"მეჩვენება, რომ ეს თემა უკვე პოლიტიკური ანგაჟირების საგანი გახდა. მე ვერ ვხედავ `კანონიერი ქურდების~ ადგილს მომავალ საქართველოში, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება და არც ერთი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ მათი მდგომარეობა ისეთივე იყოს, როგორიც კომუნისტურ წარსულში და ცოტა მომდევნო პერიოდშიც. ამას ჰქონდა თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. არ დაგვავიწყდეს, 90-იან წლებში ჩვენ ვიყავით არა სახელმწიფო, არამედ რაღაც გაერთიანება, რომელსაც არ ჰქონდა არც საზღვარი და არც სახელმწიფო ატრიბუტები. ბუნებრივია, ეს არის კრიმინალური სამყაროსთვის არაჩვეულებრივი, იდეალური პირობები", - აცხადებს ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "კრიმინალური ავტორიტეტები დაბრუნდნენ" / "სასჯელაღსრულებისსამინისტრო უნდა გაუქმდეს"
"იმას, რომ `კანონიერი ქურდების~ თემა დაიხურა და მათი გავლენა საქართველოში მოისპო, რომელსაც იწერდა წინა ხელისუფლება, ნაწილობრივ ვუდასტურებ, მათ ნამდვილად შეძლეს ეს - "კანონიერ ქურდებს" ერთად მოუყარეს თავი, დააპატიმრეს თუ გააქციეს, მაგრამ ახლა ბევრი სხვა საკითხია გასარკვევი, რომლებიც თანამედროვე ვალდებულებებთან ერთად უნდა განვიხილოთ. კერძოდ, ის, თუ როგორ მოხდა მათი დაჭერა-დაპატიმრება, რამდენად კანონიერი იყო ეს ზომები და ა.შ. კრიმინალთან, უკანონობასთან უკანონო მეთოდებით ბრძოლა დიდ უბედურებად მიმაჩნია და ეს დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს. ბიძინა ივანიშვილი გადის პოლიტიკური ასპარეზიდან და, ვფიქრობ, მომავალში მოვლენ ახალი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამ საკითხს ცოტა სხვანაირად დააყენებენ. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების ეპოქა არასდროს დაბრუნდება, არ არის ამის სოციალური პირობები და ამიტომ. ისინი დაბრუნდებიან მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ სახელმწიფო აღარ ივარგებს, თუ მას "კბილები დააცვდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია მეფარიშვილი.
"პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური ავტორიტეტების მეშვეობით მართვის უფლებამოსილება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს, მათი გავლენა ყველა ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. საქართველოსა და სსრკ-ში ეს გავლენა, პრაქტიკულად, გაიგივებული იყო ხელმძღვანელობასთან. ამისი მიზეზი იყო ერთი - დაწესებულების ადმინისტრაციას არ ჰქონდა იმხელა რესურსი, ემართა ნებისმიერი ნიუანსი, ამიტომ იგი ჩვეულებრივად ეყრდნობოდა კრიმინალურ ავტორიტეტს, რომელსაც გარკვეულ სეგმენტში აძლევდა შეღავათებს და ისიც უზრუნველყოფდა შესაბამისი წესრიგის დამყარებას თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. წინა ხელისუფლების პირობებში, კრიმინალური ავტო-რიტეტები მართლა იყვნენ შეზღუდულნი, მაგრამ საკითხი არის ხერხებში, რა მეთოდებით უპი-რისპირდებოდა მათ სახელმწიფო. როდესაც ეს მეთოდები, გინდა თუ არა, ანუსის მიდამოში ბოთლის გაჩრასთანაა დაკავშირებული, მიმაჩნია, რომ ასეთი რამის გაკეთება დაუშვებელი დანაშაულია", - განაგრძობს ყოფილი გენერალური პროკურორი.
"რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას - მაფიქრებს სასჯელაღსრულების დეპარტამენ-ტში მიმდინარე პროცესები. ნუ დაგვავიწყდება, რომ იქ დღეს მდგომარეობა ძალზე რთულია და როცა ამბობენ, კრიმინალური ავტორიტეტები დაბრუნდნენო, ამას ვადასტურებ, ჩემი მონაცემებითაც ასეა. მთელი უბედურება ისაა, რომ კრიმინალური ავტორიტეტების გარეშე ვერ იმართება სიტუაცია, ისევ გაჩნდა "ობშჩიაკის" პრობლემა ციხეებში - ყველა პატიმრისგან იკრიბება შენაწირი, რომელიც შემდეგ ხმარდება ქურდული სამყაროს ლიდერებს, მათ სოციალურ გარანტიებს, ნუ გაგეცინებათ - პენსიიდან დაწყებული, ჩინოვნიკების მოსყიდვით დამთავრებული. მართალია, სერიოზულად შეზანზარდა კრიმინალური სამყარო, მაგრამ ეს შეზანზარება უკვე ჩვევაში უნდა გადავიდეს, აღარ უნდა დავუშვათ და გავიმეოროთ ის, რაც იყო", - მიიჩნევს გია მეფარიშვილი.
"მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, სასჯელაღსრულების სამინისტრო უნდა გაუქმდეს, არ არის ნორმალური მოვლენა, როდესაც საქართველოში არსებობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო, რაც ხელოვნურია. არც ერთ ქვეყანას ციხეების სამინისტრო არ აქვს და გვაქვს ჩვენ. ციხეების ქვეყანა ვიყავით და ამიტომ? რატომ არ შეიძლებოდა მისი დატოვება იუსტიციის სამინისტროს სისტემაში? მაგრამ იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა ადეიშვილმა არ მოინდომა თავის ატკივება და ეს იყო ყველაფრის მიზეზი. ჩემი აზრით, უნდა დარჩეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და ის შევიდეს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში, როგორც ადრე იყო და როგორც არის ნებისმიერ ქვეყანაში. დღეს იუსტიციის სამინისტრო დარჩა მეფე ლირის როლში - პროკურატურა წავიდა, სასჯელაღსრულებაც გამოეყო და რაღა დარჩა ამ სამინისტროსგან, რომელიც უკვე სულს ღაფავს? ყველაფერი ადეიშვილის ახირების გამო მოხდა", - დაასკვნის გია მეფარიშვილი.