Friends-ის პრემიერამდე ნერვიულობდა — გვინეტ პელტროუმ მეთიუ პერის გაცნობა გაიხსენა

Friends-ის პრემიერამდე ნერვიულობდა — გვინეტ პელტროუმ მეთიუ პერის გაცნობა გაიხსენა

მეთიუ პერის გარდაცვალება ისევ შოკისმომგვრელ ამბად რჩება როგორც ფანებისთვის, ასევე ცნობილი ვარსკვლავებისთვის. მეთიუ, რომელსაც საზოგადოება Friends-ში ჩენდლერის როლით იცნობს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალებას გვინეტ პელტროუც გამოეხმაურა, რომელმაც მეთიუ ჯერ კიდევ პოპულარობამდე გაიცნო.

"მეთიუ პერი 1993 წელს მასაჩუსეტსში, უილიამთაუნსის თეატრალურ ფესტივალზე, გავიცანი. ორივე საზაფხულო სპექტაკლებში ვიღებდით მონაწილეობას. მეთიუ ძალიან მხიარული და საყვარელი იყო, მასთან კარგ დროს ვატარებდი. ერთხელაც საცურაოდ წავედით, ადგილობრივი კოლეჯის ბარში ლუდი დავლიეთ და გრძელ ბალახიან მინდორში ერთმანეთს ვაკოცეთ. ეს ჯადოსნური ზაფხული იყო", — წერს გვინეტ პელტროუ ინსტაგრამზე და თან მეთიუს ფოტოსაც აქვეყნებს.

როგორც მსახიობი იხსენებს, მეთიუსთან რომანი ჯერ კიდევ იქამდე ჰქონდა, სანამ Friends-ის პრემიერა შედგებოდა და ჩენდლერს ყველა გაიცნობდა. პელტროუს თქმით, ამ პერიოდში, სანამ სერიალი გამოვიდოდა, მეთიუ პერი ძალიან ღელავდა.

"მეთიუ Friends-ში უკვე გადაღებული იყო, თუმცა სერიალის პრემიერა ჯერ კიდევ არ იყო შემდგარი. ის ნერვიულობდა და იმედოვნებდა, რომ დიდი წარმატება უკვე ახლოს იყო. დაშორებამდე ცოტა ხანს კიდევ ვმეგობრობდით, მაგრამ ამის შემდეგაც მისი ნახვა ყოველთვის მიხაროდა", — ამბობს გვინეტ პელტროუ.

შეგახსენებთ, რომ მეთიუ პერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ჯერჯერობით მისი გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. მეთიუს გარდაცვალებას Friends-ის ხუთეული უკვე გამოეხმაურა.

"ყველანი განადგურებულები ვართ მეთიუს დაკარგვის გამო. ჩვენ ერთმანეთისთვის ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე მხოლოდ Friends-ის მსახიობები. ჩვენ ოჯახი ვართ. ძალიან ბევრი რამის თქმა გვინდა, მაგრამ ახლა უბრალოდ დრო გვჭირდება გლოვისა და ამ წარმოუდგენელი დანაკარგის გასააზრებლად. როცა შეგვეძლება, მეტს ვიტყვით. ახლა ჩვენი ფიქრები მეთიუს ოჯახთანაა, სიყვარულს ვუგზავნით მათ, მეთიუს მეგობრებსა და ყველას მთელ მსოფლიოში, ვისაც ის უყვარდა", — წერენ მსახიობები.

მსახიობის გარდაცვალებას ოჯახთან და ნაცნობებთან ერთად, გულშემატკივრებიც ძალიან მწარედ განიცდიან. სოციალურ ქსელებში მეთიუ პერის შესახებ პოსტები არ წყდება, ცოტა ხნის წინ კი ფანებმა იმ ბინასთან, რომელშიც ჩენდლერი ცხოვრობდა, ყვავილები მიიტანეს.