მაგრამ თუ ასე მოხდება, მე პირადად არ მივესალმებოდი, ეს დაწინაურება უფრო მგონია. თუ დღეს დუმბაძეს, ასე თუ ისე, ხელ-ფეხი მაინც შეკრული აქვს, თავმჯდომარის რანგში საერთოდ აუშვებს აფრებს და უფრო 'უკეთესად' გააკეთებს თავის საქმეს.

ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელსაც ჯერ არ უთქვამს, ადეიშვილი რომ შევაქე, ვიჩქარეო... აი, რას მწერენ, ბატონო პრემიერო, ყვარლიდან:

'ადეიშვილი ავადმყოფი ტვინის პატრონია, კომპლექსიანი, მეათე კლასში პირველკლასელი ბიჭს მოუნდომა გაუპატიურება და იმ ბავშვის მშობლებმა გააგდეს სოფლიდან, ამის შემდეგ რუსთავში გადავიდა თავის დეიდაშვილ რობიზონა პაპაშვილთან და სკოლაც იქ დაამთავრა'.

ადეიშვილზე ასეთ რაღაცებს ხშირად კი ლაპარაკობენ და პრესაშიც გამოქვეყნდა, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამას მწერს, მისი ყოფილი ახლობელია, მან ყველაფერი იცის ზურიკოს 'ნიჭიერების' შესახებ. შეიძლება ზოგიერთი შემომედაოს, ბავშვობაში შეცდომა ვის არ მოსვლიაო? კი, ბატონო, კახეთში ყველაფერი ხდება ხოლმე, ბავშვობაში ვირებზე 'ნადირობაც' მოსულა, მაგრამ არ მახსოვს, პედოფილობის გამო ვინმე გამოეძევებინოთ. მოკლედ, რაც უფრო მეტს აქებს პრემიერ-მინისტრი ადეიშვილს, მით მეტი უბედურება 'ამოცვივდება' მისი წარსულიდან.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებსა და მოსამართლეებს ხელფასები გაეზრდებათ. უნდა გაეზარდოთ, აბა, რა? დღე და ღამე არ სძინავთ ქვეყანაზე ფიქრით და თან ისეთი გადაწყვეტილებები გამოაქვთ, ევროპას 'შეშურდება'. როცა ამ ინფორმაციას ვკითხულობდი, ერთმა გაჭირვებულმა ადამიანმა დამირეკა სიღნაღის რაიონიდან და მეუბნება, მესამე ჯგუფის ინვალიდი ვარ, მეგონა, პენსიას მომიმატებდნენ, მაგრამ უარი მითხრეს, შენ ბავშვობიდან არ ყოფილხარ ინვალიდი, შემდგომ პერიოდში გაქვს შეძენილი დაავადება და 30 ლარზე უარი გეთქვაო. ეს ადამიანი ამჟამად 70 ლარს იღებს. ესე იგი, თუ ადამიანს ბავშვობაში არ მოუტეხავს კისერი და ეს ცოტა მოგვიანებით მოახერხა, მას პენსია არ ემატება. სამაგიეროდ, ჩემო კარგებო, ტვინნაღრძობ მოსამართლეებს უპრობლემოდ უმატებენ ხელფასებს, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ როდის იღრძო ტვინი და რამდენი ადამიანი გააუბედურა თავისი უსინდისობით?!

ბოლო დროს ინტენსიურად დაიწყეს საუბარი ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ. როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ჩვენ ეს ფუნქცია იდეალურად უნდა შევასრულოთ, ამისთვის უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც ექნება წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა:

'პორტებზე სულ საუბრობდა წინა ხელისუფლება და მისი აშენების არც პროექტი არსებობდა და არც დაფინანსების ვარიანტი. თქვენ იცით სააკაშვილის აკვიატებული იდეა ლაზიკის პროექტთან დაკავშირებით, ჩვენმა ეკონომიკურმა ჯგუფმა გაარჩია სამი ვარიანტი - ლაზიკა ძალიან აგებს ანაკლიის პორტთან, რომელიც არის სიმძლავრით რამდენჯერმე უფრო დიდი, ამავე დროს, არ გვირჩიეს ჭაობის ამოშრობა, ამან შესაძლოა, ძალიან დიდი ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს'.

მართალია, ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს, ეს ჩემი იდეაა, ანაკლიაში პორტს მე ვაშენებო, მაგრამ საიდანღაც უცებ გამოხტა კახა (ალექსანდრე) ლომაია, რომელიც 2008 წლის მოვლენების გამო უნდა დაეკითხათ, მაგრამ რატომღაც ისევ ამერიკაში ზის და ნიშნისმოგებით ატრაკებს:

'კარგი ყოფილა ანაკლია, არა? აბა, მთელს ქოცობას, 'დამოუკიდებელ' მედიას და 'ექსპერტებს' სასაცილოდ რომ არ ყოფნიდათ? 'ახალ ვასიუკებს' რომ ეძახდნენ, მიშა ოსტაპ ბენდერად რომ გამოეყვანათ? ახლა რას იტყვით? მართალი ყოფილა მიშა თუ არა, რომ ანაკლიაში შავი ზღვის ყველაზე ღრმა პორტი უნდა გაკეთდეს, რომელსაც შეეძლება წელიწადში 12 თვე იმუშაოს? მართალი ყოფილა თუ არა? კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ მიშას სტრატეგიული ხედვის სისწორის აღიარება'...

ოეეე, 'საშიუკ', ეგ იდეა არც სააკაშვილისაა და არც ივანიშვილის, ანაკლიაში პორტის აშენების პროექტი ევროპაში პირველად საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ ჩაიტანა, რომელიც მოიწონეს კიდეც და თანხებიც უნდა გამოყოფილიყო, მაგრამ შენმა ძმაკაცებმა, კიტოვანმა და შევარდნაძემ არიეს ყველაფერი. ამაზე ჩვენ არაერთხელ დავწერეთ და სხვათა შორის, სააკაშვილის დავთრებარეულ ხელისუფლებასაც არაერთხელ მოვუწოდეთ, ჩაეხედათ სიგუას მიერ მომზადებულ პროექტში, მაგრამ ამაოდ... თუმცა, რატომ ამაოდ? არ არის გამორიცხული, ჩაიხედეს და მიითვისეს კიდეც, როგორც ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, ხეთაგურმა მიითვისა 1952 წელს დამუშავებული ჰესების პროექტები.

რაკი ამ თემაზე წამოვიწყე საუბარი, ბარემ ბოლომდე ვიტყვი: ესე იგი, ხეთაგურის 'სასტავმა' საბჭოთა პერიოდში შედგენილი პროექტები ამოიღო, კომპიუტერის საშუალებით გააფერადა და ნორვეგიული ფირმის საშუალებით 5 მილიონი დოლარი 'გაათეთრა', ანუ ძველი ქაღალდები ახალ პროექტებად გაასაღა. ეგრეა, ბიჭებმა გაფერადებაში 5 მილიონი 'მოტეხეს' და დღეს ციხეში კი არ სხედან, გარეთ დასეირნობენ. მოკლედ, ძალიან ცუდია, როცა ნემსის ქურდები ციხეში სხედან, ხოლო აქლემის ქურდები ხან ამერიკიდან გვმოძღვრავენ, ხან კიდევ ტელევიზორიდან... ამის მერე კიდევ კოჰაბიტაციაზე - თანაცხოვრებაზე გველაპარაკებიან...