დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ტელეწამყვანი გახდება. BBC-ის ინფორმაციით, მთავრობის ყოფილი მეთაური ტელეარხ GB News-ის გუნდს შეუერთდა.
არსებული ინფორმაციით, ჯონსონი წამყვანის, პროგრამის ავტორისა და მიმომხილველის პოზიციებს შეითავსებს. GB News-ში აცხადებენ, რომ ჯონსონი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომდევნო წელს ბრიტანეთსა და აშშ-ში დაგეგმილი არჩევნების გაშუქებაში და წაიყვანს პროგრამას, რომელიც წარმოაჩენს ბრიტანეთის სიძლიერეს მთელ მსოფლიოში.
„მე წარმოგიდგენთ ჩემს შეულამაზებელ ხედვებს ყველაფერზე, მათ შორის რუსეთზე, ჩინეთზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებით ამ გამოწვევებს“, - ამბობს X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ბორის ჯონსონი.