"არა, მაინც მაგარია მიშა რა... ორიოდე კვირის წინ დაიტრაბახა, თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა უნდა გავხსნაო და უკვე დაუწყია: ბოჭორიშვილის ქუჩა N88, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის უკანა მხარე - თუ ქვემოთა მხრიდან გავხედავთ, რესტორან "თაღლაურას" მიმდებარე ტერიტორია. ვახუშტის ხიდიდან ძალიან კარგად ჩანს გიული ალასანიას უნივერსიტეტი. აი, სწორედ დედამისის მეზობლად იყიდა სააკაშვილმა 4-სართულიანი კარკასი ბიბლიოთეკისთვის. 270 000 დოლარად. აღნიშნული მშენებარე ობიექტი ცოტა ხნის წინ 470 000 დოლარად იყიდებოდა - ასე ცხადდდებოდა განცხადებებში, მაგრამ რაკი მალხაზ ლომთაძეს ნაღდი კლიენტი გამოუჩნდა, ლამის ფასი გაანახევრა. ბატონი მალხაზი ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობს და როგორც ჩანს, გიული ალასანიას ანგარიში გაუწია", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "ფეხებსაც ვერ მომჭამთო!..." / რა შეიძინა სააკაშვილმა 270 ათასად და რაზე უთხრა უარი რიგითმა თბილისელმა.
"რამდენიმე დღის წინ თავად მიშა ბრძანდებოდა ახლად ნაყიდ ობიექტზე თავის ძმასთან და ანდრო ბარნოვთან - ალბათ, ბიბლიოთეკის მომავალ გამგესთან ერთად. მეზობლებს ხელი ჩამოართვა, დაელაპარაკა და მერე თავისებურად აცანცარდა: ვაა, რა მაგარი ხედიაო. თუმცა მიშა რის მიშაა, რომ იქვე თვალი არაფერზე დაედგა და არ მიეყაჩაღებინა? ერთი მეზობლისთვის დაუწყია, ისაო, ეზო არ მაქვს და შენი ნაკვეთი მომყიდეო. მეზობელს უთქვამს, შანსი არ გაქვს, არ მოგყიდიო. სწყენია მიშას, ასეთი რაღაც როგორ გამიბედაო. მოგვიანებით ანდრო ბარნოვი მიუგზავნია, - ეგ ნაკვეთი გაფორმებული არ გაქვს (როგორც ჩანს, ამოაგდეს ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან), თუ არ მოგვყიდი, წაგართმევთო. ამას უთქვამს - ფეხებსაც ვერ მომჭამთო! ორი დღის წინ მიშა კიდევ ყოფილა მისული - მაინც დაუბევებია, მეზობლისთვის უთქვამს, თუ გაყიდვას დააპირებ, სხვას არ მოსცეო", - აღნიშნავს გამოცემა.
"სააკაშვილის ნაყიდი ობიექტი რაკი ბლოკითაა ნაგები, ძალიან არ მოსწონებია და ამიტომაც დაუწყია მისი დანგრევა, ამჟამად აქ მუშები იმყოფებიან. როგორც მუშები ამბობენ, მიშა ყოველ ორ დღეში დადის თავის ობიექტზე, ძირითადად ღამის 2 საათზე და თურმე ისე უხარია, შენობას ხითხითით უვლის გარშემო. გადაწყვეტილი აქვს შენობა მთლიანად შუშით გააწყოს და გამჭვირვალე გახადოსო. დაბოლოს, იცით, როდის გაიხსნება თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა? ზუსტად ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს. თქვენი არ ვიცი და მე კი მგონია, მიშა ამით პატივცემულ საზოგადოებას ეუბნება: თქვენი დედაც, არსად წასვლას არ ვაპირებ, თუ ავლაბრის რეზიდენციიდან გამომასახლებთ, აგერ ვხსნი ახალ რეზიდენციასო. სხვათა შორის, მე არც ის მგონია, რომ სააკაშვილი მართლა ბიბლიოთეკას ხსნის, როგორც ჩანს, აპირებს თბილისში დააარსოს ე.წ. "ნაციონალ-ელიტარული" შტაბი, სადაც პერიოდულად შეიკრიბებიან და დასახავენ სამომავლო გეგმებს. ასე რომ, ბიბლიოთეკა შირმა უნდა იყოს. სააკაშვილმა შარშან დაიკვეხა, მე რომ ოპოზიციაში ვიყო, ხელისუფლებას სამ თვეში დავამხობდიო. ჰოდა, ელოდეთ ბატონებო სააკაშვილის რევოლუციას სააკაძის მოედნიდან", - დასძენს გამოცემა.