სიტკომ Friends-ის მსახიობი და ჩენდლერის როლის შემსრულებელი მეთიუ პერი 28 ოქტომბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ჯერჯერობით მისი გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
მეთიუს გარდაცვალებას შოუს ხუთეული გამოეხმაურა — მსახიობებმა ჯენიფერ ენისტონმა (რეიჩელი), მეთ ლებლანკმა (ჯოუი), ლიზა კუდროუმ (ფიბი), კორტნი კოქსმა (მონიკა) და დევიდ შვიმერმა (როსი) საერთო განცხადება გაავრცელეს.
"ყველანი განადგურებულები ვართ მეთიუს დაკარგვის გამო. ჩვენ ერთმანეთისთვის ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე მხოლოდ Friends-ის მსახიობები. ჩვენ ოჯახი ვართ. ძალიან ბევრი რამის თქმა გვინდა, მაგრამ ახლა უბრალოდ დრო გვჭირდება გლოვისა და ამ წარმოუდგენელი დანაკარგის გასააზრებლად.
როცა შეგვეძლება, მეტს ვიტყვით. ახლა ჩვენი ფიქრები მეთიუს ოჯახთანაა, სიყვარულს ვუგზავნით მათ, მეთიუს მეგობრებსა და ყველას მთელ მსოფლიოში, ვისაც ის უყვარდა", — წერენ მსახიობები.
პერის გარდაცვალების გამო მწუხარება სერიალის შემქმენელებმაც გამოხატეს — მათი თქმით, ძალიან გაუმართლათ, რომ მეთიუ მათი ცხოვრების ნაწილი იყო. მსახიობს Friends-ში ჯენისის როლის შემსრულებელი მეგი უილერიც დაემშვიდობა და თქვა, რომ სიხარული, რომელიც პერიმ მსოფლიოს მოუტანა, იცოცხლებს.
პერის ოჯახის განცხადებით, მეთიუს ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ განადგურებულები არიან და ძალიან აფასებენ სიყვარულს, რომელსაც საზოგადოებისგან იღებენ.
სოციალურ ქსელებში მეთიუ პერის შესახებ პოსტები არ წყდება, ცოტა ხნის წინ კი ფანები ნიუ-იორკში იმ ბინასთან შეიკრიბნენ და ყვავილები მიიტანეს, სადაც Friends-ში მეთიუს პერსონაჟი ჩენდლერი ცხოვრობდა.