ელექტროენერგიის ექსპორტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

ელექტროენერგიის ექსპორტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

წელს ელექტროენერგიის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი რეკორდული აღმოჩნდა. ენერგოსისტემა ასეთი მომგებიანი 2009 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში საქართველოდან 103,286 მლნ აშშ დოლარის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, რაც ბოლო 14 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. გასული წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 84,283 მლნ აშშ დოლარის ელექტროენერგია გაყიდა, 2021 წლის იმავე საანგარიშო პერიოდში 14,851 მლნ აშშ დოლარის, 2020 წლის 9 თვეში - 5,781 მლნ აშშ დოლარის, 2019 წელის იანვარ-სექტემბერში - 7,684 მლნ აშშ დოლარის და ა.შ.

წელს იანვარ-სექტემბერში საქართველომ ელექტროენერგია ყველაზე დიდი მოცულობით თურქეთს მიჰყიდა, რომელზეც ექსპორტის თითქმის 77% მოდის.

რეკორდულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განმარტა, რომ ეს ორ გარემოებას, კერძოდ, მენეჯმენტის მოწესრიგებას და უხვნალექიან ზაფხულს უკავშირდება.

„მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდა და წლევანდელი წელი დაიხურება რეკორდული მაჩვენებლით, რაც ორი მთავარი გარემოებითაა განპირობებული - ერთი, ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები, მენეჯმენტი დალაგდა სწორად და მეორე მხრივ - ჩვენ გვქონდა საკმაოდ უხვნალექიანი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი, აქედან გამომდინარე, ჩვენმა ჰიდროელექტროსადგურებმა შეძლეს უფრო მეტი ენერგიის გამომუშავება და შესაბამისად, ეს ჭარბი ენერგია, უკლებლივ გავიდა ექსპორტზე.

ამან ქვეყანას საშუალება მისცა, რომ დამატებით უცხოური ვალუტა მოეზიდა, რაც თვითონ ენერგეტიკული ობიექტებისთვის დამატებით შემოსავალია და ლარის კურსის სტაბილურობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა ნარმანიამ.

გარდა ამისა, არის სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც სემეკის ხელმძღვანლს არ უხსენებია. საქმე ისაა, რომ წელს პირდაპირი მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა. ესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში მსხვილმა საწარმოებმა ჯამში 2 144.1 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარეს. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს 26%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

მაგალითად, ესკოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ შემცირებულია ფეროშენადნობების ქარხნების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია, რაც გლობალურ ბაზარზე კრიზისს უკავშირდება.

ფეროშენადნობები წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო საქონელი იყო, თუმცა 2023 წლიდან სექტორი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რომლის შედეგადაც უმსხვილესმა ქარხნებმა საწარმოო სიმძლავრეები მინიმუმამდე შეამცირეს.

2023 წლის 9 თვეში საქართველოდან 116 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 291 მლნ დოლარით, ანუ 68%-ით ნაკლებია.

„გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი ამბობს, რომ პირდაპირი მომხმარებლის კუთხით ელექტროენერგიის გამოყენების დაბალი მაჩვენებელი მეტალურგიული და მაინინგ კომპანიების მოხმარების შემცირებას უკავშირდება.

„წარმოების დონის შემცირებამ ამ კომპანიების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება გამოიწვია. რაც შეეხება ექსპორტს, მოხმარების შემცირებასთან ერთად ბაზარზე ელექტროენერგიის სიჭარბე გაჩნდა. ამას ემატება თბოსადგურების გენერაციის ზრდაც. მოხმარება შემცირდა, ხოლო გენერაციის ზრდამ, თავის მხრივ, ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა შექმნა. თბოსადგურს ამდენი რომ არ ემუშავათ, ასე ექსპორტს ვერ გაზრდიდნენ“, - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს მსგავსად, გარდაბნის თბოსადგურებმა სექტემბერშიც იმუშავეს და ჯამში 302 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ელექტროენერგიის ბალანსიდან ჩანს, რომ მიმდინარე წელს იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურები მხოლოდ ორი თვე მაისი-ივნისში იყო გაჩერებული (მინიმალური გამომუშავება ჰქონდათ). ჯამში იანვარ-სექტემბერში თბოსადგურების გამომუშავება 2 მილიარდ კვტ/სთ-ს აჭარბებს, რაც 11%-ით აღემატება 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ლევკოთეა ანუ, საქართველოში შემცირებული და თურქეთში გაზრდილი წარმოების გამო, გამონთავისუფლებული ელექტროენერგია თურქეთს მივყიდეთ და ნარმანია კმაყოფილია.
მაგ ლოგიკით, თუ რაიმე ნედლეულს აქ აღარ გადავამუშავებთ და პირდაპირ საზღვარგარეთ გავყიდით, უნდა გვიხაროდეს, რომ ნედლეულის ექსპორტი გაიზარდაო.
6 თვის უკან