შუა დერეფანი და ტვირთების მოზიდვა - ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის ირგვლივაც თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ იმსჯელეს. ამ მიმართულბით უკვე კონკრეტული შედეგიც სახეზეა - ხელი მოეწერა „შუა დერეფნის“ სამი ქვეყნის რკინიგზებს შორის - ყაზახეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი საწარმოს შექმნას.
სამი ქვეყნის ერთბლივი სარკინიგზო კომპანიის შექმნაზე ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მუშაობა მიდის. პროცესის დაჩქარებას ითხოვს ჩინეთი, რომელიც ძალიან არის დაინტერესებული შუა დერეფნის გაძლიერებით.
„წესდებაზე ხელი მოვაწერეთ, ჩამოყალიბების შემდეგ სამი ქვეყნის ერთობლივი საწარმო შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას შეუწობს ხელს და რაც მნიშვნელოვანია, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მოხდება მომსახურების მიწოდება. ეს კიდევ უფრო გაზრდის დერეფნის მნიშვნელობას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
ერთობლივი სარკინიგზო კომპანიის შექმნის რეკომენდაცია სამივე ქვეყანას შუა დერეფნის ათვისებით დაინტერესებულმა ჩინეთმა მისცა. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სახმელეთო გადაზიდვების კოორდინაცია და ერთობლივი სატარიფო სისტემის შექმნა.
„მისი ამოცანაც იქნება შუა დერეფანიდან გამომდინარე კონტეინირიზებული ტვირთების გადაზიდვების ეფექტური კოორდინაცია და ტარიფების გამჭვირვალე და სტაბილური სისტემის ჩამოყალიბება. ეს არის კრიტიკული საკითხები, რომლებსაც ჩინეთი სვამდა ჩვენთან, რათა კონკურენტუნარიანი იყოს ჩვენი მარშრუტი. მათ სჭირდებათ სტაბილური ტარიფები, სჭირდებათ იაფი გადაზიდვები და იმისთვის, რომ ეს მიღწეული იქნას, აუცილებელია მაქსიმალური კოორდინაცია რკინიგზებს შორის და ამ მიზნით სამი რკინიგზა აყალიბებს ერთობლივ კომპანიას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე გააკეთა.
ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა კი სექტემბრის ბოლოს ასტანაში გამართულ ფორუმზე ხაზი გაუსვა, რომ დერეფანში გამტარუნარიანობა შესაძლოა, 5-ჯერ გაიზარდოს, ერთობლივი კომპანიის მიერ განსაზღვრული ტარიფი კი 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.
მნიშვნელოვან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ პროექტებს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერიც. ირაკლი ღარიბაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ შუა დერეფანზე და ამ მიმართულებით საქართველოს როლზე ისაუბრა.
„შუა დერეფანი საქართველოს გავლით სწრაფად ყალიბდება, როგორც ტრადიციული მარშრუტების სტაბილური და უსაფრთხო ალტერნატივა. მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად, რათა აღმოვფხვრათ წინაღობები ინფრასტრუქტურაში, პროცედურების გამარტივებითა და ერთიანი სატარიფო პოლიტიკის დანერგვით.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც გაფორმებულია ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნებთან, ჩინეთთან, თურქეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს, როგორც რეგიონული ცენტრის, როლს. ეს შეთანხმებები ინვესტორებს უზარმაზარ ბაზრებზე ანიჭებს წვდომას.
საქართველომ წამოიწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. მისი დასრულების შემდეგ, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. მთავრობა დიდ ინვესტიციებს დებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალისა და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.
სარკინიგზო გამტარუნარიანობის მნიშვნელობასა და ერთობლივი კომპანიის როლზე გაამახვილა ყურადღება თბილისში სტუმრად მყოფმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმაც. ალი ასადოვის შეფასებით, შუა დერეფნის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ჩატარებული ოპერაციების შედეგად მოკლევადიანი და ასევე, მოკლე დროში მიღებულ იქნება მნიშვნელოვანი ინდიკატორები და ეს აისახება ტრანსპორტირების სიჩქარეში და ასევე, ხარისხში. მაგალითად, ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის გატანისთვის დახარჯული დრო მნიშვნელოვნად შემცირებულია წინა წელთან შედარებით, მაგრამ ახლა მიზანი არის ის, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს.
„ვფიქრობ, უახლოეს პერსპექტივაში შესრულებული სამუშაო თავის სარგებელს მოიტანს და ეს დერეფანი მართლაც გახდება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი დერეფანი გლობალურ დონეზე. ცხადზე ცხადია, რომ რკინიგზის გარდა, შუა დერეფნის პოტენციალი მჭიდროდ არის დაკავშირებული პორტებში ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობებთან. ამ მხრივ ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო საზღვაო პორტი კასპიის ზღვაში, უკვე ზემოთ მოხსენიებული სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვან ჯაჭვს წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე“, - აღნიშნა ასადოვმა.