"როგორც "ალიას" ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, სააკაშვილი ნოემბრის ბოლოს საქართველოს დატოვებას გეგმავს და ამერიკაში გაქცევას აპირებს. "სააკაშვილი ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ ის ხელშეუხებელი დარჩებოდა, თუმცა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მას საფრთხეს უქმნის. არ იცის, ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი, რა პოლიტიკური ნება გაჩნდება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე. ბიძინა ივანიშვილი პირად გარემოცვასთან საუბრობს, რომ სამართლიანობას აუცილებლად აღადგენს. ამას კი 27 ოქტომბრის შემდეგ უნდა ველოდოთ. ამიტომ სააკაშვილმა ქვეყნიდან გაქცევის გეგმა შეიმუშავა", - ამბობს წყარო. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მესამე სამიტი 28-29 ნოემბერს ვილნიუსში გაიმართება. ამ დროს კი ქვეყნის პრეზიდენტი ჯერ ისევ სააკაშვილი იქნება..." - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით სააკაშვილმა გაქცევის გეგმა შეიმუშავა?
"საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდგომ ცესკო ოცი დღის განმავლობაში მოამზადებს და გამოაქვეყნებს შემაჯამებელ ოქმს, სადაც დასახელდება გამარჯვებული კანდიდატი. გამარჯვებული პირი ოქმის გამოქვეყნებიდან მესამე კვირა დღეს საზეიმო ვითარებაში დებს ფიცს, რომლის ტექსტიც პირდაპირ არის ჩაწერილი კონსტიტუციაში. ფიცის დადების მომენტიდან მოქმედ პრეზიდენტს ანუ ბატონ მიხეილ სააკაშვილს უწყდება უფლებამოსილება, ხოლო ახალი პრეზიდენტი მისი ოჯახით შედის პრეზიდენტის სასახლეში. რაც შეეხება ცესკოს ოცდღიან ვადას, ბუნებრივია, მას შეუძლია ოც დღეზე ადრე გამოაქვეყნოს ოქმი, თუმცა ამას პროცედურები უნდა. არჩევნების შემდგომ უნდა გაიმართოს კომისიის სხდომა, ყველა უბნიდან მიიღონ დამტკიცებული შედეგები, რას დროს მოითხოვს, ამიტომაა ოცი დღე საჭირო, თუმცა ზუსტად რამდენ დღეში მოხდება, არ ვიცით", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.
"თუ გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილი გეგმავს, თავად წარდგეს ვილნიუსის სამიტზე, უნდა ველოდოთ, რომ "ნაციონალები" კონკრეტულ უბნებზე შედეგებს გაასაჩივრებენ, რაც თავისთავად დროს წაიღებს, ამით კი მხოლოდ სააკაშვილი დარჩება მოგებული. მოკლედ, უხეში გათვლებით, ცესკომ ერთი კვირაც რომ მოანდომოს არჩევნების შედეგების გამოცხადებას, პლუს ამას სამი კვირა ინაუგურაციამდე, 28 ნოემბერს მაინც სააკაშვილი იქნება პრეზიდენტი და მას მოუწევს ჩასვლა ვილნიუსის სამიტზე. წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სამიტზე წარმოსათქმელ სიტყვას უკვე ამზადებს. სააკაშვილს რომ გაქცევის გეგმა ჰქონდა, ამას მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე "ალიასთან" ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ამბობდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"სააკაშვილმა 27 ოქტომბერს დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, შემდგომ გადაიტანა 30 ოქტომბრისთვის, ამას მოჰყვა დიდი ხმაური და ისევ გადმოიტანა 27 ოქტომბერს - მაშინ უთხრეს სააკაშვილს, რომ ვილნიუსის სამიტზე მაინც ესწრება შენი ჩასვლა, ამიტომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, 30 ოქტომბერი იქნება თუ 27-იო. ერთი თვის წინ ვამბობდი, სააკაშვილი ამუშავებს გაქცევის გეგმას და თუ დაპატიმრების საფრთხე იგრძნო, რამე მიზეზით აუცილებლად გავა ქვეყნიდან-მეთქი. ჩანს, მიუვიდა ხმები, რომ სავსეა პროკურატურა მისი დანაშაულებრივი ქმედებების მტკიცებულებებით, ამიტომ ის აუცილებლად ეცდება ქვეყნიდან გასვლას. მისი ფსიქიკის ადამიანისთვის შეუძლებელია იმის ატანა, რომ მოსალოდნელ საფრთხეს ადგილზე დახვდეს. მომდის ხმები და ისედაც დარწმუნებული ვარ, თუკი სააკაშვილი ვილნიუსში წავა, თბილისში აღარ დაბრუნდება. იქიდან დააკვირდება მოვლენებს და თუ ექნება გარანტიები, რომ არ დააპატიმრებენ, შეიძლება ჩამოვიდეს..." - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
"სააკაშვილის ფსიქიკიდან და მისი განდიდების მანიიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ რომ გამოვიდეს პრეზიდენტის სტატუსით სადმე მაღალი ტრიბუნიდან, არის ძალიან მნიშვნელოვანი. სააკაშვილს ვილნიუსის სამიტი ძალიან სჭირდება და ყველაფერს გააკეთებს, რომ იქ წარდგეს... იცით, რა? სააკაშვილს აქვს წასასვლელი ამერიკაში. თვითონ ამერიკელი პოლიტოლოგები წერენ, არიან სენატორები, რომლებიც ყველა ლიდერს დაუჭერენ მხარს - არ აქვს მნიშვნელობა, რა დარღვევები ექნებათ, ოღონდაც რუსეთთან ბრძოლაში მოკავშირეები იყვნენ ამერიკისო. ამას წერდნენ მაკეინზეც. იმ კონგრესმენებსაც მოჭრილი აქვთ გზა, ვინც წლების განმავლობაში სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ, ახლა რა უნდა თქვან? რომ პირსისხლიანი რეჟიმის დამცველები იყვნენ? ეს მათ სახელს ძალიან დიდი ზიანს მიაყენებს, ამიტომ ურჩევნიათ ეს ხაზი განაგრძონ", - დასძენს მამრაძე და შეკითხვას - "თქვენ ათეული წლებია იცნობთ სააკაშვილს. შეგიძლიათ გვითხრათ რა მდგომარეობაში ჩავარდება, თუკი მას ბრალს წაუყენებენ?" - პასუხობს:
"ახლოს ვიცნობ ამ ადამიანს. ეს არის ფსიქოპათი, იმ ფსიქიკის ადამიანი, რომელიც მაშინვე გატყდება. მას არ გააჩნია მოთმინების უნარი და ნებისყოფა. ამ დროს შეიძლება ისეთი რაღაცები გაიხსენოს და მოყვეს, რომ ტომები არ ეყოფა. იმდენი საქმე დაგროვდა პროკურატურაში, ძნელი წარმოსადგენია, რომ რამე ჯებირი აღუდგეს დოკუმენტურად დასაბუთებულ სააკაშვილის დანაშაულებს. ამიტომაც შეიმუშავა გაქცევის გეგმა, თუ რამე გამოუვიდა..."