ჯონ ლენონის დაუსრულებელი სიმღერა Now and Then, რომელიც The Beatles-ის დანარჩენმა წევრებმა ჩაწერეს 2 ნოემბერს გამოქვეყნდება. ინფორმაცია ამის შესახებ ჯგუფის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პოლ მაკარტნიმ და რინგო სტარმა კომპოზიციას The Beatles-ის „უკანასკნელი სიმღერა“ უწოდეს. ტრეკის გამოშვების გეგმის შესახებ მაკარტნიმ ზაფხულში განაცხადა.
Now and Then-ს საფუძვლად 1978 წელს გაკეთებული დემო-ჩანაწერი დაედო, რომელზეც ლენონი სიმღერას ფორტეპიანოს აკომპანემენტით ასრულებს.
ლენონის მკვლელობის შემდეგ, მისმა ქვრივმა იოკო ონომ მუსიკოსის დემო-ჩანაწერები The Beatles -ის წევრებს გადასცა. 1990-იანებში მათ ამ ჩანაწერებიდან ორ სიმღერაზე იმუშავეს, რომლებიც გამოიცა სახელწოდებებით Free as a Bird და Real Love. მუსიკოსებმა Now and Then-ზეც დაიწყეს მუშაობა, მაგრამ პროცესი ჯორჯ ჰარისონის სურვილით შეწყდა. მოგვიანებით მაკარტნიმ განაცხადა, რომ სიმღერის დასრულება მაინც სურს.