ტეილორ სვიფტი მილიარდერი გახდა

ტეილორ სვიფტი მილიარდერი გახდა

ტეილორ სვიფტის უამრავ რეკორდს კიდევ ახალი დაემატა — თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსი მილიარდერი გახდა. Bloomberg-ის მიხედვით, სვიფტის ქონების ღირებულება $1,1 მილიარდს შეადგენს. Bloomberg იმასაც წერს, რომ სვიფტი იშვიათ გამონაკლისთა შორისაა — იმ ადამიანებს შორის, ვინც მილიარდერის სტატუსს მხოლოდ საკუთარი მუსიკით მიაღწიეს.

ექსპერტები სვიფტს შესანიშნავ შემსრულებელთან და მუსიკოსთან ერთად, "ეკონომიკურ ფენომენსაც" უწოდებენ — ტეილორის ტურნემ, The Eras Tour-მა, ამ ზაფხულს აშშ-ის ეკონომიკის ზრდა გამოიწვია; მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში კონცერტის ბილეთების გაყიდვებით შემოსულმა თანხამ $2,2 მილიარდს მიაღწია.

2023 წელი სვიფტისთვის ნამდვილად დატვირთული აღმოჩნდა. The Eras Tour-მა აშშ-ის უამრავი შტატი შემოიარა, ტურნეს მიხედვით გამოსულმა ფილმმა მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა. წელს მან ორი ძველი ალბომიც ჩაწერა ხელახლა — Speak Now (Taylor's Version) 7 ივლისს გამოვიდა, 1989 (Taylor's Version) კი — 27 ოქტომბერს.

გგონიათ, დავასრულეთ? ცოტა ხნის წინ ტეილორ სვიფტი პირველი ქალი მუსიკოსი გახდა, რომელსაც თვეში Spotify-ზე 100 მილიონი მსმენელი ჰყავს! სვიფტმა სამყარო შეაზანზარა — პირდაპირი მნიშვნელობით: სიეტლში მისმა კონცერტმა 2,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეკვივალენტური სეისმური აქტივობა გამოიწვია.

მოკლედ, ტეილორის რეკორდებისა და მიღწევების ჩამოსათვლელად ერთი სტატია ნამდვილად არ გვეყოფა. ამიტომ ამ სტატიას კითხვით დავასრულებთ: ვისაც ჯერ კიდევ არ მოგისმენიათ ტეილორ სვიფტის შეუდარებელი ალბომებისთვის, მეტს რაღას უცდით?