ჭიანურდება თუ არა ბაჩო ახალაიას საქმე ხელოვნურად

ჭიანურდება თუ არა ბაჩო ახალაიას საქმე ხელოვნურად

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესებს აკვირდება, პროკურატურის ქმედებებში საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურების ნიშნებს ხედავს. ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ საქმეში უკვე მესამე პროკურორის შეცვლა და ყოველ ჯერზე საქმის გადადების სხვადასხვა საფუძველი აჩენს ეჭვს, რომ პროკურატურა ამას მიზანმიმართულად აკეთებს. 8 ოქტომბერს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამ საკითხს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. საქმის გაჭიანურებაზე ლაპარაკობს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. 7 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მისი და ვანო მერაბიშვილის საქმის არსებითი განხილვაც დაიწყო.

პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას საქმის პროკურატურის მიერ ხელოვნურად გაჭიანურების შესახებ განცხადებები ჯერ კიდევ 7 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე გაისმა, რასაც 8 ოქტომბერს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამოხმაურებაც მოჰყვა. საიას აზრით, კითხვებს აჩენს სამჯერ შეცვლილი პროკურორი და რამდენჯერმე გადადებული პროცესი. პირველი პროკურორის, რევაზ ნადოის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, თუმცა, საიას განცხადებით, საქმეში ამის დამადასტურებელი ცნობა დღემდე არ დევს. მეორე პროკურორმა, ია დარჯანიამ, მოსამართლის წინაშე საკუთარი აცილების შუამდგომლობა დააყენა, მიზეზად კი მისი და ახალაიას მეუღლის საერთო საახლობლო წრე და ახალაიას ადვოკატებთან მეგობრული ურთიერთობა დაასახელა, რაც, პროკურორის თქმით, მას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს უშლიდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სხდომების გადადებისა და პროკურორების შეცვლის არგუმენტები არ არსებობს.

განცხადებაში კი ვკითხულობთ:

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, თვითაცილება უნდა იყოს დასაბუთებული. პროკურორ რევაზ ნადოის არ დაუსაბუთებია, რომ საქმიდან მისი ჩამოცილების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო. რაც შეეხება ია დარჯანიას, მისთვის წინასწარ ცნობილი იყო საქმეში მასთან მეგობრულად განწყობილი პირების ადვოკატად მონაწილეობის ფაქტი, ამის მიუხედავად, მან თავიდანვე არ აიცილა საქმე. ასევე არადამაჯერებელია პროკურორის მტკიცება ბრალდებულის მეუღლესთან საერთო სანაცნობო წრის მიერ მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიური ზემოქმედების თაობაზე. უცნობია როდიდან დაიწყო სანაცნობო წრემ ია დარჯანიაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ამ საფუძვლით რატომ არ დააყენა თვითაცილების შუამდგომლობა 30 სექტემბერს, როდესაც მან მოუმზადებლობის გამო სხდომის გადადება სთხოვა სასამართლოს.

გარდა ამისა, საქმის გაჭიანურებით წარმოიშობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის რისკიც. კონვენცია იცავს ადამიანის უფლებას, სასამართლომ მისი საქმე განიხილოს გონივრულ ვადაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის დადგენისას სვამს კითხვას, საქმის გაჭიანურება ხომ არ არის გამოწვეული სახელმწიფო ორგანოების ქმედებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელმა თავი უნდა შეიკავოს, ხოლო სასამართლომ არ უნდა დაუშვას პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურება (ბარაონა პორტუგალიის წინააღმდეგ). გონივრული ვადების დაცვასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მოთხოვნა განსაკუთრებით მკაცრია მაშინ, როცა საქმის განხილვის გაჭიანურება იწვევს ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას (სმირნოვა რუსეთის წინააღმდეგ)“.

შეგახსენებთ, რომ პროკურორმა ია დარჯანიამ მოსამართლის წინაშე საკუთარი აცილების შუამდგომლობა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას სასამართლოს დასკვნით პროცესზე დააყენა.

პროკურორის ეს არგუმენტები დამაჯერებელი ვერ აღმოჩნდა თავად ბაჩო ახალაიასთვის, რომლის თქმითაც, საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც ყველა ყველას ნაცნობი და ახლობელია. ბრალდების მხარემ შენიშვნა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძისგანაც დაიმსახურა, თუმცა შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დარჯანია ჩაანაცვლეს სხვა პროკურორით, ლევან ადეიშვილით, რომელმაც საქმის მასალების გასაცნობად დამატებითი დრო ითხოვა, რის გამოც პროცესი 17 ოქტომბერს დაინიშნა. თავად ია დარჯანიამ პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების პასუხად განაცხადა, რომ ეს არ არის სიმართლე, რადგან მას პროცესზევე ახლდა მისი შემცვლელი პროკურორი, რომელსაც საქმე გადააბარა.

17 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსნის - ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის - სასამართლო პროცესი, სადაც საქმის არსებითი განხილვა ასევე 7 ოქტომბერს უკვე დაიწყო.

ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ეტაპზე, როცა ხელისუფლებას პასუხი აქვს გასაცემი არაერთ შეკითხვაზე შერჩევით სამართალთან დაკავშირებით და ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება, დამატებით კიდევ სასამართლო პროცესების ხელოვნურად გაჭიანურება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის უფლებებს ლახავს, არამედ საზიანოა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესისათვის.

ზურაბ ჭიაბერაშვილი რადიო თავისუფლებასთან ჩამოთვლის, თუ რა უჩენს მას და მის თანამოაზრეებს ეჭვს, რომ პროკურატურას ქუთაისის სასამართლოსთან „საქმე გაჩარხული აქვს“. ჭიაბერაშვილის თქმით, ბრალდება, რომელიც მას და ვანო მერაბიშვილს აქვს წაყენებული, შეეხება მთელ საქართველოში მომხდარ დანაშაულებს და არა მხოლოდ იმერეთის რეგიონში, კონკრეტულად კი, ქუთისში მომხდარ დანაშაულს. როცა ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა, ხოლო ჭიაბერაშვილს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა გირაო შეუფარდა, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა, სადაც ეს საქმე ჭიაბერაშვილის თქმით, არაუფლებამოსილმა მოსამართლემ - მალხაზ გურულმა - განიხილა, რომელიც არ იყო საგამოძიებო კოლეგიის წევრი. პირველი ეჭვი სწორედ ამან გააჩინა. ამის გარდა, ქუთაისის სასამართლოში ექვსი შუამდგომლობა შევიდა და ექვსივე განსახილველად დავით ახალბედაშვილს დაეწერა - სწორედ იმ მოსამართლეს, რომელმაც მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს არ არის კანონდარღვეა, ამბობს ჭიაბერაშვილი, მაგრამ ეჭვს აჩენს.

რაც შეეხება მისი და ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესის შესაძლო გაჭიანურებას, ზურაბ ჭიაბერაშვილს ოპტიმისტური მოლოდინი არც ამ მხრივ აქვს, მით უმეტეს, რომ პროკურატურას, მისი თქმით, დასაკითხი მოწმეების 4000 კაციანი სია აქვს:

„როცა 4000 მოწმეზეა საუბარი, თან იმ ადამიანებზე, ვისაც თვალით არ ვუნახივარ არც მე და არც ვანო მერაბიშვილი, - ალბათ, მხოლოდ ტელევიზორში ვეყოლებით ნანახი, - ასეთ შემთხვევაში მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა რაღაც მომენტში გადაწყვეტს - ან გააჭიანურებს ან არა ჩვენს პროცესსაც. რაც შეეხება ახალაიას პროცესს, ის ფაქტი, რომ პროკურორი მესამედ შეიცვალა იმისათვის, რომ განაჩენი არ გამოცხადდეს, ეს დიდი შანსია, რომ ჩვენს შემთხვევაშიც განმეორდეს, გააჩნია, პროკურატურა რას დაუკვეთს სასამართლოს და თავად პროკურატურას რას დაუკვეთს პოლიტიკური ხელმძღვანელობა“.

8 ოქტომბერს საპატიმროში ვანო მერაბიშვილი ლიტვის სეიმის დელეგაციის წევრებმა მოინახულეს. დელეგაციის წევრის მანტას ადომენასის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ ვანო მერაბიშვილი თავად იცავდა კანონის უზენაესობას, მას, როგორც დამნაშავეს, ისე ეპყრობიან“. ლიტვის სეიმის წევრები მიიჩნევენ, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნა დაუშვებელია, რადგან ის მთავარი პოლიტიკური პარტიის ლიდერია და საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მთავარი პროკურატურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. რადიო თავისუფლებას პროკურატურაში უპასუხეს, რომ უწყება სასამართლო პროცესების დასრულებას დაელოდება. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ შეიძლება პროკურატურა ცდილობდეს პროცესების ხელოვნურად გაჭიანურებას, კახა კოჟორიძე იშველიებს შესაძლო ვერსიას, რომ თუ სასამართლო ახალაიას გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, პრეზიდენტს ჯერ კიდევ შეუძლია მისი შეწყალება, ისევე როგორც ეს თენგიზ გუნავას შემთხვევაში მოხდა. ეს რისკი არსებობს, ამბობს კოჟორიძე, თუმცა ეს რისკი ვერანაირ ხელოვნურ ქმედებას ვერ გაამართლებს:
„თუ პრეზიდენტი ასე მოიქცევა, ეს ცუდი იქნება, რადგან პრეზიდენტი კონკრეტულ პირს შეიწყალებს ისე, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ვერ გასაჩივრდება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს შესაძლებლობა ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ პროკურატურა ხელოვნურად აჭიანურებდეს საქმის განხილვას“.