ბარიერების აღმართვა საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, სოჭის ოლიმპიადა და ქართული ღვინის ექსპორტი - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, სადაც, საქართველოს თვალით, ბოლო დროს განსაკუთრებით შეინიშნება რუსეთის პროვოკაციული ქმედებები. რა კონკრეტრულ ფაქტორებს უკავშირდება რუსეთის გააქტიურება, რის მიღწევას ცდილობს მოსკოვი და როგორი უნდა იყოს საქართველოს რეაქცია?
სახელმწიფო მინისტრისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილისთვის აშკარაა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი გააქტიურება საქართველოს ევროპულ არჩევანსა და, კონკრეტულად, ვილნიუსის სამიტის მოახლოებას უკავშირდება. როგორც სახელმწიფო მინისტრი ვარაუდობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, მოსკოვიდან სამომავლოდ მეტი წნეხიც არის მოსალოდნელი, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებს საქართველოს მტკიცე არჩევანზე:
”პირიქით, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა დავხარჯოთ საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ევროკავშირთან მუშაობის გასააქტიურებლად, რომ რეალურად რაც გაცხადდა ევროკავშირის მხრიდან, შესაძლლოა ხელი მოეწეროს ერთი წლის განმავლობაში, ანუ ვიდრე ამოიწურება უფლებამოსილების ვადა მოქმედი ევროკომისიისა, ეს რეალობად იქცეს... აი, ამ პერიოდში მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან ზეწოლის გააქტიურება... დარწმუნებული ვარ, რომ ვერაფერი ვერ შეაფერხებს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს და მოლდავეთის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პარაფირებას, ხოლო უკრაინასთან - ხელმოწერას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.”
ალექსი პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი შესანიშნავად დაგვირგვინდება, თუკი საქართველოს პოზიცია იქნება ფრთხილი, თანმიმდევრული, პრინციპული და საერთაშორისო თანამეგობრობის ღირებულებების შესაბამისი.
როდესაც რუსეთის მხრიდან ზეწოლასა და პროვოკაციულ ქმედებებზე ლაპარაკობენ, საოკუპაციო ზოლზე მავთულხლართების გავლების პრობლემასთან ერთად, საგანგებოდ აღნიშნავენ იმ ფაქტებსაც, რომ მოსკოვმა ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ შეგნებულად შეარჩია მის მიერ აგვისტოს ომის გმირად აღიარებული ივან ნეჩაევი, ხოლო რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ კვლავაც დაიწუნა ქართული ღვინის ხარისხი და კვლავაც კარის მიხურვით დაიმუქრა.
ნიკოლაი სილაევი, რუსი პოლიტოლოგი, რომელიც კრემლთან განსაკუთრებით დაახლოებულ ექსპერტთა სიაში ირიცხება, მიიჩნევს, რომ რუსეთის ქმედებების მოტივაციას ზედმეტად აზვიადებენ საქართველოში და რომ არაფერი ღრმა და ორაზროვანი არ დევს არც ონიშჩენკოს სიტყვებში და არც ნეჩაევის შერჩევაში სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნედ. თუმცა, ასეთი შეფასებების მიუხედავად, სილაევი რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბრისას მაინც ასახელებს მიზეზს, რაც მოსკოვის უკმაყოფილებას იწვევს და ეს მიზეზი საქართველოს საგარეო პოლიტიკას უკავშირდება:
”გარკვეულ წრეებს მოსკოვში რაღაც სხვა მოლოდინი ჰქონდათ... მაგალითად, რამდენადაც მე ვიცი, მოსკოვში მოელოდნენ მეტ წინსვლას საგარეო საქმეთა სამინისტროს ტაქტიკაში, რაც არ შეცვლილა სააკაშვილის მმართველობის შემდეგ. და ეს იქცა ერთ-ერთ სირთულედ, რომლის გამოც წინ ვერ მიდის ჟენევის მოლაპარაკებები”.
რუსეთის ქმედებებს ”მძიმე პოლიტიკურ პროვოკაციად” აფასებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური და ამგვარი მოსაზრება მან 8 ოქტომბერსაც გამოხატა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის თოქ-შოუში მონაწილეობის დროს. ის თვლის, რომ ”ქართული ოცნების” პოლიტიკამ, რაც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, მარცხი განიცადა და რომ კვლავაც უცვლელია რუსეთის მიზნები და ამოცანები:
”რუსეთს უნდა იმის მიღწევა, რისი მიღწევაც სურდა ოკუპაციის დროს 2008 წელს, როდესაც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძოდა... პრობლემა არის ფუნდამენტური: რუსეთის სახელმწიფოს არ სურს საქართველო შედგეს სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელიც თავად აყალიბებს თავის საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ორიენტირებს...”
იმაში, რომ რუსეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო უპირისპირდება, დარწმუნებულია ლევან ცუცქირიძე - პოლიტოლოგი, წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ორგანიზაციისა ”ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის”. ის თვლის, რომ თავისუფალ სამყაროში ინტეგრაცია საქართველოსთვის ”იაფი და ადვილი საქმე” არ არის და რომ რუსეთი თავის საზღვრებთან სწორედ თავისუფალი სამყაროს გაფართოებას ეწინააღმდეგება.
”ეს არის წნეხი საქართველოზე, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს პროგრესს შეეშალოს ხელი - ან უარი თქვას ამაზე, ან რაიმე ისეთი პრობლემა წარმოიშვას ქვეყანაში, ან რაიმე შიდაპოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს, რაც ამ საქმეებს შეუშლის ხელს. ომის დაწყებას, ანუ ამ მხრივ პროვოკაციებს არ ელოდებიან... ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა საქართველოზე”, - უთხრა ლევან ცუცქირიძემ რადიო თავისუფლებას.
დაბოლოს, კიდევ ერთი ვერსიის შესახებაც ვთქვათ. ბოლო დღეების მწვავე დისკუსიებისა და პროტესტის ფონზე გამოითქვა მოსაზრება ასევე იმის თაობაზე, რომ შესაძლოა რუსეთი ამგვარი ქმედებებით, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში, გამოხატავს მხარდაჭერას რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ და რომ ეს ძალა ”ქართული ოცნება” არ არის.