ივანიშვილს მომავალი პრემიერის ვინაობა თავად კანდიდატისთვისაც არ გაუმხელია

ივანიშვილს მომავალი პრემიერის ვინაობა თავად კანდიდატისთვისაც არ გაუმხელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მომავალი პრემიერის კანდიდატურა არავისთან შეუთანხმებია:

-მართლაც ასეა, მე, რა თქმა უნდა, მაქვს რაღაც ვარიანტები. მე არ შემითანხმებია არავისთან, თვითონ მასთანაც კი, ვინც უნდა იყოს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ არ ვიცი, რამეთუ შესათანხმებელია ეს, -აღნიშნა "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა.

-ბატონო ბიძინა, თქვენ თქვით, რომ სამი კანდიდატურა გყავდათ შერჩეული. ვინ იყო ეს სამი პიროვნება?
- არა, არცერთს არ დავასახელებ დღეს. ვასახელებ ერთადერთ კანდიდატს -გიორგი მარგველაშვილს, რომელიც არის აბსოლუტურად გენიალური კანდიდატი და შესაბამისად, გენიალური პრეზიდენტი გეყოლებათ.

- მე მითხრეს, რომ ეს არის დავით უსუფაშვილი...
- ვისარგებლებ ამით და გეტყვით, რომ დავითი არ არის, დავითს აქვს ძალიან კარგი პოსტი. ძალიან კარგად იცის ეს საქმე და ძალიან კარგად არის თავის ადგილზე. ასეთივე კარგი პრეზიდენტი იქნება გიორგი და ვინც იქნება პრემიერი, ისიც იქნება ძალიან კარგი. ყველა თავის ადგილზე იქნება საუკეთესო. მე ამის შესაქმნელად ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და კარგად ვიცი, გიორგი იქნება ძალიან კარგი პრეზიდენტი, უსუფაშვილი არის ძალიან კარგი პარლამენტის თავმჯდომარე, მეორე რომ მკითხოთ, სხვა ვარიანტს ვერ დაგისახელებთ.

-მინისტრთა კაბინეტში ყველაზე კარგი საპრემიერო კანდიდატი ვინ ჩანს? ერთი-ორი რომ დავასახელოთ, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი?
- აღარ მივდივართ შორს. მე ვთქვი, რომ დღეს ჩვენი მთავარი და ამოსავალი წერტილი გახლავთ გიორგი მარგველაშვილი. და საერთოდ, პრეზიდენტი, პრეზიდენტობა არის ძალიან დიდი თანამდებობა და ამაზე მინდა, გადავიტანოთ აქცენტები, -აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა.

ambebi.ge