რთველის სუბსიდირებას მეწარმეები სულ უფრო ეწინააღმდეგებიან

რთველის სუბსიდირებას მეწარმეები სულ უფრო ეწინააღმდეგებიან

წელს რთველის სუბსიდიის მოცულობა შემცირდა, თუმცა მთლიანად პროგრამაზე მთავრობა ჯერ უარს ვერ ამბობს. მეწარმეები კი სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამას არცთუ დადებითად აფასებენ. მათი აზრით, სჯობს, ბაზარმა დაარეგულიროს ვითარება. მთავრობის წევრები კი სხვაგვარად ფიქრობენ:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მევენახეებს, მეღვინეებს და ამისთვის სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს და სწორედ ამის შედეგია, რომ ყოველწლიურად მზარდია ღვინის ექსპორტი. შარშან რეკორდული რაოდენობის ღვინის ექსპორტი განვახორციელეთ, 103 მილიონი ლიტრი, წელს 9 თვის მონაცემებით, ვინარჩუნებთ ზრდის საკმაოდ კარგ დინამიკას. ეს არის საწინდარი იმის, რომ გაიზარდოს მოთხოვნა ღვინოზე და შესაბამისად შემდგომში უკვე ბაზარმა თვითონ დაარეგულიროს ეს საკითხი და სახელმწიფოს აღარ მოუწიოს მსგავსი სუბსიდიის სახით ჩარევა. წელს იცით, რომ სუბსიდიის მოცულობა შემცირდა, შარშან იყო 35 თეთრი, რქაწითელზე და კახურ მწვანეზე წელს 20 თეთრის ფარგლებში განხორციელდა სუბსიდირება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

თავად ღვინის სექტორი კი დიდი ხანია პირდაპირ ამბობს, რომ დროა, სახელმწიფო სუბსიდირებიდან გამოვიდეს, თუმცა ასოციაცია „ქართული ღვინის“ აღმასრულებელი ხელმძღვანელი თინა კეზელი ხაზს უსვამს, რომ ესეც შეთანხმებული უნდა იყოს დარგთან, რომ მათ ბიზნესპროცესების გრძელვადიანი დაგეგმვა შეძლონ.

„სუბსიდირება რასაკვირველია, არის ის, რაზეც ნელ-ნელა უარი უნდა ითქვას. როგორ მოხდება, ეს აუცილებლად შეთანხმებული უნდა იქნეს დარგთან, როგორ ხედავს თვითონ დარგი განვითარების პერსპექტივას. ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, მაგრამ საჭიროა, რაღაც საკითხების ძალიან საფუძვლიანი განხილვა“, - განაცხადა თინა კეზელმა.

რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და მეღვინეობის დარგის ექსპერტი გიორგი სამანიშვილ კიდევ უფრო ხისტ განცხადებებს აკეთებს. მისი შეფასებით, წელსაც არ იყო სუბსიდირების საჭიროება და არც მომავალ წლებში იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას სტრატეგიაში გაწერილი აქვს, რომ სუბსიდირებიდან უნდა გამოვიდეს, ამ მიმართულებით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა.

„მიზანი არის ის, რომ ყურძენი გადაუმუშავებელი არ დარჩეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ძალიან სწორი და კარგი იყო ის ფაქტიც, როდესაც სახელმწიფომ დასეტყვილი ყურძენი ჩაიბარა, მაგრამ მე ვერ ვხვდები, რატომ ვაფინანსებთ მაგალითად, იმ შემთხვევას, როდესაც საკუთარ ყურძენს მფლობელი აბარებს საკუთარ ღვინის კომპანიას, ხშირად ვენახები გაფორმებულია არა კომპანიაზე, არამედ კერძო პირებზე და სუბსიდირდება ფასი იმ ყურძნის, რომელსაც ისედაც იბარებდა მეღვინე და მით უმეტეს წელს არ ყოფილა ისეთ მაღალი ფასები, რომ ღვინის გაძვირება გამოეწვია.

ვერ ვხვდები, რატომ ვაფინანსებთ მხოლოდ რქაწითელს და მწვანეს, ვერ ვხვდები რატომ ვაფინანსებთ მხოლოდ კახეთის რეგიონს და რაჭას, ძალიან კარგად ჩანს ისიც, რომ სადაც სუბსიდირება ხდება, მხოლოდ და მხოლოდ უკან მიდის ყურძნის ხარისხი,“ - აღნიშნა სამანიშვილმა.

გამომდინარე იქიდან, რომ სუბსიდირება წლებია გრძელდება, სამანიშვილის თქმით ჩამოყალიბდა მევენახეთა მსხვილი ჯგუფები, რომელთაც მოჰყავთ ყურძენი, მხოლოდ იმისთვის, რომ სადმე ჩააბარონ და მათთვის მნიშვნელოვანია რაოდენობა და არა ხარისხი. შესაბამისად, ამ ყურძნისგან არ გამოდის კარგი ღვინო.

„დაფინანსებით ჩვენ გავზარდეთ უხარისხო ღვინის წარმოების ნაწილი, მეორე მხრივ შეიძლება სახელმწიფო ზედმეტადაც არის ჩართული, რომ სხვა ბაზრები განვითარდეს და მარკეტინგში ფული დაიხარჯოს, მაგრამ გვაქვს ორი პოლიტიკა, ორივე მიმართულებით იხარჯება ფული და ერთი მეორეს ხელს უშლის. ფაქტობრივად, სახელმწიფო დაფინანსებით და სუბსიდირებით განვითარდა რაღაც კლასტერი, რომელიც უხარისხობაზე მუშაობს.

მინიმუმ გაწერილი მაინც უნდა იყოს, რა შემთხვევაში დავაფინანსოთ, რა მიზნობრიობით და წლიდან წლამდე როგორ მოხდება. ღვინის სააგენტოს განცხადებები შეეფერება იმ დაწერილ სტრატეგიას, რომელსაც დარგი მიუყვება, თუმცა ღვინის ეროვნული სააგენტო არის შემსრულებელი იმ პოლიტიკისა, რომელსაც მთავრობა აყალიბებს“, - აღნიშნა „კომერსანტის“ ეთერში სამანიშვილმა.

ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული თანხა 138 მილიონ ლარამდე 2021 წელს დახარჯა. გასულ წელს ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესყიდვას კი გამოყოფილი 150 მილიონიდან მხოლოდ 100 მილიონამდე ლარი მოხმარდა. წელს ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების მიზნით, 60 მილიონი მოხმარდება.