39 წლის წინ „უშბაზე“ დაღუპული ხორვატი ალპინისტის ნეშტს სამშობლოში გადაასვენებენ

39 წლის წინ „უშბაზე“ დაღუპული ხორვატი ალპინისტის ნეშტს სამშობლოში გადაასვენებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები 1974 წელს, ალპინისტური ექსპედიციის დროს, ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე მწვერვალ „უშბის“ მყინვარზე დაღუპული ხორვატი ალპინისტის, ნენად ჩულიჩის მეუღლეს - ლილიანა კნერს შეხვდნენ. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მას მწვერვალ „უშბის“ მყინვარზე ჩატარებული საძიებო სამუშაოების დეტალები გააცნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა ალპინისტის ნეშტს მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, მწვერვალ „უშბის“ მყინვარზე საძიებო ღონისძიების შედეგად მიაკვლიეს. მოგვიანებით დადგინდა გარდაცვლილის ვინაობა, რომელიც ცნობილი ხორვატი ალპინისტი ნენედ ჩულიჩი აღმოჩნდა. ნეშტი მესტიაში გადაასვენეს.

გარდაცვლილი ალპინისტის მეუღლემ დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ჩატარებული საძიებო ღონისძიებისთვის და ნეშტის სამშობლოში გადასვენების სურვილი გამოთქვა.

ლილიანა კნერს მესტიაში რეგიონის პოლიციის სამმართველოს და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მესტიის განყოფილების წარმომადგენლები შეხვდნენ. პოლიციის სამმართველოში იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ ქალბატონ კნერს მეუღლის პირადი ნივთები და ნეშტი გადასცეს.

დაღუპული ალპინისტის ნეშტს სამშობლოში უახლოეს დღეებში გადაასვენებენ.