ბრიტნი სპირსი იხსენებს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკთან რომანის დროს აბორტის გაკეთება მოუწია. ამის შესახებ People-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის თაობაზე მომღერალი თავის მემუარებში „ქალი ჩემში“ წერს.
„ორსულობა მოულოდნელი იყო, თუმცა ჩემთვის ტრაგედია არ ყოფილა. ძალიან მიყვარდა ჯასტინი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერთ დღეს ოჯახი გვექნება. უბრალოდ ეს იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე მეგონა“, - წერს სპირსი.
მომღერლის თქმით, ტიმბერლეიკი მისი ორსულობით უკმაყოფილო იყო და დარწმუნებული იყო, რომ მამა ვერ გახდებოდა, რადგან ბავშვის აღზრდისთვის ძალიან ახალგაზრდა იყო. სპირსი ამბობს, რომ არჩევანი მხოლოდ მისი გასაკეთებელი რომ ყოფილიყო, აბორტს არასოდეს გაიკეთებდა.
„დღემდე ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენაა, რომლის გადატანაც მომიწია“, - იხსენებს სპირსი.
სპირსსა და ტიმბერლეიკს რომანი 1999-2002 წლებში ჰქონდათ. ურთიერთობის დაწყების მომენტში სპირსი 17 წლის იყო, ტიმბერლეიკი კი 18-ის.
ბრიტნი სპირსის მემუარები 24 ოქტომბერს გამოვა.