"პრემიერ-მინისტრთან ძალიან ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, რაც ზოგადად გვაწუხებს და ასევე განვიხილეთ აქტუალური პრობლემები, როგორიცაა ჭელას ინცინდენტი და ბათუმში მეჩეთის აშენება. იმ დასკვნამდე მივედით, რომ პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს," - ამბობს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.
ტარიელ ნაკაიძე:
- შეხვედრა ძალიან პოზიტიური იყო, ჩვენი დარდი კარგად ავუხსენით და პრემიერიც ძალიან გულწრფელად საუბრობდა. ასეთი ფორმატის შეხვედრა საქართველოს მთავრობას ქართველ მუსლიმებთან არასდროს ჰქონია. კარგი იქნება, რომ ასეთი შეხვედრები არა მარტო ჩვენთან, არამედ, სხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებთანაც გაიმართოს. ამ გზით, უფრო მეტად განიმუხტება სიტუაცია და პრობლემებიც მოგვარდება.
შეხვედრა გარკვეულწილად კარგი იყო ემოციების განმუხტვის თვალსაზრისითაც. ყველა ელოდება, რომ მინარეთი თავის ადგილს დაუბრუნდება. ვფიქრობ, ეს საკითხი უკანა პლანზე რომ გადავიტანოთ და მინარეთის აღდგენა არ მოვითხოვოთ, ერთი მხრივ როგორც მოქალაქის დანაშაულიც იქნება, რადგან ამით ხვალისთვის სხვა მსგავს სიტუაციებს გზას გავუხსნით, რაც ჩვენს ქვეყანას არადემოკრატიულს წარმოაჩენს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამიტომაც, უკან დახევას არ ვაპირებთ. აუცილებლად უნდა აღდგეს მინარეთი და აუცილებლად უნდა აშენდეს მეჩეთი ბათუმში.
- ანუ მინარეთი თავის ადგილს დაუბრუნდება?
- დიახ. რაღაც პროცედურებია, რომელიც აუცილებლად უნდა გავიაროთ და ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. მინარეთის დასაბრუნებლად ყველა საჭირო პროცედურას გავდივართ, პრემიერთან ეს შეხვედრაც, ალბათ, შედეგს გამოიღებს და მინარეთი მალე აღდგება.
- როდისთვის ფიქრობთ აღდგენას?
- არ მგონია, რომ ამან თვეები და წლები გასტანოს. უფრო მოკლე ვადაში.
- წლის ბოლომდე შესაძლებელია?
- სავარაუდოდ, უფრო ადრეც.
- მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მუშაობა რა ეტაპზეა? უკვე გადაწყდა, სად აშენდება?
- მეჩეთის ასაშენებლად ბათუმში რამდენიმე ადგილი განიხილება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ადგილობრივი რესურსებით მოხდება. მხედველობაში მაქვს მუსლიმი მოსახლეობისა და პრემიერ-მინისტრის შემოწირულობა. ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ საქართველოში მეჩეთის ასაშენებლად, როგორც რიგით ქართველს, სურვილი აქვს მოწყალება გაიღოს.
- თუ გაქვთ ინფორმაცია, რა თანხას გაიღებს პრემიერი და რამდენად იქნება საკმარისი შემოწირულობები მშენებლობისთვის?
- როცა პრემიერ-მინისტრის, ასეთი ქველმოქმედი ადამიანის სურვილია, დაგვეხმაროს, ამ შემთხვევაში მგონი, ამაზე საუბარი უბრალოდ უხერხულიც არის. მეჩეთის მშენებლობის საქმეში ადგილობრივი მუსლიმი ბიზნესმენებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამისთვის მზადაა მუსლიმი თემი, მაგრამ კარგია ის, რომ ფინანსური რესურსები საქართველოში, ქართული მხრიდან გამოჩნდა.
სხვათაშორის, მუსლიმი თემი ვფიქრობთ, ქართველი დიზაინერებისა და პროექტორებისთვის მეჩეთის გარე დიზაინზე კონკურსი გამოვაცხადოთ. გვინდა, რომ ეს მეჩეთი ერთგვარი რეკვიზიტი იყოს ქართველი მუსლიმისთვისაც. შესაბამისად, გვსურს, პროექტი კარგი იყოს და ტურისტისათვისაც თვალშიმოსახვედრი. ეს ჩვენთვის ისტორიული მომენტიცაა.