"შესაძლოა არჩილ კბილაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის ურთიერთობა კონფრონტაციაში არ არის გადასული, მაგრამ მე ვიცი, რომ მთავარ პროკურორს ძალიან დიდი დისკომფორტი აქვს მისი მოადგილისგან. საიდან მოდის ეს? ნაცვლიშვილმა საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელის, ასევე ქალაქის პროკურორისა და სხვა თანამდებობის პირების დანიშვნით, ერთიანი ქსელი შეკრა, რაც ნიშნავს, რომ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილზე სრული ექსკლუზივი აქვს და ნაცვლიშვილი პირადად იღებს გადაწყვეტილებებს. პროკურატურას აქვს მეორე მიმართულებაც - ეს არის საგამოძიებო ორგანოებზე, მაგალითად შს სამინისტროზე, ფინანსურ პოლიციაზე და ა.შ. ზედამხედველობის ფუნქცია. ეს ფუნქცია დარჩა დარჩა არჩილ კბილაშვილს", - აცხადებს ყოფილი მოსამართლე, კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ინკოგნიტო რესპონდენტი გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "უკვე გადაწყვეტილია, რომ გაიცხრილება "ქართული ოცნება" და მხოლოდ ამის შემდეგ წავა პრემიერ-მინისტრი პოლიტიკიდან!" / "გაგიჟებულია ბიძინა ივანიშვილი იმით, რაც ხდება და რა ინფორმაციებიც მისდის საკუთარ თანაგუნდელებზე".
"პროკურატურის ყველანაირი უნიათობა, მუშაობის უშედეგობა ბრალდება არჩილ კბილაშვილს და ის ადამიანები, ვინც მყარ ქსელს წარმოადგენენ შიდა სისტემურ დონეზე, არსად ჩანან. რეალური შედეგი კი განპირობებულია სწორედ ამ ადამიანების საქმიანობით. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დანიშნეს ახალგაზრდა გოგონა, მირანდა, მას არ აქვს იმის პოტენციალი - არც ადამიანური რესურსი და არც პროფესიული, რომ გაუძღვეს საგამოძიებო სამსახურს. საგამოძიებო, რომლის გადაწყვეტილებებსაც გარეთ ათი ათასობით ადამიანი ელოდება, არის პარალიზებული. ეს არის საკადრო პოლიტიკის ძალიან დიდი კრახი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინკოგნიტო რესპონდენტი და შეკითხვას - "თუკი შიდა დაპირისპირება არსებობს ნაცვლიშვილსა და კბილაშვილს შორის, რა უდგას იმას წინ, რომ მთავარმა პროკურორმა გამოცვალოს მოადგილე?" - პასუხობს:
"ლაშა ნაცვლიშვილი გარკვეული, წინასწარი განსაზღვრული აღჭურვით მივიდა პროკურატურაში და მას გარკვეულ საკითხებზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო. მას ჰქონდა ხელდასმა ზემდგომი პირებიდან, შესაბამისად, ნაცვლიშვილის გათავისუფლება არჩილ კბილაშვილის გადასაწყვეტი არ არის. ის არ არის მისი დანიშნული კადრი, თუმცა ამის იურიდიული უფლება ნამდვილად აქვს. რაც შეეხება თავად ლაშა ნაცვლიშვილის მდგომარეობას, ეს არის დასაფიქრებელი. რატომ უნდა უნდოდეს კაცს სისტემის დისკრედიტაცია? ქალაქის პროკურატურაში მაია მწარიაშვილის დანიშვნაც მეორე დიდი შეცდომა იყო. ქალაქის პროკურატურა დღეს დაკავებულია მიმდინარე წვრილ-წვრილი საქმეებით, მნიშვნელოვან საქმეებზე კი არ იძვრის. მთავარ პროკურატურაში, რა თქმა უნდა, არიან კადრები, ვინც ნამდვილად აკეთებს საქმეს და მონდომებულიც არიან, მაგრამ ერთი ჯგუფი ვერ გააცოცხლებს ამხელა სისტემას, რადგან ძირეული მიმართულებები ჩაძირულია".
"ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის მაგალითი არის პირდაპირ ლაშა ნაცვლიშვილის სტილი. მასთან ნამყოფი პროკურორები, როდესაც მისგან გამოდიან, ყველა იქცევა ერთნაირად - ეს დირექტივის ერთიანობაზე მიუთითებს. იბარებენ ბიზნესმენებს, უამრავი შემთხვევაა ასეთი - სიტყვიერად, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და "რჩევების მიცემით" აიძულებენ, უარი თქვან თავიანთ განცხადებებზე. ბიზნესმენების ვინაობას ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ჩამოგითვლით სფეროებს: ეს იყო სამშენებლო ბიზნესი, მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები და ქონებრივ დავებთან დაკავშირებული პრობლემები. ბიზნესმენებს ეუბნებიან, ცოტა ჭკუით იყავით, თორემ უარესს დაგმართებთ, ვიდრე "ნაციონალებმა" გიქნესო. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ლაშა ნაცვლიშვილისა და მისი ქვემდგომი პირების პირდაპირი პოლიტიკა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ ის პირები, ვინც სხვადასხვა ბიზნესით დაინტერესდნენ, დღეს ვეღარ არიან ისეთ "ხოდზე", როგორზეც იყვნენ, ამ ძალებმა შესუსტება დაიწყეს. შესუსტებმა დაიწყო გია ხუხაშვილის გუნდმა, იმავე ნაცვლიშვილის გუნდმა და არიან კიდევ "ფეისები" უმრავლესობაში, ვინც რაღაცებს აკეთებს არაკანონიერს. მე ეს ინფორმაცია მაქვს ბიზნესმენებისგან, რადგან მჭიდრო კავშირები მაქვს მათთან. ამას გარდა, თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრ ადამიანთან ვმეგობრობ "ქართული ოცნებიდან"... ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციების გამყარების შემდეგ ძალიან სერიოზულმა ინფორმაციამ დაიწყო დინება ივანიშვილის მიმართულებით - დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ ხუხაშვილის მხრიდან ბიზნესების დათრევაზე სერიოზული კომპრომატები მივიდა ივანიშვილთან. ეს შეეხებოდა რამდენიმე სფეროს, ნავთობს, ფულადი გზავნილების ბიზნესსა და ა.შ. ხუხაშვილის პოზიცია იყო, რომ თითქოს რეგულაციების შეტანა უნდოდა "ნაციონალების" მიერ დამკვიდრებულ მანკიერებებში, მაგრამ შემდეგ შეეცვალა გეგმები. ასევე ნაცვლიშვილსა და მის ქვემდგომ პირებზეც არის კომპრომატები", - დასძენს ყოფილი მოსამართლე.
"ვიცი, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი კომპრომატი მიუტანეს და არა მხოლოდ ხუხაშვილ-ნაცვლიშვილზე. მე ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრი ძალიან ბევრ ადამიანზეა გულდაწყვეტილი და იქ დიალოგებიც მიდის. იმავე საპარლამეტო უმრავლესობაზე პრემიერ-მინისტრი ამბობს, ეს გიჟები და ეს ავადმყოფები საიდან შეგროვდნენ და ვინ მოიყვანაო! მინდა გითხრათ, რომ პრემიერი ახლა ეძებს, ვინ ვისი რეკომენდატორი იყო - "ფეისებზეა" აქ საუბარი და არა რიგით წევრებზე, პირდაპირ ამბობს, ამდენი "ბალასტი" როგორ მიეკედლა "ქართულ ოცნებასო". გზადაგზა ყველამ აჩვენა საკუთარი სახე. ცნობილია ისიც, რომ მხოლოდ სისტემებს არ შეეხება გადალაგება საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, პოლიტიკურ დონეზეც იქნება ძალიან სერიოზული გადალაგება", - ამბობს ინკოგნიტო რესპონდენტი.