ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში ემილის ბლანტის 2012 წლის ინტერვიუდან ვიდეო ვირუსულად ვრცელდება. მსახიობი 2012 წელს ჯონათან როსის შოუში იყო მიწვეული და მისი ერთ-ერთი ფილმის, Looper-ის, გადაღებების შესახებ ისაუბრა. ინტერვიუში ემილი ბლანტმა რესტორან Chili's-ის მიმტანს "უზარმაზარი" უწოდა, რაც ინტერნეტმა ახლახან აღმოაჩინა და მსახიობი კრიტიკის ობიექტად იქცა.
Looper-ის გადაღებები აშშ-ში მიმდინარეობდა, მსახიობმა კი გაიხსენა, რომ ამ პერიოდში Chili's-ის ერთ-ერთ რესტორანს ესტუმრა, რომლის მიმტანმაც მსახიობი იცნო. "Chili's-ში როცა მივდივარ, მაშინ ვხვდები, თუ რატომაა ჩემი ამდენი ამერიკელი მეგობარი უზარმაზარი", — თქვა გადაცემის წამყვანმა. ემილი ბლანტმა კი ასე უპასუხა: "დიახ, მიმტანი გოგო, რომელიც მე მემსახურებოდა, უზარმაზარი იყო. ვფიქრობ, Chili's-ში უფასოდ ბევრჯერ ისადილა".
სწორედ ეს ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელებში, რაზეც ემილი ბლანტმა ბოდიში უკვე მოიხადა. "შოკირებული ვარ, რომ ასეთი მტკივნეული და გულცივი რაღაც ვთქვი, რომელიც შოუს სასაუბრო თემას საერთოდ არ უკავშირდებოდა. ჩემს თავს ყოველთვის ისეთ ადამიანად თვლიდი, რომელიც სხვებს არასდროს აღიზიანებს. ასე რომ, რამ მაიძულა იმ მომენტში ასეთი რამის თქმა, ჩემთვის ისევ გაურკვეველია და ჩემს შეხედულებებს ეწინააღმდეგება. დიახ, ასეთი რამ მოხდა და ვწუხვარ იმ ზიანის გამო, რომელიც სხვას მივაყენე. მაშინ საკმარისად ზრდასრული ვიყავი, რათა ასეთი რამ არ გამეკეთებინა", — განაცხადა ემილი ბლანტმა.
მართალია, მსახიობმა ბოდიში მოიხადა, თუმცა სოციალური ქსელები ამ თემას ისევ აქტიურად განიხილავს და ემილი ბლანტს გარეგნობასთან დაკავშირებით დისკრიმინაციული კომენტარის გამო აკრიტიკებენ.