დასავლეთი სააკაშვილს ამიერკავკასიის ოპოზიციის ლიდერად ამზადებს?!

დასავლეთი სააკაშვილს ამიერკავკასიის ოპოზიციის ლიდერად ამზადებს?!

“პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ, დასავლეთი სააკაშვილს ამიერკავკასიის ოპოზიციის ლიდერად მოიაზრებს, ობამასთან შეხვედრა კი გარკვეული ინდულგენცია იყო სააკაშვილისთვის; დასავლეთის მოთხოვნით, თავიდან პასუხისმგებლობას აიცილებს”, - მიაჩნია ექსპერტ სოსო ცინცაძეს. მიუხედავდ იმისა, რომ სააკაშვილის გაერო-ში გამოსვლა დასავლური მედიის მთავარ ამბად იქცა, ქართული ოფიციოზი მას კონტექსტიდან ამოვარდნილს უწოდებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის რიტორიკა რეალობას სულ არ ესადაგებოდა... “ქართული სიტყვა” პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა:

- სხვა საქმეა, სააკაშვილი კარგი თუ ცუდი, მაგრამ დაბადებით პოლიტიკოსია და იცის, სად რა და როგორ თქვას. გაერო-ში მისი გამოსვლა ზუსტად იყო გათვლილი და ამ განცხადებების  ადრესატი აზერბაიჯანისა და სომხეთის ოპოზიცია გახლდათ - სააკაშვილი თავს უკვე ოპოზიციაში ხედავს და მათთან ხიდებს დებს. არ გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი ეს ჩვენი დასავლელი მეგობრების რჩევით ხდება, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანში ოპოზიცია სუსტია და არ ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერი. სააკაშვილი კი, თავისი ექსტრავაგანტური აქტიურობით, კონკრეტულ რეალობაში იდეალური ფიგურაა, რომ სათავეში სამი ქვეყნის ოპოზიციას ჩაუდგეს. სააკაშვილი სულელი არ არის და იცის, რომ ბაქო და ერევანი ამის გამოცხადებას აღფრთოვანებულნი არ შეხვდებოდნენ, მით უმეტეს, როცა გააკრიტიკა ორივე ქვეყანა და თქვა, რუსეთს უჯდებით ჯიბეშიო. მან იცის, სად რა სიტუაციაა. სომხეთის ოპოზიცია აღფრთოვანებული არაა საბაჟო კავშირში შესვლით, ჭრაჭუნობს და თავს უხერხულად გრძნობს. სომხეთს აშშ-ში უძლიერესი დიასპორა ჰყავს და სარქისიანს ასეთ ქმედებას ნამდვილად არ მოუწონებენ. სომხებმა, აზერბაიჯანის ფაქტორიდან გამომდინარე, გუმრის ბაზასთან დაკავშირებული ხელშეკრულება გადაყლაპეს, მაგრამ ეკონომიკა და საბაჟო ურთიერთობები სულ სხვა რამეა.

- ერთია სურვილი, გახდე სამი ქვეყნის ოპოზიციის ლიდერი და მეორეა, ეს მოახერხო. სააკაშვილს რა შანსები აქვს?

- პოლიტიკაში შანსი ყველას ყოველთვის აქვს და ეს იმაზეა დამოკიდებული, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდები თუ არა. სწორედ ეს მოხდა 2003 წელს სააკაშვილის შემთხვევაში. გახდე ლიდერი, იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნებში ჩავა და ოპოზიციის მიტინგებს დროშით წარუძღვება. ის იქნება არაფორმალური ლიდერი. როგორც ჩვენთვის, ასევე, სომხეთისთვის ბევრია დამოკიდებული ვილნიუსის სამიტზე - სომხეთს დიდი იმედი აქვს, რომ საბაჟო კავშირში შესვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებად არ იქცევა. ჩვენ და სომხეთი ერთნაირი პერსპექტივით მივდივართ სამიტზე. თუ სომხეთს გაუმართლა, მაშინ ჩვენ გამოვალთ გაბითურებული, რადგან სომხებს რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და ევროკავშირთანაც. თუ სომხეთმა პარაფირება ვერ მიიღო, მაშინ მისი ევროპული ლობი ყალყზე დადგება და ამ დროს სააკაშვილის გამოჩენა დროული იქნება.

- ერთი სიტყვით სააკაშვილის ამიერკავკასიის ოპოზიციის ლიდერობა დასავლეთმა დაგეგმა?

- არ მგონია, რომ სააკაშვილს მკვეთრი ანტირუსული განწყობა და სომხეთსა და აზერბაიჯანის მიმართულებით კენჭების სროლა შეუთანხმებელი ყოფილიყო. სააკაშვილი დასავლეთს არ მოიმდურებს, მით უმეტეს, ახლა, როცა მაინცდამაინც კარგი რეპუტაცია არა აქვს. უნდა გავითვალისწინოთ ობამასთან შეხვედრაც და ისიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მისი მომავალი გეგმებით დაინტერესდა.

- ანუ, ფიქრობთ, რომ სააკაშვილი გადარჩენილია?

- მგონი, - კი. როდესაც ჩვენი ზოგიერთი ორწიგნწაუკითხავი ექსპერტი ამბობს, სააკაშვილი ობამას წინ გადაუხტა და ობამაც ზრდილობის გამო გამოელაპარაკაო, სისულელეა. აშშ-ის პრეზიდენტი ზრდილობის გულისთვის არ ლაპარაკობს. სადაც აშშ-ის პრეზიდენტია, იქ შემთხვევით წრუწუნაც ვერ გაირბენს. ასე არ ხდება. ეს შეხვედრა სააკაშვილისათვის  ერთგვარი ინდულგენცია იყო.

- თუკი სააკაშვილს ამერიკული ინდულგენცია აქვს, აბა, “ოცნება” რატომ ირწმუნება, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სააკაშვილს აუცილებლად დაიჭერენ?

- პასუხისმგებლობა სხვადასხვა ფორმით შეიძლება და ეს მაინცდამაინც ციხეში ჩასმას არ ნიშნავს.

- აბა, სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის დაჭერას გულისხმობდა?

- ეს სხვა საქმეა, თუმცა ხედავთ, რომ დასავლეთში ვერც მერაბიშვილის ციხეში ჩასმა მოუნელებიათ. ნებისმიერი დონის ადამიანი რომ დაიჭირონ, ხმას არავინ ამოიღებს, მაგრამ მერაბიშვილს ტელევიზორი და უნიტაზი რა მარკის უდგას, ამის შესამოწმებლად ბრიუსელიდან ჩამოდიან. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი მიშა დაიჭირეს. მოსთხოვონ თუ არა პასუხი სააკაშვილს, ამას დასავლეთში წყვეტენ. რა, გგონიათ, რომ ეკა ბესელია, ან ზაქარია ქუცნაშვილი გადაწყვეტს სააკაშვილის ბედს?

ივანიშვილი არაპოლიტიკურად გულახდილია - გასული საუკუნეების ამერიკელი პოლიტიკოსების ჩამოსხმაა, რომლებიც იმას ლაპარაკობდნენ, რასაც ფიქრობდნენ. ივანიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხომ ხედავთ, აშშ და ევროპა როგორ გაგიჟდა, რა ვქნა, ყველას ხომ ვერ დავიჭერთო. რატომ შეიცვალა რიტორიკა?  - რა თქმა უნდა, დასავლეთის ზეწოლით. ქართველი კაცი სისხლმოწყურებული არასდროს ყოფილა, მაგრამ ბევრი ისეა გამწარებული, რომ შურისძიებამდეა მისული. იდეალური პოლიტიკა არ არსებობს.

- ბატონო სოსო, მოდით, გაერო-ში გამოსვლას დავუბრუნდეთ. სააკაშვილმა ერთი სიტყვაც არ თქვა საშინაო პოლიტიკასა და კოჰაბიტაციაზე...

- გაეროს ფორმატი საშინაო პოლიტიკას არ ითვალისწინებს და იმ ტრიბუნიდან ისეთი რამ უნდა თქვა, რაც ორასივე ქვეყნის წარმომადგენელს დააინტერესებს. მიშამ არჩია, რომ მისი გამოსვლა სხვა გამოსვლებისგან გამორჩეული ყოფილიყო და ამას მიაღწია კიდეც. მისი გამოსვლა იქცა დღის სიახლედ და ეს რუსებმაც კი აღნიშნეს, რომლებსაც ნაკლები კრეატიულობა აქვთ. გამოვიდა ჩურკინი და განაცხადა, გიჟია და მაგაზე რა უნდა ვთქვათ, მაგაზე ლაპარაკიც არ მინდაო...

- გაერო-ს ასამბლეის პარალელურად, რუსებმა დვანში საზღვარი კიდევ გადმოსწიეს. ბატონო სოსო, სააკაშვილის რადიკალიზმი კრემლთან ურთიერთობას კიდევ ხომ არ გაამწვავებს?

- ამ გამოსვლას საზღვრის გადმოწევასთან ვერ დავაკავშირებ, რადგან საზღვარი ცალკე თემაა.

- ივანიშვილის თქმით, რუსეთის ასეთი გამოხდომები ოლიმპიადას უკავშირდება...

- არ ჩანს, რომ ოლიმპიადას უკავშირდება. მოსკოვს არ აწყობს, საქართველო იქამდე მიიყვანოს, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი თქვას. ბოიკოტი რუსეთს არ აწყობს... საჭიროა კრეატიული და გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება. მესამე სუბიექტის საშუალებით, მოლაპარაკება უმაღლეს დონეზე უნდა დაიწყოს და პუტინი და ივანიშვილი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. სხვა გზას ვერ ვხედავ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსები მავთულხლართებს ბოლომდე გაიყვანენ და გორამდე ჩამოვლენ. მათ მსოფლიოსთვის მიუღებელი, მაგრამ გაუჭრელი კოზირი აქვთ - ამბობენ, რომ “სამხრეთ ოსეთი” დამოუკიდებელი სახელმწიფოაო.

- თქვენი აზრით, ივანიშვილი პუტინთან შესახვედრად მზადაა?

- არა. მზად რომ იყოს, ხომ შეხვდებოდა? კაცმა თქვა, ვნახოთ, რა არის ევრაზიის კავშირიო და ამის გამო ჯვარზე გააკრეს. არადა, არავინ იცის, რა არის ევრაზიის კავშირი. ეს კავშირი იმიტომ არ ვარგა, რომ პუტინის იდეაა, თუმცა სინამდვილეში, ნაზარბაევის იდეაა და მისი კონსტიტუციის მონახაზიც მან დაწერა. იცით, საინტერესო რა არის? - ნაზარბაევი უფრო ეფექტურად იცავს თავისი ქვეყნის ინტერესს, ვიდრე - ჩვენ. ის არ შევა კავშირში, რომელიც საბჭოთა კავშირის ტოლფასი იქნება და რომელიც ყაზახეთის სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესს შებღალავს. ნაზარბაევს რუსეთი მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ პრეზიდენტი 50 წელი იყოს და მერე თავის შვილს გადასცეს. სხვა მხრივ, მას რუსეთი არ სჭირდება.

- ანუ, რუსეთის ფრთის ქვეშ მოქცეული პოსტსაბჭოთა ქვეყნები გაცილებით დამოუკიდებლები არიან, ვიდრე - ჩვენ?

- ასეა - დღეს ყაზახეთი გაცილებით უფრო დამოუკიდებელია საგარეო პოლიტიკაში, ვიდრე - ჩვენ.

- ბატონო სოსო, წეღან შუამავალი ქვეყანა ახსენეთ, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრას დაგეგმავს. მცოცავი ანექსიის შესაჩერებლად ეს საკმარისია?

- უნდა ვნახოთ, რა იქნება ვილნიუსში. პარაფირება და ასოცირება ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ლიხტენშტეინი 1993 წლიდან ევროკავშირის ასოცირებული წევრია, 1992 წლიდან კი, - თურქეთი, მაგრამ დღესაც არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.  

როცა მოსკოვში, “ემ-გე-უ”-ში ვსწავლობდი, შესასვლელში გამოკრული იყო ხრუშჩოვის ცნობილი გამოთქმა: “მომავალი თაობა იცხოვრებს კომუნიზმში!”

- ესე იგი, საქართველოს მომავალი თაობა იცხოვრებს ნატო-ში!

- აგაშენათ ღმერთმა! ფიქრობთ, რომ აშშ-სა და ევროპას  რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტი არ აქვთ? - ძალიან ბევრი ბერკეტი აქვთ, მაგრამ არ იყენებენ, რადგან არის საკითხები, რომლებზეც რუსეთთან თანამშრომლობა სჭირდებათ. საქართველოზე უფრო პრიორიტეტული ტერორიზმთან დაკავშირებით თანამშრომლობა და ავღანეთიდან ჯარების გამოსვლისას ჩრდილოეთის მარშრუტია, რომელიც გაცილებით იაფი ჯდება