მოლოდინის მიუხედავად, ნაციონალურმა მოძრაობამ სააკაშვილსა და მერაბიშვილზე უარი ვერ თქვა

მოლოდინის მიუხედავად, ნაციონალურმა მოძრაობამ სააკაშვილსა და მერაბიშვილზე უარი ვერ თქვა

„ჩვენ დავბრუნდებით“ - დაიბარეს ნაციონალებმა პარტიულ ყრილობაზე, რომელიც იმთავითვე „ფარულ მილიონერთა და საქმოსანთა ყრილობად“ შეფასდა. ნაციონალების თავყრილობამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, ზოგმა ეს „ქართული ოცნების“ სისუსტედ აღიქვა, რომელმაც ვერ შეძლო, რომ ამ ადამიანებისთვის კანონისმიერი პასუხისმგებლობა მოეთხოვა. ბევრმა პირად შეურაცხყოფად მიიღო ნაციონალების რეინკარნაციის მცდელობა და მათი მესიჯები, რომ ისინი თურმე მომავლის და- არა წარსულის პარტიას განეკუთვნებიან.   

ნაციონალების ხელისუფლებაში მობრუნების მცდელობის შესახებ For.ge ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ნაციონალები ხელისუფლებაში დაბრუნებაზე აქტიურად ალაპარაკდნენ. თუმცა, საზოგადოების ნაწილში ასეთი განწყობაა, რომ რეალურად, ისინი არც არსად წასულან და რეგიონებში თუ  თვითმმართველობებში ისევ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე რჩებიან, რომ არაფერი ვთქვათ პრეზიდენტის პოსტზე. ამდენად, რომელ დაბრუნებაზეა საუბარი?! თუ მაინც გავიზიარებთ ნაციონალების მიერ საკუთარი მომხრეებისთვის გაგზავნილ მესიჯს, აქვთ კი მათ ხელისუფლებაში დაბრუნების რაიმე შანსი?   

- ნაციონალების ყრილობის შემხედვარე, დაბრუნდებიან თუ არა ისინი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ანალოგიური რამ მათ ადრეც ჰქონდათ. ვგულისხმობ აპრილში პარლამენტის შენობის წინ მათ მიერ მოწყობილ მიტინგს. მაშინაც ახალი ნაციონალური მოძრაობის შესახებ გვაუწყეს, სახელიც შეიცვალეს, მაშინაც რებრენდინგზე იყო საუბარი და ა.შ. თუმცა მათ რეიტინგში ამ „სიახლემ“ ასახვა ვერ ჰპოვა. პრაქტიკულად, კრიტიკულად არ ფასდებოდა არაფერი, მათ შორის, - არც საკუთარი წარსული. შესაბამისად, საზოგადოებამ იფიქრა, ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, იგივე განმეორდება. ანალოგიური სურათია ახლაც.

დემოკრატიაზე აქცენტის მიუხედავად, ნაციონალებთან დარჩა იგივე ხალხი, პრაქტიკულად, არაფერი შეუფასებიათ კრიტიკულად, გარდა იმისა, რომ აღიარეს, დემოკრატიულობა გვაკლდაო. ძირითადზე - სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა რომ არის ხალხში - პასუხი არ იყო. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მათ მიმართ დამოკიდებულებას ვერ შეცვლის ვერც ეს ყრილობა, ისევე, როგორც აპრილის მიტინგმაც ვერ შეცვალა ვერაფერი. რეალურად, განახლების იარლიყი მათი რეიტინგის რეანიმაციის პირობა ვერ იქნება. რაც შეეხება, მოვლენ თუ არა ნაციონალები ხელისუფლებაში, ისინი ყველა უბანზე, ყველა სფეროში, ყოველი მილიმეტრისთვის იბრძვიან, რათა შეინარჩუნონ თავიანთი ხალხი.

თავისთავად, ეს ბრძოლა გვაფიქრებინებს, რომ ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა, ოღონდ არ დასრულებულა და ფიქრობს ხელახალ მობრუნებაზე. თუ გახსოვთ, ადრეც იყო ანალოგიური დაპირებები, საპრეზიდენტო არჩევნებამდეც კი ჰპირდებოდნენ მოსახლეობას, მოვბრუნდებითო. შესაძლოა, ასეთ დროს ზუსტი თარიღი არ ითქმება, მაგრამ ის, რომ მათ მობრუნება უნდათ და ყველა ხელსაყრელ მომენტს ეძებენ, ბევრ რამეში შეიმჩნევა.

რა თქმა უნდა, მათი მობრუნების შესაძლებლობა არის, თუკი ნაციონალური მოძრაობა მოახერხებს და კონტროლს გაუწევს ადგილობრივ რეგიონებში თვითმმართველობის ორგანოებს, რისთვისაც ის სწორედაც იბრძვის, მაშინ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის იგი ჩართავს იმ მექანიზმს, რომლითაც ხმებს აქამდეც მოიპოვებდა. ნათქვამია, „მთავარია, ვინ ითვლის ხმას“, მაგრამ ამ შემთხვევაში, „მთავარია, ვინ ითვლის ხმას რეგიონებში“. ასე დააკონკრეტებს ნაციონალური მოძრაობა და, თუ რეგიონებიდან ხმებს წამოიღებს, დანარჩენი მერე უკვე ტექნიკის საქმეა, რათა მომავალი პარლამენტისთვის ის შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს.

თითოეული მანდატისთვის მას ძალიან მძაფრი ბრძოლა ექნება, მით უფრო, რომ მან ძალიან ენერგიული ბრძოლა იცის. მეორე მხარეს კი არის „ქართული ოცნება“, მისი შემადგენელი პარტიებით, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ბრძოლა ნაკლებად იცის, თუმცა ფაქტია, რომ მოიგო ძალიან მნიშვნელოვანი ომი ერთ წლის წინ. ბრძოლა ნაკლებად იცის-თქო, ამას იმიტომ ვამბობ, რომ აქ წარმოდგენილი ყველა პარტია თავის დროზე მონაწილეობდა არჩევნებში, მაგრამ შთამბეჭდავ შედეგს ვერ იღებდა. შარშან კი გადამწყვეტი როლი იქონია ორმა რამემ - ივანიშვილის პიროვნებამ და ხალხის ლამის გმირულმა შემართებამ. ამჯერად ივანიშვილი მიდის პოლიტიკიდან, შესაბამისად, ასეთი აქტიური ფიგურა როცა მიდის პოლიტიკიდან, მეეჭვება, შედარებით პასიურ ცხოვრებას შეჩვეული პოლიტიკოსები ისეთი აქტიურები და უკომპრომისოები გახდნენ სამომავლოდ, რომ მათ ბრძოლა დაუწყონ ნაციონალებს ყოველი გოჯი მიწისთვის.

ნაციონალები ასეთ პასიურობას გამოიყენებენ, ისევე, როგორც კოაბიტაცია გამოიყენეს; რიგ შემთხვევებში, მათ ჰუმანიზმსაც გამოიყენებენ. ასე რომ, მათი ხელისუფლებაში მობრუნების შანსი არის იმ მექანიზმით, რაც გითხარით, ჯერ ადგილობრივი თვითმმართველობების და შემდეგ - საპარლამენტო არჩევნების მოგებით. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ხალხზე. ერთადერთი, ვინც შეიძლება ჩაშალოს მათი ეს გეგმა, არის საქართველოს მოსახლეობა.

რა ძირითადი შეცდომა უნდა დაუშვას „ქართულმა ოცნებამ“, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ეს გამოყენოს? ფაქტია, ისინი ძალიან კარგად იყენებენ ნებისმიერ უნებლიე შეცდომასაც კი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს სამართლიანობის აღდგენის დაყოვნების მორიგი ეტაპი, რომელიც მომაკვდინებელი თუ  არა, „ქართული ოცნების“ რეიტინგის შერყევის საფუძველი შეიძლება გახდეს შემდგომი არჩევნებისთვის?

- შეცდომების დაშვების შესაძლებლობა დღეს „ოცნებას“ უფრო დიდი აქვს, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას. როგორც ყოველთვის, ხელისუფლებაში ვინც არის, მას ყოველთვის მეტი აქვს შეცდომების შესაძლებლობა, ვიდრე ოპოზიციაში მყოფს. შესაბამისად, არა მარტო კოაბიტაციის ნიშნით სამართალიანობის აღდგენის შესუსტებას გამოიყენებს ნაციონალური მოძრაობა, არამედ ყველა არაორგანიზებულობას, ყველა ქაოტურობას, სხვადასხვა მიმართულებით დაშვებულ ყველა შეცდომას, პასიურობას ცხოვრების აწყობის საქმეში, ყველა უყურადღებობას მოქალაქის მიმართ, ტელეფონის ზარზე სამინისტროების სიჩუმეს - ეს ყველაფერი იქნება ის შეცდომა, რომელსაც გამოიყენებს ნაციონალური მოძრაობა. რამდენადაც ხშირად გაავლებს პარალელს ნაციონალურ მოძრაობასთან მოქალაქე, რამდენადაც ხშირად გაიფიქრებს, რომ ეს სფერო ხომ ნაციონალებს მოწესრიგებული ჰქონდათ და ესენი ვერ ახერხებენ მოწესრიგებას, ასეთი ფიქრი უკვე იქნება ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება. ამ ფიქრის სტიმულირება „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ის შეცდომა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა გამოიყენებს.

როდესაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაწყვიტეს ნაციონალებმა რებრენდინგი და იგი პარტიის თავმჯდომარედ დაასახელეს, ხომ არ არის ეს მათთვის უკან გადადგმული ნაბიჯი და რამდენად გამართლებული სვლა იყო ეს ნაცმოძრაობის მხრიდან?

- რა თქმა უნდა, ბევრი ანალიტიკოსი, მათ შორის მეც, ველოდით, რომ  ნაციონალური მოძრაობა უარს იტყოდა გარკვეულ ადამიანებზე. ასეთი რამ პოლიტიკაში ხშირად მომხდარა. ჩვენი თაობა კომუნისტების არსებობის მოწმეა და კარგად გვახსოვს, რომ ჯერ სტალინზე თქვეს კომუნისტებმა უარი, შემდეგ - ხრუშჩოვზე, ბოლოს გორბაჩოვმა გადაწყვიტა, ადამიანური სახე უნდა მიიღოს სოციალიზმმა ჩვენს ხელშიო და ამით დაადასტურა, რომ მანამდე ეს სახე არ ჰქონდა. ასე რომ, ასეთი რამ პოლიტიკას ახასიათებს. როცა პარტიას სურს, საკუთარი თავი შეინარჩუნოს და, როცა მის იერს აფუჭებს წარსულის ესა თუ ის ფიგურა, მაშინ ასეთ ფიგურებზე უარს ამბობენ. სწორედ ასეთ სირთულეს ქმნის ნაციონალური მოძრაობისთვის სააკაშვილი, მერაბიშვილი და კიდევ რამდენიმე ფიგურა. ამიტომაც ველოდით, რომ მათზე უარს იტყოდნენ, თუმცა შეიძლება, ნაადრევად ველოდით, რადგან ამ ფიგურებს თავიანთი გავლენა ნაციონალური მოძრაობის ბედზე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ აქვთ და ამ ადამიანებზე უარის თქმა მათთვის დამღუპველია. ადრე თუ გვიან, მე მგონი, ამ ლოგიკით ნაციონალური მოძრაობის ბედ-იღბალი მაინც განვითარდება.

თვითონ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამი - იმაზე ადრე დავბრუნდებით, ვიდრე გგონიათ, რისკენ მიუთითებს? ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე? თუკი ისინი მართლაც დაბრუნებას აპირებენ ხელისუფლებაში და მათი ვარაუდი გამართლდა, მაშინ, სავარაუდოდ, რამდენხნიანი ციკლის შემდეგ შეიძლება დაბრუნდნენ? რა პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება გადაავიწყდეს ხალხს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული?

- თქვენ დანაშაულის დავიწყება-არდავიწყებით დაინტერესდით, რაც ძალიან საინტერესო კითხვაა. გარკვეული ხნის მანძილზე დანაშაულის იმიჯი თუ ახსოვს საზოგადოებას და, თუ ხალხმა მითი შეიქმნა სწორედ ამ იმიჯის საფუძველზე, ხოლო მოგვიანებით ეს დაივიწყა, ეს ნიშნავს, რომ ეს სახე დაკარგა და მისი მითიც ან დაიკარგა, ან საერთოდ არ არსებობს. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკაში შემოსვლისთანავე დაიწყო სამართლებრივი თემისკენ ნაბიჯების გადადგმა, ოღონდ პოლიტიკურ ასპარეზზე მისი ბრძოლა ნაციონალურ მოძრაობასთან სამართლებრივი დაპირისპირების იქით, პრაქტიკულად, არ წასულა.

მაგალითად, თავის ოპონენტებს სააკაშვილი ებრძოდა იმით, რომ რუსეთზე აბამდა თითქმის ყველა ოპონენტს და იძახდა, რომ ისინი რუსეთის ხელდასმით მოქმედებდნენ. ჯერ ქმნიდა გაძლიერებულ მითს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი თურმე გამწარებული მუშაობს ქართულ არეალში და ამის შემდეგ ქმნიდა მითს თითოეულ მათგანზე, რომ ისინი თურმე რუსეთისანი არიან. ნაციონალური მოძრაობა ამ მითს ამკვიდრებდა ყოველი გამოსვლით, ტელევიზიებში მომზადებული ფილმებით და ა.შ. ამ მითებმა თავისი ინერცია შეიძინეს, ხშირ შემთხვევში, ისინი საკმაოდ დიდხანს მუშაობდნენ, ზოგიერთი მათგანი კი დღემდე მუშაობს. პოლიტიკურ დონეზე ასეთი მითის შექმნა, ანუ ნაციონალური მოძრაობის უარყოფითი იერის გაკეთება „ქართულმა ოცნებამ“ არ იკადრა და არ გადადგა ეს ნაბიჯი.

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ასეთი მითის უქონლობის პირობებში, საზოგადოებას ძალიან მალე დაავიწყდება ნაციონალური მოძრაობის ცოდვები. ახლა შედარება კორექტული არაა, მაგრამ ჰიტლერის რეჟიმის მითოლოგია მოხდა და ეს მითი დარჩა ხალხის ცნობიერებაში. ახალგაზრდა თაობაში ბევრმა, შესაძლოა, არც კი იცოდეს, რატომ არის ჰიტლერის რეჟიმი მიუღებელი, მაგრამ რომ მიუღებელია, ეს იციან. იმის გამო, რომ არ მოხდა განზოგადება და არ შეიქმნა პოლიტიკური მითი იმის თაობაზე, თუ რატომ აღმოჩნდა მიუღებელი ნაციონალური მოძრაობა ერთი წლის წინ, ამიტომ მეხსიერებაში დაიკარგება ეს მოტივი. შესაბამისად, უარყოფითი მითის უქონლობა მათ ხელს შეუწყობს და ნაციონალური მოძრაობა (თუკი ის მოხერხებულად იმუშავებს) შეძლებს სათავისო მითის შექმნას, რადგან მათ თავისი საწინააღმდეგო მითი არ დახვდებათ ხალხის ცნობიერებაში.

და ეს ვადამდელ არჩევნებზე აისახება?

- თუ ვადამდელ არჩევნებზე მიდგა საქმე, რა თქმა უნდა, აქაც იბრძოლებს ნაციონალური მოძრაობა. მოასწრებს თუ არა თავისთვის სასარგებლო მითის შექმნას, ვნახოთ. ამ ნაბიჯებს ახლა დგამს. ვხედავთ, რომ დემოკრატიაზე აკეთებს აქცენტს, რომ, არიქა, თურმე ბევრი რამ ისწავლეს საკუთარი გამოცდილებიდან. ამ გამოცდილებაზე პედალირება ხდება. ამიტომ არაფერია გამორიცხული. საერთოდ, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ამ საფრთხეს ნაწილობრივ შეიცავს, მაგრამ, ასევე, საფრთხეა, რომ ნაციონალური მოძრაობის რეანიმაცია შეიძლება მოხდეს, ვინაიდან დანარჩენი წევრები იქნებიან სუსტები. ბიძინა ივანიშვილი თუ წავა პოლიტიკიდან და ამ კოალიციას ასეთი შემკვრელი ძალა აღარ ეყოლება, ცალკე მყოფმა პარტიებმა ვეჭვობ, მოასწრონ რეიტინგის აწევა. ეს საფრთხე ყოველთვის უდგას ქართულ პარლამენტს და ძლიერი ალტერნატივის უქონლობის შემთხვევაში, შეიძლება, მივიღოთ ისეთი პარლამენტი, სადაც ენერგიული ნაციონალები წამყვან ძალად შევლენ. ამისკენ მისწრაფება, საამისო ენერგია და ტექნოლოგიები ნაციონალებს უდავოდ გააჩნიათ.

სხვათა შორის, ამ ყრილობაზე ნაციონალები ირწმუნებოდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისას არავისზე რევანშს და შურისძიებას არ აპირებენ. ამ პოლიტიკური გუნდისგან, რომელთაც საზოგადოება არაერთ ცოდვაში ამხელს,  შესაძლებელია სახეცვლილება? ზოგადად, ასეთი ადამიანებისგან მოსალოდნელია, რომ სავლე პავლედ გადაიქცეს?

- თქვენი ნებართვით, ისევ წარსულიდან მოვიყვან მაგალითს. იმავე კომუნისტებს სავლეს პავლედ გადაქცევის მცდელობა ხშირად ჰქონდათ და ახერხებდნენ კიდეც. კერძოდ, სტალინის პერიოდში დისიდენტურად მოაზროვნე ხალხს ხვრეტდნენ, შემდეგ შეცვალეს ეს მეთოდი, აღარ ხვრეტდნენ, სამაგიეროდ, უცხოეთში უშვებდნენ, ანუ იშორებდნენ თავიდან. თუ ამ ტიპის სხვაობებზე ვიტყვით, რომ ეს სავლეს პავლედ გადაქცევაა, მაშინ ეს შესაძლებელია; მაგრამ, თავისთავად, ის ღერძი, რომ საზოგადოებაში აზრთა მრავალფეროვნება დაეშვათ, ამაზე კომუნისტური პარტია ვერ მიდიოდა.

უზარმაზარი ცვლილებები განიცადა ჩინურმა კომუნიზმმა, მაგრამ პრინციპი, რომ ალტერნატიული ძალა არ შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს, არ შეცვლილა. იმის დაშვება, რომ ალტერნატიული ძალა ხელისუფლებამდე უნდა მიუშვა და მერე ეს ძალა შენ გადმოგაგდებს, კომუნისტებს არ შეეძლოთ. არცერთ სხვა ავტორიტარულ პარტიას არ სურს ხელისუფლების დათმობა. ამიტომ მეეჭვება, ნაციონალურმა მოძრაობამაც ეს ავტორიტარული ნიშანი და ხასიათი დათმოს. მაშინ ის ხელისუფლებასაც დაკარგავს. არადა, მათ სწორედ ხელისუფლებისთვის უნდათ თავიანთი თავი; ამისთვის ნებისმიერ ტანსაცმელს მოირგებენ მოსახლეობის თვალის ასახვევად, რეალურად ყოველთვის ერთი რამ სურთ-ხელისუფლების შენარჩუნება. ამაშია მათი ძირითადი თავისებურება. „მიზანი ამართლებს საშუალებას“, - ასეთ პოლიტიკურ პარტიას მიეკუთვნება ნაციონალური მოძრაობა.

ბოლო დროს ღიად აცხადებენ, რომ ამ არჩევნების შედეგი უკვე დაწერილია. პირველ ადგილზე გადის გიორგი მარგველაშვილი და, სხვათა შორის, მის საარჩევნო ბუკლეტზეც წინმსწრებადაა მითითებული, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტია, მეორე ადგილზე - დავით ბაქრაძე, ხოლო მესამეზე - ნინო ბურჯანაძე.  ხომ არ არის ეს იმის გაგრძელება, რასაც თავის დროზე დავით უსუფაშვილი ამბობდა  - “ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ნაციონალური მოძრაობა!“ ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი ხომ არაა, რომ, თუ აქამდე ნაციონალები ასე აქტიურად პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარს ვერ ბედავდნენ, ახლა უკვე გვაჩვევენ ამ აზრს. მართლაც გადაწყვეტილია არჩევნების ბედი? 

- მეეჭვება, რომ არჩევნების ბედი წინასწარ გადაწყვეტილი იყოს, რადგან ვიცნობ იმ ხალხს, რომელიც გიორგი მარგველაშვილის შტაბში ტრიალებს, დავით საგანელიძიდან დაწყებული. თვითონ მარგველაშვილია ამის უპირველესი გარანტი. რაც შეეხება უსუფაშვილის ნათქვამს, მას სხვა ჟღერადობა ჰქონდა და უცხოურ აუდიტორიაზე იყო გათვლილი. სწორედ კოაბიტაციის მომთხოვნ უცხოეთს უპასუხა მაშინ უსუფაშვილმა. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში გაცილებით უფრო რბილია „ქართული ოცნება“ ნაციონალების მიმართ, ვიდრე ნაციონალები იყვნენ „ქართული ოცნების“ მიმართ ამ ერთი წლის წინანდელი არჩევნების დროს, როცა ადამიანებიდან თეფშებამდე ყველაფერს იჭერდნენ. უზარმაზარი სასჯელებიც ვნახეთ და ეს ყველაფერი დავიწყებას ეძლევა.

ერთი მხრივ, ძალიან სასიამოვნოა, რომ არ ხდება ადამიანთა უფლებების დარღვევა, მაგრამ ამ დანაშაულზე არწასვლა არ უნდა გულისხმობდეს, რომ მომხდარს პოლიტიკური შეფასება არ მიეცეს და არ მოხდეს ხალხისთვის მუდმივად შეხსენება, თუ როგორი იყო ნაციონალური მოძრაობა იმ პერიოდში, როცა ის მართავდა ქვეყანას და, რბილად რომ ვთქვათ, რა შეცდომები დაუშვა, ხოლო პირდაპირ რომ ვთქვათ, რა დანაშაულები აქვს ჩადენილი. დღეს „ქართული ოცნება“ ამასაც აღარ გვახსენებს.

და ეს „ქართული ოცნების“ შეცდომაა?

- ჩემი აზრით, ეს მათი კეთილი გულის ბრალია და პასიური სიკეთით გამოწვეული ნაბიჯებია. ჯერ არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები და ეს შეცდომა აღმოჩნდება თუ არა, მაგრამ ეს ისეთი ნაბიჯებია, რომელზე დაყრდნობითაც ნაციონალურ მოძრაობას რეანიმაციის საშუალება აქვს. 

სიმბოლიკასაც შევეხოთ, ნაციონალებმა ამ ყრილობაზე გამოფინეს დროშა, რომელიც თავის დროზე ხუთჯვრიანი დროშის სახელით იყო ცნობილი და ჯვაროსნულ დროშად ითვლებოდა, შემდეგ ნაციონალებმა აქციეს პარტიულ და ეროვნულ დროშად და, სულ ბოლოს, ამ დროშაზე გამოსახული გულები ვიხილეთ. საზოგადოების ნაწილმა ამას ირონიული შეფასებაც მისცა, რომ აჯობებდა, გულების ნაცვლად ნაციონალებს დროშაზე ცოცხები გამოესახათ. რატომ გადაწყვიტეს ნაციონალებმა ამ დროშაზე გულების გამოსახვა მაშინ, როცა მათი მთელი მოღვაწეობა ჩვეულებრივი ადამიანების გულებამდე არ იყო მისული?    

- სააკაშვილის პარტია, ანუ ნაციონალური მოძრაობა, როგორც წესი, პიარზე აკეთებს აქცენტს და ცდილობს, ბევრი რამ პიარზე ააწყოს. შეგახსენებთ მღვიმესა და სახლის სახურავებზე ჩატარებულ მინისტრთა კაბინეტის სხდომებს. ეს სხდომები პიარზე იყო გათვლილი, მაგრამ არ ითვალისწინებდა, ქართული მოსახლეობა რა თვალით შეხედავდა ამ ნაბიჯებს. ის, რაც თვითონ მოსწონთ, იმას აკეთებენ და მოსახლეობას მოსწონს თუ არა, არ უკვირდებიან. ამან ნაციონალებს ხშირად ცუდი სამსახური გაუწია და ისინი ამით ხშირად მოტყუებულან.

გულებთან დაკავშირებითაც ანალოგიური მდგომარეობაა. „მე მიყვარს თბილისი“-ს აღსანიშნად, მანქანებზე გულებს რომ აკრავდა გიგი უგულავა, რა თქმა უნდა, იქ სერიოზული შეფასება ვერ გაკეთდებოდა, მაგრამ ძალაუფლებისთვის მებრძოლი პოლიტიკური პარტია იმავე სიმბოლიკას რომ მიმართავს, რასაც მანქანებზე იყენებენ, ეს ცოტა იაფფასიანი პოლიტიკური გემოვნების მაჩვენებელია. სამწუხაროდ, ასეთი იაფფასიანობა, არქიტექტურიდან დაწყებული, ბევრი დიზაინური გადაწყვეტილებით დამთავრებული, და ასეთი უგემოვნო მიდგომა ნაციონალებს ხშირად ახასიათებთ. ამას წინათ სოსო ცისკარიშვილმა იხუმრა, რა ორგანოებასაც დახატავენ, სულერთიაო.  ამიტომ ძველ დროშაში ახალი ელემენტის შეტანამ, არა მგონია, მათ მისცეს ის შედეგი, რაზეც გათვალეს, რომ ისინი თითქოს ჰუმანიზმსა და სიყვარულზე არიან ორიენტირებულნი.