"აგენტები ჩანერგილია ხელისუფლებაში - ეს ლოგიკურია, რადგან ჩვენ ისეთ რეჟიმთან გვქონდა საქმე, ძნელი წარმოსადგენია ეს არ გაეკეთებინათ. ის მასალები, ჩანაწერები, ხალხის დაშანტაჟების მეთოდები... სამართალდამცავ ორგანოებში, სადაც ასეთი სახის მასალები მზადდებოდა, 80% ისევ ძველი ხალხია დარჩენილი და ეს არის ახალი ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა. აუცილებელი არ არის, ყველანი დაიჭირონ, პასუხისგებაშია მისაცემი ისინი, ვინც ამას ხელმძღვანელობდა, მაგრამ უნდა გამოიყენონ დასჯის სხვა მეთოდები, მაგ. აკრძალვა პროფესიაზე. ყველამ უნდა აგოს პასუხი, პრეზიდენტი იქნება თუ მინისტრი, რათა ეს გახდეს მაგალითი მომავალი მინისტრებისა და პრეზიდენტისთვის - რომ წახვალ თანამდებობიდან, ყველაფრის მიუხედავად, პასუხს აგებ", - აცხადებს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით უშიშროების ყოფილი მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე 12-წლიან დუმილს არღვევს / "ვინც პრემიერის გარემოცვიდან არასტაბილურად გრძნობს თავს, ის შეეცდება სიტუაციის არევას".
"ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქის დასრულებიდან ლაპარაკობენ, რატომ არ მიიღეს ლუსტრაციის კანონი. იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებისთვის ძალზე კომფორტულია ეს. უამრავი ფაქტი ვიცი, როდესაც ყოფილი უშიშროების თანამშრომლები შეგზავნილები იყვნენ დღევანდელ პარტიებშიც კი, არჩევნებში მონაწილეობდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ შემდგომ დაეტოვებინათ ესა თუ ის პარტია და გაეძლიერებინათ "ნაციონალური მოძრაობის" რიგები. ამაში დამნაშავე ორგანოები კი არა, პირველი პირია. დამნაშავე სოდში და კუდში კი არ უნდა ვეძებოთ, ვისაც ეს დაავალეს, არამედ პირველ პირში, ანუ პრეზიდენტში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ქუთათელაძე,
"ჩვენთან მარტო უშიშროება და შსს კი არ იყო გაერთიანებული, არამედ სასამართლო, პროკურატურაც - ყველა ერთი კაცის ნებას ემსახურებოდა. შსს-სა და უშიშროების საქმიანობას შორის დიდი განსხვავებაა. მიმაჩნია, რომ უშიშროება საერთოდ არ არსებობს და ამის შედეგებს ჩვენ დავინახავთ. საქართველოს ტერიტორია ქცეულია სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების სათარეშო ტერიტორიად. ჩვენ მიმართ ინტერესი დიდია და როგორც კი იკლებს ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობა, მათი რაოდენობაც იზრდება. ვიცი ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურების ხელწერა და აშკარაა, რომ რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მათ უკან სპეცსამსახურები დგანან. გამოვრიცხავ, რომ შემთხვევითი იყოს ვითომ ანტიმუსლიმანური განწყობები საქართველოში. ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაციები. 17 მაისის მოვლენებიც არ იყო შემთხვევითი, ამაშიც სპეცსამსახურების ხელი ურევია. სპეცსამსახურებისთვის მთავარია ამა თუ იმ ოპერაციის პოლიტიკური ეფექტი. ნუ წარმოვიდგენთ, რომ სპეცსამსახურების ინტერესი ჯეიმს ბონდობა და პისტოლეტის სროლაა", - მიიჩნევს უშიშროების ყოფილი მინისტრი.
"საქართველო ისეთ გეოპოლიტიკურ სიბრტყეშია, რომ ის ორი სამყაროს დაპირისპირების ზღვარზეა. უშიშროება ამ ბრძოლის ფლაგმანი უნდა იყოს. პოლიტიკური ხელმძღვანელი განსაზღვრავს ამ ბრძოლის არსს უნდა ვიცოდეთ, სად არის მთავარი საფრთხეები, ვინ არიან მისი განმხორციელებლები და როგორ ვებრძოლოთ მას. როცა ვხედავ, რომ უშიშროების სისტემა მოხვედრილია შსს-ს საფარქვეშ, ეს არ მომწონს, ვინაიდან მისი მართვა ვერ იქნება სწორი და უკანა პლანზე გადაიწევა... "ჯიჰადის ვიდეოს" საქმეზე, შსს დაეყრდნო FBI-ს მონაცემებს და საკმაოდ კვალიფიციური პასუხი გასცა შეკითხვებს. შსს-მ შესაძლოა, გამოძიების შესახებ სრული ინფორმაცია არ გაავრცელოს იმ ეტაპამდე, სანამ ეს არ არის გასახმაურებელი. - ეს FBI-ს რეკომენდაციაც იქნებოდა, დამნაშავეს, რა თქმა უნდა, ექნებოდა კავშირი სპეცსამსახურებთან. არ გამოვრიცხავ, ჰქონოდა კავშირი შსს-ში ან უშიშროებაში ჩანერგილ ადამიანებთანაც კი, რომელთა გამოსწორების შანსი არ არის. ზუსტად ამაშია საშიშროება და პირველ რიგში, ამ ხალხისგან უნდა გაიწმინდოს ეს სისტემები, 99%-იც რომ იყოს სამსახურიდან გასაშვები -ასეთი ხალხი საშიშია", - განმარტავს ვახტანგ ქუთათელაძე.
"სანამ საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია არ მოხდება, ყველაზე რთული პერიოდია საქართველოს ხელისუფლებისთვის. ღმერთმა ნუ ქნას, ამ პერიოდში რამე მოხდეს - საქართველოს პოლიტიკური, და არა მარტო პოლიტიკური, ცხოვრება თავდაყირა დადგება. ამას ივანიშვილი სწორად აფასებს... კარგი იქნებოდა, კონფლიქტის ზონაში ჩასულიყო - ტერორისტული აქტის საფრთხე რომ არსებობს, იმას არ ნიშნავს, კაბინეტში გამოიკეტო - პრეზიდენტიც და პრემიერიც არიან საზოგადო მოღვაწეები და მათთვის ხალხთან ურთიერთობა მთავარია - ამ ხელისუფლების მთავარ ნაკლად ის მიმაჩნია, რომ პიარად ჩათვალეს ის, როგორც სააკაშვილი იქცეოდა და რადიკალურად უარი თქვეს მასზე. არადა, პიარი ხალხთან ურთიერთობაა და როგორ შეიძლება მას თავი გაანებო", - დასძენს რესპონდენტი.
"თუ ვინმეს რამე უნდა მოვკითხოთ, პირველი სააკაშვილია. ბოლო 10 წლის განმავლობაში მივიღეთ ის, რომ საქართველოში გვყავს ერთი მილიარდერი სააკაშვილი (მას ივანიშვილზე მეტი ქონება აქვს), ხუთი მულტიმილიონერი მისი უახლოესი გარემოცვიდან და დაახლოებით 50 მილიონერი. ისინი იმ პროექტების ლეგალიზაციით გამდიდრდნენ, რაც საქართველოში კეთდებოდა. ვფიქრობ, ამ ხალხმა უნდა დააბრუნოს, რაც ქვეყანას მოჰპარა. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კომპეტენტურად გაუძღვება ყველაფერს დღევანდელი ხელისუფლება, რადგან მათ ივანიშვილის ქონებაზე მეტი აქვთ და ამიტომ ყველაფერზე წამსვლელები არიან", - დაასკვნის ვახტანგ ქუთათელაძე.