ცნობილი ამერიკელი მომღერლის, ტეილორ სვიფტის პირადი მცველი, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, ისრაელში გაემგზავრა, რათა „ჰამასთან“ ბრძოლას შეუერთდეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კაცი ამერიკაში ჩასვლამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში მსახურობდა.
„არ შემეძლო განზე დგომა, როდესაც ოჯახებს ხოცავდნენ და საკუთარ სახლებში ცოცხლად წვავდნენ“, - ამბობს მცველი, რომლის სიტყვებსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს. მან ყველას მოუწოდა, არ დარჩნენ ისტორიის არასწორ მხარეს.
სვიფტის მცველი პოპულარული გახდა მომღერლის თაყვანისმცემლებში, როდესაც TikTok-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანდა თუ როგორ გაჰყავს მას მომღერალი სცენიდან.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.