ახალი საპარლამენტო ინიციატივა - უკან, საბჭოთა კავშირში თუ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა

ახალი საპარლამენტო ინიციატივა - უკან, საბჭოთა კავშირში თუ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა

საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, ქვეყნის დატოვების უფლება, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეეზღუდოთ. აღნიშნული ცვლილება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში შედის. ირღვევა თუ არა ამ ცვლილებით მოქალაქის უფლება? - ამ შეკითხვით “ქართულმა სიტყვამ” “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელს, ადვოკატ ლია მუხაშავრიას მიმართა.

- ქალბატონო ლია, კომუნისტების დროს საზღვარგარეთ წასვლა თითქმის შეუძლებელი იყო და არავის ეგონა, რომ წლების შემდეგ ამ მხრივ პრობლემები ისევ გაჩნდებოდა. კომუნისტურ ეპოქაში ვბრუნდებით თუ რა ხდება?

- კანონში გარკვეული შეზღუდვები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ თუ დღეს რომელიმე მოქალაქეს უფლებას არ აძლევენ, რომ ქვეყნიდან გავიდეს, ან შემოვიდეს, ეს კანონის გარეშე გაკეთებული ქმედებაა და ამ შეზღუდვის გასაჩივრება მგზავრს არ ექნება. უკეთესია, როცა ყველაფერი კანონითაა დარეგულირებული.

- “სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში” რა იგულისხმება და რატომ ეზღუდება საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა მაშინ, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ათასობით თურქს მოქალაქეობას ანიჭებს?

- ამ შემთხვევაში, კანონი არ ანსხვავებს, მოქალაქე საქართველოს მკვიდრია თუ არა. იმის გამო, რომ სააკაშვილს ამ სფეროში განუსაზღვრელი უფლებამოსილება ჰქონდა, ათიათასობით ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა ისე მიანიჭა, რომ მათთვის არ უკითხავს, სჭირდებოდათ თუ არა. საკითხავია, რაში გამოიყენებს უცხო ჯურის ხალხი საქართველოს მოქალაქეობას, ან რა მიზანს ემსახურებოდა მოქალაქეობის მინიჭება? როგორც ჩანს, ეს ადამიანები საქართველოში შემოდიან არა როგორც კეთილისმსურველები, არამედ, - სხვა მიზნებისთვის.

- რა გაქვთ მხედველობაში?

- ეტყობა, სწორედ ამიტომ შეიქმნა იმის საშიშროება, რომ შეზღუდვები დაეწესებინათ კანონმდებლებს. ალბათ, კანონპროექტს წამძღვარებული ექნება განმარტება, თუ რამ გამოიწვია ცვლილების გატარება, მაგრამ როცა სახელმწიფოს ინტერესები და უსაფრთხოება ის სფეროებია, სადაც საჯაროობა ნაკლებია... უნდა ვიგულისხმოთ, რომ საუბარია სახელმწიფოს მიდგომაზე, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებასა და უშიშროებას გულისხმობს. ვიდრე არ გვექნება კონკრეტული შემთხვევები, რომ ხსენებული კანონი ბოროტი მიზნებისთვის იქნა გამოყენებული, მანამდე მისი კრიტიკა გამართლებული არაა.

- საქართველო-ევროკავშირს შორის გამარტივებულ სავიზო რეჟიმთან ერთად, წინა ხელისუფლების დროს, ძალაში რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებაც შევიდა, რომლის თანახმადაც, მხარეები ვალდებულებას იღებენ, არალეგალური მიგრანტები სამშობლოში დააბრუნონ. ეს კანონი ხომ არ გახდა ახალი კანონპროექტის წინაპირობა?

- რეადმისიის ხელშეკრულება საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელიც გარკვეულ პირობებს ითვალისწინებს. კერძოდ, როცა ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში უკანონოდ იმყოფებიან და სავიზო რეჟიმს, ან დადგენილ წესებს არღვევენ, მაშინ ხდება მათი გადმოცემა საქართველოსთვის. ასევე, საქართველოსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, რომ დაეხმარება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებაში. არ ვფიქრობ, რომ ეს საერთაშორისო ხელშეკრულება და ახალი კანონპროექტი ერთმანეთთან კავშირშია.

- ამ მხრივ ევროპულ ქვეყნებში რა ხდება? რამდენად ჯდება ცივილურ ნორმაში ეს კანონპროექტი მაშინ, როცა ევროპისკენ მივილტვით?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს მოქალაქეებს უფრო ხშირად ეუბნებიან უარს ევროკავშირში ქვეყნების ვიზის მიღებაზე და ეს მაშინ, როცა გამოცხადებულია, რომ ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა ვართ და სავიზო რეჟიმი უნდა გამარტივდეს. მოკლედ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც სერიოზულად უნდა მუშაობდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და, საერთოდ, ეს საკითხი საკმაოდ პრობლემურია რუსეთთან მიმართებაში - რუსები საქართველოში ყოველგვარი სავიზო მოსაკრებლის გარეშე ჩამოდიან, ჩვენ კი, ვერ გადავდივართ მეზობელ ქვეყანაში, რაც დისკრიმინაციული მდგომარეობაა. ასევე, ევროპელები გაცილებით იოლად შემოდიან ჩვენს ტერიტორიაზე, უფრო მეტიც, ამერიკელებს იარაღითაც შეუძლიათ შემოვიდნენ და ეს მაშინ, როცა ჩვენ გვიჭირს ევროკავშირისა და აშშ-ს ვიზის მიღება. ასეთი პოლიტიკა განპირობებულია ჩვენი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკით და ეს ქვეყნის უსაფრთხოებასთან არაა დაკავშირებული.

- ადრე საზღვრის დატოვება მათ ეკრძალებოდათ, ვინც ეჭვმიტანილები იყვნენ. ახლა კი, შეზღუდვა ისეთ ადამიანებსაც შეეხებათ, რომელთაც საბუთები წესრიგში აქვთ...

- თუ გვექნება კონკრეტული შემთხვევები, რომ ადამიანი არც ბრალდებულია, არც - ეჭვმიტანილი და იმის საშუალებას არ მისცემენ, რომ ქვეყნიდან, ან შემოვიდეს, ან გავიდეს, ეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა იქნება, რასაც, ბუნებრივია, ადამიანის უფლებების დარღვევამდე მივყავართ. ამგვარი შემთხვევები შეგვიძლია გავასაჩივროთ საკონსტიტუციო, ან ევროსასამართლოში. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია კანონპროექტზე, რა პოლიტიკიდან გამომდინარეობს და რა მოსაზრებები უდევს საფუძვლად, ჯერ არ ვიცით.

- კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა და თუ ახალი ხელისუფლებაც მოსამართლეებისთვის გამოსაცდელ ვადას დააწესებს, ისიც დიდ შეცდომას დაუშვებსო...

- უკაცრავად, მაგრამ მოსამართლეებს გამოსაცდელ ვადას ევროპის განვითარებულ მართლმსაჯულებისა და სამართლის უზენაესობის მქონე ქვეყნებშიც უწესებენ. მოსამართლეობა ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა და “გამოსაცდელი ვადა” შეცდომა არაა.

- ესე იგი, კუბლაშვილის პრეტენზია თქვენთვის მიუღებელია?

- კუბლაშვილს ის აშფოთებს,  რომ მისმა სასურველმა კანდიდატმა, ვაითუ, გამოსაცდელ ვადას ვერ გაუძლოს. ამ ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება კვალიფიციური და სამართლიანი მოსამართლეები. ამიტომ გამოსაცდელი ვადის დაწესება მათთვის მისასალმებელია. სამწუხაროდ, სასამართლო რეფორმის მცდელობა, რომელიც ახალ ხელისუფლებას ჰქონდა, უნაყოფო და უშედეგო აღმოჩნდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისე ვერ დაკომპლექტდა, რომ მოსამართლეთა კორპუსის შემადგენლობაში სიახლეები იყოს მოსალოდნელი.

- ქალბატონო ლია, მალე შესაძლოა, ენის პოლიცია შეიქმნას, რომელიც არასწორი ქართულისთვის ჟურნალისტებს 1000-დან 5 ათას ლარამდე, თანამდებობის პირებს კი, სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით განცხადების, ან წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმისთვის, 200-დან 500 ლარამდე ჯარიმას დააკისრებს...

- მედიას ისეთი საკანონმდებლო თავისუფლება აქვს, რომ თუ მხოლოდ სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით დაისჯება, ეს მედიის თავისუფლებას არ შელახავს. ისე, უნდა შევთანხმდეთ, რომ საჯარო სივრცეში ქართული ენის გაუკუღმართების პროცესი მიდის. თუ ამ პროცესის გაჯანსაღებას რამე ხელს შეუწყობს, მივესალმები. არ მგონია, მედია შეიზღუდოს, უბრალოდ, იძულებული გახდება, უფრო დახვეწილი ქართულით ილაპარაკოს.

-გამოითქვა აზრი, რომ შეიქმნება ენის ინსპექცია, რომელიც ბიუროკრატიული მანქანასავით იმუშავებს და კორუფციის წყარო გახდება.

- კანონი “მედიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” უხამსობას კრძალავს, მაგრამ რა არის უხამსობა, ეს არც ჟურნალისტებმა იციან დ არც - ენის სპეციალისტებმა, რადგან უხამსობას ისეთი პირებისგან ვისმენთ, რომლებიც ქვეყანაში, წესით, ყველაზე მაღალ ეთიკურ და სამეტყველო სტანდარტებს უნდა ადგენდნენ. სააკაშვილმა, სხვა უამრავ უბედურებასთან ერთად, ისიც დაგვიტოვა, რომ ნებისმიერი ფრაზეოლოგიით საუბარი შეეძლო და თუკი ქვეყნის პირველ პირს ეს შეეძლო, ამის უფლებას თავს, რა თქმა უნდა, სხვებიც აძლევდნენ. ეს უკუღმართობა უნდა გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, არაა სახარბიელო, რომ ეს სანქციებით უნდა მოხდეს, მაგრამ, ამ ცვლილებამ შეიძლება, სიკეთე მოგვიტანოს!